“სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც” – მაია ბუწაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულებს აფრთხილებს
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსმა სხვადასხვა გართულება შესაძლოა, უსიმპტომო და მსუბუქ შემთხვევებშიც გამოიწვიოს და შედეგად პაციენტი დამძიმდეს:
„ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკის არის და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობისა და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ, სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.
თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება, დაიწყოს გართულება, ამიტომ, სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა – პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, – განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი – კოვიდ-19 საგანგებო“.