სენსაცია! შოთა რუსთაველის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ცნობილია!

ამონარიდი იოსებ (სოსო) გოგატიშვილის ნაშრომიდან
„შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. რატომ? იმიტომ, რომ შოთა თამარზე იყო 5-6 წლით უფროსი, შოთა და თამარი იზრდებოდნენ ერთად. ვინ იყო ამ დროს შოთა? „ჭიაბერი” გაზრდილი გიორგი III-სა.  ახლა შევქმნათ გიორგი III-ის ფსიქოლოგიური პორტრეტი და დავწმუნდებით, რომ „ჭიაბერი” იზრდებოდა მეფის კარზე 1162 წლიდან (მეფემ  ბრძანა, შვილად გავზრდი), როდესაც ის იყო 2-3 წლის”.
არც ფილოლოგია, არც ისტორიკოსი, არც ფსიქოლოგი, არც ასტროლოგი,  არც ეზოთერიკოსი და არც ჟურნალისტი. უბრალოდ,  ჰობი აქვს  – 30 წელია „ვეფხისტყაოსანსა” და  შოთა რუსთაველის ბიოგრაფიულ დეტალებს სწავლობს. პროფესიით მშენებელ-ინჟინერს დიდი მეცნიერების მოსაზრებებისგან განსხვავებული, საკუთარი გათვლები და მიგნებებიც აქვს –  ამბობს, რომ რუსთაველის დაბადება-გარდაცვალების თარიღი  გამოთვალა… ახლა ცდილობს, ეს მოსაზრებები საზოგადოებასაც გაუზიაროს.
„დაახლოებით,  სამი ათეული წელია ამ თემით ვარ დაკავებული საკმაოდ ინტენსიურად. ვიცნობ ჩვენი დიდი მეცნიერების შეხედულებებს და მოსაზრებებს. რუსთაველის ბიოგრაფია კი სულ თვალწინ მიდევს და ნებისმიერი მოსაზრების გაცნობის დროს გლობალურად ვხედავ შოთა რუსთაველს დაბადებიდან (14.08.1160 წ.) გარდაცვალებამდე (1249 წ.) ამ თემაზე შეხვედრებიც მქონდა  ელგუჯა ხინთიბიძესთან, როინ მეტრეველთან, მარიკა ლორთქიფანიძესთან, ივანე ამირხანაშვილთან, მეცნიერებათა აკადემიაში-პარმენ მარგველაშვილთან და სხვა. შეხვედრების დროს საუბრების აზრი, ზოგადად, ის არის, რომ ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს და  ფართო საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდეს. მეც ეს მსურს. მინდა, სხვადასხვა მოსაზრებისა და განათლების მქონე ადამიანების აზრი გავიგო. მსჯელობისას  ბევრი რამ  გაირკვევა და ჩემი მოსაზრებებიც, ანუ განსხვავებული აზრი დაზუსტდება”, – ამბობს იოსებ გოგატიშვილი.
ბატონმა იოსებმა საკუთარი ნაშრომის შემოკლებული ვერსია sazogadoeba.ge-ს გაუზიარა,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
რუსთველის ნაკვალევზე 

(ბიოგრაფიული მონაცემები, განსხვავებული აზრი) 

შოთა რუსთველი  1160 წლის 14 აგვისტოს დაიბადა, ბავშვობა  სამეფო სასახლეში გაატარა. ის  იყო მეფე გიორგი III-ს გაზრდილი, მოყმე და ალამდარი ჭაბუკობისას, როგორც მეფის მემკვიდრე – უფლისწული ე.ი. მომავალი მეფე. შოთა რუსთველი მეფის სასახლეში იზრდებოდა,  როგორც ისტორიულად ცნობილია,  „ჭიაბერის” სახელით. სწავლა-განათლება კი,  როგორც უფლისწულმა, გელათისა და იყალთოს  აკადემიებში მიიღო.
შოთა რუსთაველი, როგორც თანამედროვე თამარ მეფისა, ბავშვობაში მასთან ახლოს იზრდებოდა.  ამას იმიტომ ვწერ, რომ შოთას ასაკის დადგენის მიზნით, აუცილებელია, ვიცოდეთ შემდეგი: თამარ მეფე 5-6 წლით უმცროსი იყო შოთა რუსთაველზე (ამის მტკიცება შეიძლება).
შოთა რუსთველი არის ბაგრატიონთა შთამომავალი, მისი მამა იყო გიორგი III-ის დროს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი – ივანე სუმბატის ძე ორბელი.
ბაგრატიონთა დინასტია შორეული წარსულიდან მოდის, რომელიც ცნობილია და ამჟამად ამაზე საუბარი მიზანშეუწონილად  მიმაჩნია, მაგრამ აუცილებელია და საჭიროც არის, მოკლედ მოგითხროთ შოთა რუსთველის გენეალოგიაზე. ამისათვის მოგვიწევს ისტორიული წარსულის გადახედვა და „ვეფხისტყაოსანთან” გარკვეული ფაქტებისა და მოვლენების შედარება და ანალიზი.
საქართველოს გაერთიანება დაიწყო და დიდი ბრძოლები ჩაატარა აშოტ I დიდმა კურაპალატმა. გაერთიანების იდეა კი, ისტორიულად, ეკუთვნის უდიდეს პატრიოტსა და პოლიტიკოსს იოანე მარუშისძეს, რა თქმა უნდა, დავით III კურაპალატთან ერთად.
საისტორიო წყაროებიდან, რომელსაც შეიცავს გიორგი მერჩულეს ძეგლი საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოთა შესახებ, აქ შევჩერდები იმ ცნობებზე, რომლებიც ქართლ-მესხეთის სახელმწიფოს – „ქართველთა სამეფოს” შეეხება  (მომყავს ამონარიდი ამ ისტორიული ნაშრომიდან უცვლელად):
„საისტორიო წყაროების განხილვიდან (აქ მომყავს მხოლოდ დასკვნა) გამოირკვა, რომ იბერიის დამოუკიდებლობის – „ქართველთა სამეფოს” აღდგენის პირველ ცდას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში, როდესაც არჩილ II დროს, ხანმოკლე დროის მანძილზე, აღდგენილ იქნა „მეფობა ქართლისა”.
ხოლო მკვიდრად და საბოლოოდ ქართველთა სამეფოს აღდგენა მომხდარა მე-9 საუკუნის დასაწყისში აშოტ I დიდის დროს, 809/813-826 წლებში. ამას ადასტურებს, როგორც ვნახეთ, გიორგი მერჩულის თხზულება, უძველესი ქართულ საისტორიო ძეგლთა შორის, რომლებიც ასახავენ ამ ეპოქას; ამასვე ეთანხმება, აგრეთვე, როგორც გაირკვა, ამავე ეპოქის სხვა საისტორიო წყაროებიც.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბდა აშოტ I დიდის დროს მე-9 საუკუნის დასაწყისში, უწოდებენ „ტაო-კლარჯეთს”, „ტაო-კლარჯეთის სამთავროს”.
ამ სახელწოდებაში „ტაო-კლარჯეთის სამთავრო” ორნაირი შეცდომაა.
ჯერ ერთი, აშოტ I დიდის დროს შექმნილი სახელმწიფო, როგორც გამოირკვა, ეს იყო არა სამთავრო, არამედ „სამეფო”, ე.ი. დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო.
ხოლო მეორე არანაკლები მძიმე შეცდომა – ეს არის თვით სახელწოდება „ტაო-კლარჯეთი”.
აშოტ I-ის დროს მოხდა აღდგენა იბერიის დამოუკიდებლობისა. ამ დროს დაარსებულ იქნა არა რომელიმე პროვინციული სამფლობელო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო, არამედ აღდგენილი იქმნა, – ძველი მემატიანის გამოთქმა რომ გავიმეოროთ, – „მეფობა ქართლისა”,  აღდგენილ იქნა სახელმწიფო იბერია („ქართლი” ძველი გაგებით), ანუ „ქართველთა სამეფო”. ამიტომ არის, რომ ამ სახელმწიფოს მეთაურნი ოფიციალურად ატარებენ ტიტულს: „ქართველთა მეფე”, „ქართველთა კურაპალატი” (და არა „ტაო-კლარჯეთის მეფე” ან კურაპალატი).
ამრიგად, ამ სახელწოდებაში „ქართველთა სამეფო” ღრმა პოლიტიკური შინაარსია ჩადებული და შენაცვლება ამ ზოგადი სახელწოდებისა „ქართველთა სამეფო” ვიწრო პროვინციული ტერმინით – „ტაო-კლარჯეთი” – საქმის ვითარებას არასწორად წარმოგვიდგენს.
სახელწოდება „ტაო-კლარჯეთი” არაა ამ შემთხვევაში გამართლებული არა მარტო პოლიტიკურად; იგი არაა აგრეთვე გამართლებული ამ ფეოდალური სახელმწიფო ერთეულის ტერიტორიული მოცულობის მიხედვითაც.
„ქართველთა სამეფოს” ფარგლებში მისი აღდგენის პირველ პერიოდში, აშოტ I დიდის დროს, როგორც გამოირკვა, გაერთიანებული იყო ძველი იბერიის მთავარი ნაწილები: მესხეთის ანუ ზემო ქართლის მხარეები (სახელდობრ, პროვინციები: სამცხე, ჯავახეთი, არტაან-კოლა, შავშეთი, აჭარა, ნიგალი, კლარჯეთი, ტაონი, სპერი) და საკუთრივ ქართლის მხარეები (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ლიხის-იმერი ქართლი).
ამიტომაც, თუ ჩვენ გამოვალთ ამ სახელმწიფოებრივი ერთეულის ტერიტორიული მოცულობიდან, მას უნდა ვუწოდოთ ქართლ-მესხეთის (ან მესხეთ-ქართლის) ფეოდალური სახელმწიფო; ხოლო თუ ჩვენ ისტორიული ტერმინოლოგიის ფარგლებში დავრჩებით, მას უნდა ვუწოდოთ იბერიის ანუ ქართლის სამეფო ანუ „ქართველთა სამეფო”.
ის გარემოება, რომ ცენტრი სამეფოსი, პოლიტიკური ვითარების გამო, გადატანილი იყო შიდა ქართლიდან ზემო ქართლში, საქმის ვითარებას, რასაკვირველია, არ ცვლის.
ტერიტორიული მოცულობა ქართველთა სამეფოსი (ქართლ-მესხეთის ფეოდალური სახელმწიფოსი) მე-9-10 საუკუნეთა განმავლობაში, როგორც ცნობილია, არ იყო ერთნაირი; მისი საზღვრები ხან შემოიფარგლებოდა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის) მხარეებით; ხან კი მოიცავდა არა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის)  და საკუთრივ ქართლის ტერიტორიებს, არამედ სანაპირო ქვეყნებსაც. (ასე, გარკვეულ პერიოდებში ქართლის სამეფოს ფარგლებში შედიოდა ნაწილი ალბანეთისა – განჯა-ყარაბაღის მხარეები, და ე.წ. „აღმოსავლეთის ქვეყნები”, ვიდრე ვანის ტბამდე სამხრეთით და ხალტოიარიჭის თემამდე არზოუმის დასავლეთით).
იმ პერიოდებში, როდესაც ქართველთა სამეფოში ქართლ-მესხეთის ქვეყნებიდან შედიოდა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის) ქვეყნები, მას ზოგჯერ მიემართებოდა სახელწოდება „ტაო”, აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ „ტაო” ეწოდებოდა მას არა იმის გამო, რომ ამ მხარეთა ადმინისტრაციული ცენტრი იყო ტაოში. წყაროების ჩვენებათა მიხედვით სრულიად ზუსტად ირკვევა, რომ „ტაო” ამ გაგებით, ე.ი. როგორც ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული, შეიცავდა არა მარტო ტაოს, და არა მარტო ტაო-კლარჯეთს, არამედ მესხეთის (ზემო ქართლის) ყველა მხარეს (ე.ი. ზემოთ ჩამოთვლილს შემდეგს 9 პროვინციას: სამცხე, ჯავახეთი, არტაან-კოლა, შავშეთი, აჭარა, ნიგალი, კლარჯეთი, ტაონი და სპერი (იხ. „მატიანე ქართლისა” გვ. 468/242, 461/237).
ხოლო აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ შემდეგს უაღრესად მნიშვნელოვანს პოლიტიკურ ფაქტს.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა სამეფოს საზღვრები დროთა მანძილზე იცვლებოდა, იგი ზოგჯერ განიცდიდა პოლიტიკურ კრიზისებს და ტერიტორიის შემცირებას, ასევე იგი განიცდიდა პოლიტიკურ წარმატებებსა და ტერიტორიის გაფართოებას, მაგრამ ძირითადი პოლიტიკურ-იდეოლოგიური სახელმწიფო კონცეფცია უცვლელი რჩება. სახელდობრ, ყველა ამ პერიოდში, მაგისტრალური ხაზი ქართველთა სამეფოს პოლიტიკური იდეოლოგიისა ის იყო, რომ ეს სახელმწიფო კი არ არის რომელიმე ცალკე კუთხური ერთეული, არამედ იგი არის პოლიტიკური მემკვიდრე ძველი იბერიის ერთი მთლიანი სახელმწიფოსი. ამის გამო ყველა პერიოდში, მე-9-10 საუკუნეთა მანძილზე, ამ სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება ყოველთვის იყო: „ქართველთა სამეფო”, ხოლო მისი მეთაურნი ატარებდნენ ტიტულს: „ქართველთა მეფე”, „ქართველთა კურაპალატი”.
ეს იდეოლოგია, რომ ქართველთა სამეფო არ არის პროვინციული კუთხური სამფლობელო, არამედ არის პოლიტიკური მემკვიდრე ერთი მთლიანი ძველი იბერიის სახელმწიფოსი, მკაცრად არის გამოვლენილი, კერძოდ, გიორგი მერჩულის ძეგლში. (აღსანიშნავია, რომ თვით კახეთისა და ჰერეთის სამთავროებს, რომლებიც დამოუკიდებელი სამფლობელოების სახით არსებობდნენ მე-9-10 საუკუნეებში, გიორგი მერჩულე არ სცნობს ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად და მიაჩნია ისინი ქართველთა სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად. ეს მკაფიოდ ჩანს მისი თხზულების უკანასკნელი, დამაბოლოებელი თავიდან, არ უთმობს მათ შორის ადგილს კახეთისა და ჰერეთის მთავრებს).
უნდა აღინიშნოს ამასთანავე ისიც, რომ ამ იდეოლოგიამ მე-9-10 საუკუნეებში გზა გაიკაფა საქართველოს გარეთაც და საერთაშორისო ცნობა მიიღო. ყველა თანამედროვე უცხოელი ავტორი მე-9-10 საუკუნეთა (როგორც, მაგალითად, ბიზანტიელი ავტორი კონსტანტინე პორფიროგენტი, ასევე სომეხთა ისტორიკოსები), რომლებიც ეხებიან ამ სახელმწიფოს, მოიხსენებენ მას არა მარტო ტაო-კლარჯეთის სახელით, არა რომელიმე სხვა პროვინციული სამფლობელოს სახელით, არამედ უწოდებენ მას იბერიის სახელმწიფოს, ქართველთა სახელმწიფოს. 

