სკანდალისტი და მოკრძალებული ზოდიაქოს ნიშნები – ტოპ სამეული

გამოგიტყდებით, სტატიის დაწერისკენ ჩვენს საზოგადოებაში, ე.წ. “სელფ-პიარით” დაკავებული ინდივიდების სიმრავლემ მიბიძგა. მართალია, ოცდამეერთე საუკუნე ინფორმაციული საუკუნეა და რეკლამა-პიარის სფეროც ინფორმაციის თავისებურ წყაროს წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ სეგმენტზე იყიდება. თუმცა, პიარიც არის და პიარიც, ზომიერების დაცვა დამეთანხმებით ყველას მოეთხოვება. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამყარო კანონზომიერია, ამიტომ სხვის უბედურებაზე აგებულ ბედნიერებას ან თუნდაც პოპულარობის მოპოვებას, არასოდეს ექნება მყარი საფუძველი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშენები, რომელთაც საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული, დიდი დოზით ეგოიზმი, სამსახიობო ტალანტი და ყურადღების ცენტრში ყოფნის მუდმივი მოთხოვნილება ახასიათებთ. მაშინ, როცა ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელი ხშირად საკუთარ თავს და კარიერასაც კი ღუპავს თანდაყოლილი სიმორცხვითა და მოკრძალებულობით.

განსაკუთრებით ამბიციურ და სკანდალისტ ნიშნებს შორის მოხვდნენ:

მორიელები 98% – ამ ხალხისთვის ძალაუფლება ამ ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასია. თუმცა, მორიელს მოსწონს ხალხით (დიდი მასებით) მანიპულირება და არა უშუალოდ მათი მართვა. ამიტომ ხშირად აგდებს პუბლიკას შოშკი საკუთარი ექსტრემალური, ხშირად გასაკიცხი და არაეთიკური საქციელითაც კი. მისი აზრით “შავი პიარიც, პიარია – თანაც, გაცილებით უფრო ეფექტური“. მორიელის მიერ დადგმული ნებისმიერი “სახალხო შოუ” წინასწარ გათვლილ სცენარს ემყარება. მორიელი არასოდეს მოქმედებს სპონტანურად და თუ მოქმედებს, მაინც აბსოლუტური თვითრწმენა და ემოციების კონტროლი შეუძლია ამ დროს. ამიტომ მასში ეჭვი არავის შეეპარება.

მერწყულები 87% – საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებს ზოგადად ახასიათებთ არაპროგნოზირებადობა ხასიათში. გარდა ამისა, მერწყული ექსცენტრიკული და თავისუფლების მოყვარე ნიშანია. მას მოსწონს საზოგადოების გაოცება ჩაცმულობით, თამამი შეხედულებებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, არატრადიციული მიდგომებით ზოგადად ცხოვრების მიმართ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეპატაჟის გამო არ აკეთებს ხშირად ამას, უბრალოდ თავმდაბლობის ნიღაბს მიღმა, შესანიშნავად გამოსდის იყოს თვითმყობადი და ორიგინალური.

ლომები 81% – ნებისმიერი ლომი გამოირჩევა უზომო პატივმოყვარეობითა და ამბიციით თუნდაც ნაბიჯნახევარით იყოს სხვებზე წინ. ლომს სახელი ურჩევნია ფულს და მატერიალურ სიკეთეებს. ამიტომ გაცილებით ბედნიერია, თუკი თანამდებობას შესთავაზებენ და არა ხელფასის მატებას, წყნარი სამუშაოს ფონზე. ეპატაჟის სიყვარულს ლომი ხშირად ზედმეტი ოქროს სამკაულის სიყვარულითაც ავლენს. გარდა ამისა, მამაკაც ლომებს მოსწონთ სხვების დასანახად უსაზღვრო და წრეგადასული ხელგაშლილობა, რითაც საზოგადოებას ყოველთვის აძლევს მასზე ჭორაობის საბაბს.

რაც შეეხება თავმდაბალ და მოკრძალებულ ნიშნებს მათში სამი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს:

ქალწული 98% – ამ ადამიანებს შორის ყველაზე მეტ სოციოფობს და ჩაკეტილ პერსონას ვხვდებით. ხშირად ქალწული უზომოდ ნიჭიერი და გონიერებით გამორჩეული ინდივიდია, თუმცა თანდაყოლილი თვითკრიტიკულობის გამო მას იშვიათად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების. თუკი ბავშვობაში ნაკლებად წაახალისეს მშობლებმა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება ე.წ. “ნაცრისფერ თაგუნიად”, რომელიც რომელიმე გიგანტი კორპორაციის მერამდენეღაცა სართულის ოფისში, ერთ პატარა კაბინეტში მიმჯდარი წყნარად და უხმაუროდ მუშაობაში გალევს სიცოცხლეს.

თხის რქა 90% – შინაგანად იქნებ ძალიანაც ამბიციური და თვითკმარი ადამიანი იყოს თხის რქების დიდი ნაწილი, თუმცა ობიექტური ხედვა და პერიოდულად პესიმისტური დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისადმი ხშირად უღობავს ამ ხალხს გზას წარმატებისა და პოპულარობისკენ. თხის რქები მშრომელი და მუყაითი ინდივიდები არიან, თუმცა გარკვეული წახალისება ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ თანდაყოლილი მორიდებულობა დაძლიონ და მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობები ფართო საზოგადოების წინაშეც გამოამზეურონ.

თევზები 87% – ზოდიაქოს ყველზე ხათრიანი, მორიდებული, მოკრძალებული ნიშანია. თუ საქმე ტიპურ წარმომადგენელთან გვაქვს, იგი აუცილებლად არჩევს ჭიქა ჩაის (ან ვისკის) თანხლებით საათობით ისაუბროს მეგობრებთან სამომავლო წარმატებებზე, რომელსაც იგი მითური მეცენატის, სპონსორის ან უბრალოდ კეთილისმყოფელის გამოჩენის შემდეგ მიაღწევს. სიმართლე კი ისაა, რომ ბევრ თევზს საშინლად ეშინია ცხოვრების დინებას აჰყვეს აღმა, ამას ურჩევნია მიენდოს დინებას და დაკმაყოფილდეს იმ ნარჩენებით, რასაც ცხოვრება გამოიმეტებს. არადა რეალურად მათი პოტენციალი შემოქმედებითი, ფილოსოფიური თუ სხვა კუთხით მართლაც რომ შესაშური და დაუფასებელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები