ჩრდილოეთ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში მცხოვრებ იან ბრუქსს 2001 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, მას ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და პროცესი შეაჩერეს. მაგრამ 2008 წელს სიმსივნემ ორგანიზმში კვლავ იჩინა თავი, ამჯერად აგრესიული ფორმით – კიბო მთელ ორგანიზმს მოედო.
იანს ექიმებმა ერთი კვირის სიცოცხლე მისცეს. კაცს ორგანიზმში 70 მეტასტაზი ჰქონდა და მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა.
“იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი, რადიკალური რამ მჭირდებოდა” – იხსენებს 47 წლის ბრუქსი და მამაკაცმა, როგორც მოხალისემ, მონაწილეობა მიიღო ახალი სამედიცინო პრეპარატის გამოცდაში.
მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები უკვე 24 საათში გამოჩნდა და ევროპის უმსხვილესი ონკოლოგიური ცენტრის, Christie-ს ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ რენტგენის სურათებზე შედეგები იხილეს.
ბატონი ბრუქსი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის პირველი პაციენტი გახდა, ვისაც კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატით უმკურნალეს.
პირველ სურათზე ნათლად ჩანს, თუ როგორ მოედო “ნონ-ჰოჯკინის” ლიმფომა მთელ სხეულს; ხოლო მეორე სურათზე, რომელიც მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგაა გადაღებული, ლიმფომის ნიშნები არ არსებობს (მუქი ლაქები, რომლებიც სურათზეა აღბეჭდილი, მხოლოდ თირკმელების და საშარდე ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მიანიშნებს) და ეს ყველაფერი ახალი ამერიკული პრეპარატის, Brentuximab Vedotin-ის დამსახურებაა.
პრეპარატმა კლინიკური გამოცდა მანჩესტერის The Christie Hospital-ში წარმატებით გაიარა და ის უკვე ხელმისაწვდომია სხვა დაავადებულებისთვის.
“სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ პრეპარატის სამკურნალო გამოყენება, მას ხომ, ყველაფერთან ერთად, მცირე უკუჩვენება აქვს”, – განაცხადა ექიმმა ადამ გიბმა.