15 წლის ეკატერინეს შემაშფოთებელი ისტორია: „2015 წლის აპრილის თვეში ბებო (დედაჩემის დედა) ავად გახდა და მშობლებმა მის საპატრონოდ სოფელში გამიშვეს. ჩვენი სოფელი ულამაზესი მთის ფერდობზეა, მაგრამ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბებოს წნევა აწუხებდა, ხშირად იწვა, მე სახლ-კარს ვპატრონობდი, საჭმელს ვამზადებდი, მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, წიგნები უყვარდა, ამიტომ პატარ-პატარა მოთხრობებსაც ვუკითხავდი. თუ ბებიას ეძინა, ტყეში ვსეირნობდი ან მეზობლებში გადავდიოდი. მართალია, სკოლას ვაცდენდი, მაგრამ ჩემი დამრიგებელი დედაჩემის დაქალი იყო და მასწავლებლებს სთხოვდა, ჟურნალში ჩემი გაცდენები არ აღენიშნათ.
ლაზარე ჩემი მეზობლის ბიჭი იყო, ბავშვობაში არავის ემეგობრებოდა, თავის თავში ჩაკეტილიაო, ხშირად ამბობდნენ. ერთ-ერთ წვიმიან დღეს, ტყეში შემთხვევით ერთმანეთს შევეჩეხეთ. ორივე დავიბენით. მე მივესალმე, მან კი მომიკითხა. ძალაუნებურად საუბარი გავაბით და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა.
ლაზარე ჩემზე ორი წლით უფროსია. მსმენია, რომ ჩვენს ასაკში ჰორმონები საღ გონებას სჯობნის და თინეიჯერები სულელურ საქციელებს ჩავდივართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეც დიდ შეცდომას დავუშვებდი. მე და ლაზარე ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით, შეშას მიჩეხავდა, საქონელს უვლიდა, რითაც შეეძლო მეხმარებოდა. ბებია ნელ-ნელა გამოკეთდა. ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა.
ერთ დღეს ნალიაში ავძვერით, ჩვენს ოცნებებზე და სიყვარულზე ვლაპარაკობდით. ვუთხარი, რომ თბილისში დაბრუნება მიწევდა. მაკოცა და დარჩენა მთხოვა. მართალია სწავლა დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ სკოლა უნდა დამემთავრებინა. ჩვენს სოფელში კი სასწავლო დაწესებულება, რა თქმა უნდა, არ იყო. კოცნაში ავყევი, რადგან არ მეგონა, ძალიან ღრმად თუ შევტოპავდით….
მალე დედაქალაქში დავბრუნდი. ყოველთვის არეული ციკლი მქონდა, ამიტომ თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. გულისრევა და თავბრუსხვევა რომ დამეწყო, შევშინდი და ჩემს უფროს მეგობარ, თიკას ორსულობის ტესტის ყიდვა ვთხოვე. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ძალიან შევშფოთდი, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ტესტი შეცდა. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, როგორ გავუმხელდი, რომ რამდენიმე კვირის გაცნობილ ბიჭთან, 15 წლის ასაკში, ჯვრისწერის გარეშე სექსი მქონდა? ყოველთვის პუტკუნა ვიყავი, ამიტომ როცა წონაში მომატება დავიწყე, ოჯახის წევრებს არაფერი უეჭვიათ. თავიდანვე მუცელს ვიკრავდი, დიდი რომ არ გამზრდოდა. სამი კაცის ულუფას მივირთმევდი.
დეკემბრის პირველ რიცხვებში სკოლაში ვიყავი, როცა მუცლის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და წყალი დავღვარე. მივხდი, რომ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ვერც კი მივხვდი, შვიდნახევარმა თვემ როგორ გაიფრინა. სასწრაფოს გამოუძახეს და ექიმებმა მშობლების მოყვანა მოითხოვეს. დედაჩემს მასწავლებლებისა და კლასელების წინ გამოუცხადეს, რომ ვმშობიარობდი. ჩემს გადაყვანას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მედდის ოთახში ამიყვანეს და ბავშვი იქვე გავაჩინე. დედას ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში გააქციეს. ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, ბავშვი მომკვდარიყო.
მშობიარობამ მშვიდობით ჩაიარა. ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადა. რამდენადაც შვილის ამბავმა გამახარა, იმდენად გამაუბედურა სირცხვილის გრძნობამ. ვიცოდი, რომ მთელი უბანი ჩემზე იჭორავებდა. წარმოდგენაც არ მქონდა, მამაჩემისთვის თვალებში როგორ უნდა ჩამეხედა. მშობიარობამ დამასუსტა. რამდენიმე დღე სამშობიაროში ვიწექი.
სახლში დაბრუნებულს ბებიამ კარი არ გამიღო. დიდხანს ვუბრახუნე, ვტიროდი და შეშვებას ვთხოვდი. ბავშვი ინკუბატორში მყავდა დატოვებული. ორსაათიანი მუდარის შემდეგ მივხვდი, რომ ბებიამ (მამის დედამ) სახლიდან გამაგდო. ვთხოვე, ტანსაცმელი მაინც მოეცა. სადარბაზოდან რომ გავედი, ქუჩაში მოფენილი ჩემი სამოსი დავინახე, ფანჯრიდან გადმოყარა… ტანსაცმელები შევაგროვე და თიკასთან წავედი.
იმ საღამოს მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ბინას მიქირავებდა, სადაც შემეძლო ბავშვის მამასთან ერთად მეცხოვრა. სოფელში მამაჩემის გარეშე წავედი და ლაზარეს ყველაფერი მოვუყევი. მან ბავშვისთვის გვარის მიცემაზეც კი უარი განაცხადა, ჩემს ცოლად მოყვანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მითხრა, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემიაო. ჭკუიდან კინაღამ გადავედი. ხომ იცი, რომ ქალიშვილი ვიყავი, როცა შენთან დავწექი-მეთქი? ვკითხე. ხო? რაღაც არ მახსენდებაო მიპასუხა. თავი ვერ შევკავე და სახეში გავარტყი. დავემუქრე, ოდესმე ჭკუაში ჩავარდები და შვილს თვალით არ განახებ-მეთქი. ლაზარე შვილს არ სცნობს, ალიმენტს არ იხდის, მე მამასთან ერთად ნაქირავებში გადავედი. დედაჩემი თავის დასთან ერთადაა და მკურნალობს. სკოლიდან გამოვედი. 24 საათი სახლში ვზივარ. ვიცი, რომ ცხოვრება დამენგრა… წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო.
წყარო: http://www.reitingi.ge/istoriebi
რადა მახარაძე