სოლომონ ნერგაძე: „კოვიდთან ქართველების მიერ დამარცხებული საქართველო მეცოდებაო, რომ ვთქვა, არ ვიქნები მთლად მართალი – უბრალოდ, მტკივა“

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, მოლეკულური ბიოლოგი, პავიის უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ ნერგაძე საქართველოში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
პროფესორი აცრის მნიშვნელობასა და პანდემიის დასასრულებლად მის აუცილებლობაზე საუბრობს.
„კოვიდთან ქართველების მიერ დამარცხებული საქართველო…
მეცოდებაო, რომ ვთქვა, არ ვიქნები მთლად მართალი – უბრალოდ, მტკივა.
მტკივა ის 60-80 ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ვკლავთ.
ზვიად ტომარაძე კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით…
იმ 60-80 ადამიანს ვიღაც ორფეხმა ცხოველმა – ნიკოლოზ გვარამიას და თინა თოფურიას მიმდევარმა – რომელმაც უარყო პირბადე და უარყო აცრა, მიუტანა და გადასდო ვირუსი…
არა, ვირუსი გაცილებით მეტს გადასდო, მაგრამ სხვებმა გაუძლეს, ხოლო ამათ, ვისაც სხვა თანამდევი დაავადებები ჰქონდათ, ვერ გაუძლეს…
სოსო მანჯავიძეც იცინის, იცინის, კვდება სიცილით…
აგერ ახლა, ბაღდათმა ორი ახალგაზრდა დაასაფლავა – ქრისტეს ტირილი იყო ბაღდათში – ოთხი შვილის მამა და ორი შვილის ანგელოსივით გოგონა.
ვიღაც ორფეხმა ცხოველმა, პირბადე და აცრა რომ უარყო, მიუტანა და გადასდო ვირუსი…
ბექა ვარდოსანიძეც იცინის, იცინის, კვდება სიცილით…
დამარცხდა ქვეყანა ამ ხალხთან…
შედეგი?!
60-80 დაღუპული დღეში.
ევროპაში ვერ შევალთ.
ჰიდროსადგურები არაო, გზა არაო (გონებაჩლუნგები ამბობენ, გზას თუ გავაკეთებთ, ადვილად შემოვლენო რუსული ტანკები), აცრა და პირბადე არაო…
წინ, ძვირფასებო, წინ, გამოქვაბულისკენ, ჭრაქისკენ, ჭრელი და შავტარიანი დანებისკენ და გულზე გადადნობილი ტყვიისკენ“!… – წერს სოლომონ ნერგაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები