“სიყვარულის გამო, ერთხელ დავკარგე თავი” – რა აკავშირებს უგულავასა და სხვა პოლიტიკოსებთან “ბარბარე მანტკავას”

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”, მანტკავების ნებიერა შთამომავლის – ცოტა არ იყოს, უცნაური ბარბარე მანტკავას როლს 28 წლის მარიშკა ჯავახაძე ასრულებს. მარიშკა პატიმრობიდან გათავისუფლებულ და თანაგუნდელების სანახავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულ გიგი უგულავას სხვებთან ერთად დახვდა და დანიშნულ ადგილამდე მიაცილა… რა აკავშირებს “ნაციონალებთან” და აპირებს თუ პოლიტიკაში კარიერის აწყობას? – ამ და სხვა თემებზე მარიშკა ჟურნალ “გზას” ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– დეპუტატმა სერგი კაპანაძემ შემთხვევითობის წყალობით, ირაკლი საღინაძე გამაცნო. შემდეგ, როგორც მივხვდი (ზუსტად არ ვიცი), მგონი, ირაკლიმ “ფეისბუკზე” ჩემი სურათები ნახა და სერიალის კასტინგისთვის დამირეკეს. მივედი და ბარბარე მანტკავას როლზე დამამტკიცეს.

– პროფესიით ვინ ხართ?
– საჯარო მმართველობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.

 – ბარბარე გგავთ?
– არაფრით. იცით, რას ვაკვირდები? ის იმდენად განსხვავებული გოგონაა, რომ მგონი, ხმის ტემბრიც კი სხვანაირი აქვს, ასევე – მიმიკები, მოძრაობის მანერა… ხასიათზე აღარაფერს ვამბობ.

– სიყვარულის გამო თავი თუ დაგიკარგავთ?
– კი, სიყვარულის გამო მარტო ერთხელ დავკარგე თავი (იღიმის).

– მერე რა მოხდა, ადვილად იპოვეთ საკუთარი თავი?
– ახლა თავი უკვე ნაპოვნი მაქვს. საკუთარი თავი საკმაოდ დიდი ხნის წინ დავკარგე და მერე ვიპოვე… სიყვარულიც ვიპოვე, მაგრამ დამთავრდა და ჩემს თავს დავუბრუნდი.

– თქვენი პროფესიით გიმუშავიათ? სერიალის მიღმა რას საქმიანობთ?
– კი, პროფესიით მიმუშავია: 2012 წლიდან, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” სტაჟიორად ვმუშაობდი, შემდეგ უკვე პრალამენტში – ბატონი დათო ბაქრაძის თანაშემწე ვიყავი. მერე უბრალოდ, დიპლომის აღების პერიოდში, სამსახურს თავი დავანებე. დიპლომი რამდენიმე დღის წინ ავიღე. ახლა ახალი შემოთავაზება მაქვს: პოლიტიკურ კარიერას არ ვაგრძელებ – სავარაუდოდ, ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ კომპანიაში ვიმუშავებ.

ჩემგან სერიოზული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ძალიან სასაცილო იქნება, მაგრამ საერთოდ, ამ პროცესებში ძალიან ჩართული ვარ – ყველა აქციაზე აქტიურად დავდივარ… მოკლედ, აქტიური მოქალაქე ვარ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ…

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები