სერგი გვარჯალაძე: ”დღეს ძალიან ბევრი სათქმელი და პრობლემაა, რომელსაც მარტო პრეზერვატივის ჩვენება არ შველის”
გადაცემა ”კომუნიკატორი” ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” უკვე რამდენიმე თვეა, გადის. სერგი გვარჯალაძე მერი შიხაშვილსა და ნასტასია არაბულთან ერთად ყოველ სამუშაო დღეს ცდილობს, მოსახლეობას პრობლემების მოგვარების გზები დაანახვოს. სერგის გასულ კვირას ვესაუბრეთ.
– სერგი, თქვენს გადაცემას კვლავ ”კომუნიკატორი” რატომ დაარქვით?
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ იდეოლოგიიდან გამომდინარე, გადაცემა მაინც კომუნიკატორია. მეორეც, ვიფიქრეთ, მაყურებლის გარკვეული ნაწილის მოსაგროვებლად ეს სახელი კარგი იქნებოდა. მაყურებლის რაოდენობა მნიშვნელოვანია, რომ ინტერაქციაში შემოვიდნენ. ჩვენი თვითმიზანი არაა მხოლოდ პრობლემებზე საუბარი. ჩვენი მიზანია, მაყურებლებმა პრობლემები თვითონ მოაგვარონ და შეეცადონ, მათი მოგვარების გზებში გაერკვიონ. ჩვენ ოფიციოზის წარმომადგენლებს, რომლებიც არ რეაგირებენ, უნდა შევახსენოთ, რომ სადღაც პატარა ქუჩაა და ისიც მისახედია.
– გადაცემაზე მომუშავე გუნდი როგორ შეიკრიბა?
– არხზე მე მოვედი, როგორც კონსულტანტი, იმისთვის, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” რეფორმაში დავხმარებოდი. ხუთიდან რვის ნახევრამდე არსებობდა სატელევიზიო სივრცე, რომელიც ასათვისებელი იყო და გვინდოდა, რაღაცები გამოგვეცადა. გადაცემის იდეა სხვადასხვა ფორმით მუშავდებოდა. გადავწყვიტეთ, პატარა ჯგუფი მოგვემზადებინა დიდი რეფორმისთვის, გავსულიყავით ეთერში და გვენახა, როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე მაყურებელი. ძალიან დაბალბიუჯეტიანი გადაცემაა. მარტივი ხერხებით მულტიფუნქციური გადაცემის მომზადებას ვახერხებთ. მუსიკალურ კლიპებსაც აქ ვიღებთ. მეოთხე თვეა, რაც ეთერში გავედით და უკვე იმხელა ცოდნა დაგვიგროვდა, რომ ამ ცოდნის ექსპორტიც შეგვიძლია. ალბათ, ისევ ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” სხვადასხვა რედაქციასთან ვითანამშრომლებთ.
– რამდენიმე წლის წინ დოკუმენტურ ფილმებს იღებდით. ”პლანეტა გლდანმა” ბევრის მოწონება დაიმსახურა.
– ფილმების გადაღება ჩემი გულისტკივილია, უფრო სწორად, ის საქმიანობაა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ. იმ გამოცდილებას, რომელსაც ვაგროვებ ”კომუნიკატორში”, მერე რაღაც სახით დოკუმენტალისტიკაში ვიყენებ. პირველი ფილმი 2005 წელს გადავიღე. სულ ხუთი ფილმი მაქვს გადაღებული. ახლა ამისთვის დრო არ მრჩება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დოკუმენტალისტიკას აუცილებლად დავუბრუნდები. არ მიყვარს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება, რადგან რაღაც მომენტში მბეზრდება და ვიღლები. დოკუმენტალისტიკა ის სფეროა, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ვიმუშავებდი.
– დრო რომ გქონდეთ, რაზე იმუშავებდით?
– დაწყებული მაქვს მუშაობა ფილმზე, რომელიც ინდოეთს ეხება. ფილმის ნაწილი გადაღებული მაქვს. მინდოდა, ქვეყნის ტრანსფორმაცია კადრებში ამესახა. ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ვითარდება. 15 ათასი კილომეტრი გავიარე ინდოეთში და ძალიან ბევრი ამბავი მოვისმინე, რომლებიც მინდა, ფილმში იყოს.
ასევე მინდა გადავიღო ჩემი როკჯგუფის ისტორია. ჩვენ ინგლისში წავედით და დავიშალეთ. ახლა ამ ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში გადავნაწილდით. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ყველა მათგანს ვესტუმრე. ჩვენი ჯგუფის ერთი წევრი, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ეს იქნება არა მუსიკალურ-დოკუმენტური ფილმი რომელიმე როკჯგუფზე, არამედ თაობაზე, რომელიც 90-იანი წლების პერიპეტიებში მოჰყვა და მთელ მსოფლიოში გაიფანტა. მე დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ მერე სწრაფად მიმდინარეობს გადაღებები. ”პლანეტა გლდანი” რეალურად ხუთ დღეში გადავიღეთ, მაგრამ მანამდე გლდანში ლამის გადავბარგდი. მთელ დღეებს იქ ვატარებდი და ბევრი ადამიანი გავიცანი.
– ”მეორე არხზე” რომ გამოჩნდით, გულახდილი და თამამი იმიჯი გქონდათ. ფრაზამ ”მე სერგი გვარჯალაძე ვარ და ეს პრეზერვატივია”, პოპულარული გაგხადათ. ალბათ, წლების წინ ეს ფრაზაც პოპულარობაზე იყო გათვლილი.
– არაფერი არ ყოფილა გათვლილი, ისევე, როგორც დღეს არ მაქვს არაფერი გათვლილი. გულწრფელობა ყოველთვის არაა მომგებიანი და ეთერში ვერასდროს იქნები ბოლომდე გახსნილი. არავინ თქვას, რომ ეთერში ასე იქცევა. არის თემები, რომლებზეც, რასაკვირველია, მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება, მაგრამ ჩემი დანიშნულება ეთერში მათი გამჟღავნება არაა. ჩემი მოსაზრება შეიძლება გამოვხატო თქვენთან ინტერვიუში, მაგრამ როდესაც ეთერში ვარ, შეზღუდულად არ ვგრძნობ თავს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი ფუნქციაა, მაყურებელს რაც შეიძლება დიდი არჩევანი შევთავაზო და მერე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ფრაზას, რომელიც ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ მომენტში ბევრი აბორტი კეთდებოდა, რის შესახებაც გავიდა სიუჟეტი. ჩვენ მაყურებელს ვუთხარით, თუ არ გინდათ, აწვალოთ თქვენი საყვარელი ადამიანი აბორტით, პრეზერვატივი ერთადერთი გამოსავალია, ამით პრობლემაზე მივაქცევინეთ ხალხს ყურადღება და ამის არც მრცხვენია.
– დღეს რას იტყოდით?
– დღეს ძალიან ბევრი სათქმელი და პრობლემაა, რომელსაც მარტო პრეზერვატივის ჩვენება არ შველის. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ჩემი გამოხტომებით მივიქციო ყურადღება, მირჩევნია, კომპეტენტური ადამიანი მოვიყვანო, რომელიც პრობლემებში ერკვევა და გადაწყვეტის გზებს ეძებს.
სამწუხაროდ, დღეს მედიას ნეგატიურზე აქვს აქცენტი გაკეთებული. მე არ მომწონს ასეთი ჟურნალისტიკა. იმის თქმა, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, არ შეიძლება და მედიამ ამ ყველაფერს ხელი არ უნდა შეუწყოს, რადგან ყველაფრის გამოსწორება ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ბევრჯერ უნდა შევახსენოთ ბიუროკრატს პრობლემა და თუ მან არ გააკეთა თავისი საქმე, მერე ერთვება ”პრეზერვატივის პრინციპი”. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომ ადამიანს აუხსნა, ჩვენ გიხდით ფულს, გავიარეთ ყველა ფორმალობა და მინიმუმ, უნდა გვიპასუხო. მას თუ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები არ აქვს, არ ნიშნავს, რომ შევიზიზღებთ. უბრალოდ, მან ეს უნდა აღიაროს.
– ბევრს აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება.
– ჩემი აზრით კი, ეს არაა საინტერესო.
– თქვენ შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ გყავთ გერმანელი მეუღლე.
– ნამდვილად ასეა და შესაბამისად, მყავს ნახევრად გერმანელი შვილები.
– მათზე გვიამბეთ…
– თქვენ ოდესმე წაგიკითხავთ ჩემი ინტერვიუ, სადაც პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობ? ეს არაა მნიშვნელოვანი. 09-ში რომ რეკავთ, ოპერატორის პირად ამბებს ხომ არ კითხულობთ?
– გასული საუკუნის 90-იან წლებში ბევრი ქართველი გოგონას კერპი იყავით. რატომ გადაწყვიტა სერგი გვარჯალაძემ, გერმანელი მეუღლე ჰყოლოდა?
– არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების არიან ჩემთან მყოფი ადამიანები. მნიშვნელოვანი არის, რომ ცოცხლები ვართ, ჯანმრთელები და ამ ქვეყანას ვემსახურებით.
– თქვენი ოჯახური ფოტო არც სოციალურ ქსელში გაქვთ ატვირთული, არც არასდროს ლაპარაკობთ მათზე და ზოგს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ისინი საერთოდაც არ არსებობენ.
– შეიძლება, მართლა არ არსებობენ (იცინის). მესმის, რომ ვარ საჯარო პირი და ამ საკითხთან დაკავშირებით ამიტომაც მისვამენ კითხვებს, მაგრამ მე ჩემი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და მათზე არ ვლაპარაკობ. არ ვიცი რისი, ღმერთის თუ ბუდას წყალობით, მაგრამ ყველანი ჯანმრთელები ვართ, კარგად ვართ და მთავარი ესაა.
წყარო:რეიტინგი