ერთიანი ქართული მონარქიის შექმნა 

X საუკუნეში საქართველო დაყოფილი იყო აფხაზთა, ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა, ჰერეთის სამეფოებად, კახეთის სამთავროდ (საქორეპისკოპოსოდ), თბილისის საამიროდ და ქართლის საერისთავოდ. ტაო-კლარჯეთის კიდევ დაყოფილი იყო ტაოდ და კლარჯეთად ცენტრით არტანუჯი (ე.ი. „შვიდი სამეფო”). X საუკუნეში მოღვაწე ქართველ მეფე-მთავრებს შორის ყველაზე ძლიერი, ენერგიული და ჭკვიანი ტაოელ ბაგრატიონთა შტოს შთამომავალი დავით III კურაპალატი იყო. ბაგრატი, დავით III-ს შვილობილი, ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის შვილიშვილი და აფხაზთა მეფის (უსინათლო და უშვილო თეოდოსი) დისშვილი იყო. შესაბამისად, ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე იყო, და ამას რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ივანე (იოანე) მარუშისძე – დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X საუკუნეში, აფხაზთა მეფის ქართლის ერისთავი იყო, მან 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა, ან თვითონ შემოერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავითმა, მართლაც, ქართლის გამგებლად დასვა ბაგრატი.
978 წელს აფხაზთის მეფის ერისთავის ივანე მარუშისძის ინიციატივით ბაგრატი დავით III კურაპალატმა, როგორც აფხაზთა მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან, (დასავლეთ საქართველოს) მეფედ დასვა. ამით მან პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში. არანაკლები მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ბაგრატის პიროვნული თვისებები. ბაგრატმა 980 წელს საბოლოოდ დაამარცხა ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის მეთაურობით და კლდეკარის ერისთავობა ჩამოართვა რატი ბაღვაშს.
1001 წელს გარდაიცვალა დავით III კურაპალატი . . . 

1008 წელს გარდაიცვალა გურგენი.  ბაგრატმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ამიერ ტაო. 

ბაგრატ III-მ ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, 1008-1010 წლებში, შემოიერთა კახეთი და ჰერეთი. ამის შემდეგ ბაგრატ III იწოდებოდა – მეფე აფხაზთა, ქართველთა (ტაო-კლარჯეთი), რანთა (ჰერეთი) და კახთა. 

როდის დაიბადა შოთა რუსთაველი და ვინ იყო  „ჭიაბერი” 

ზემოთ აღნიშნული მცირე ისტორიული ექსკურსი ადეკვატურადაა ასახული პოემა „ვეფხისტყაოსანში”. ამ და სხვა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:  

წმ. თამარ მეფე დაიბადა 1166 წლის 14 მაისს. „დაჯდა მეფედ ნებისაითა ღმრთისაითა დასაბამითგან 6686 წელსა, ქორონიკონსა 403-სა”, ანუ 1178 წელს. ამ წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ დაისვა თამარი, რომელიც 12 წლისა იყო ე.ი. 1178-12=1166 წელს. 403 ქორონიკონი კი 1183 წ. თუმცა 1184 წელია. ეს თარიღი ზუსტადაა დადგენილი, როგორც გიორგი III-ის გარდაცვალების წელი, რის შემდეგაც მეორედ მოხდა თამარის მეფედ კურთხევა. ამ დროს კი თამარი იყო სრულწლოვანი – 18 წლის, რაც იმას ნიშნავს, რომ 1184 – 18=1166 წელია, როდესაც დაიბადა თამარ მეფე, 14 მაისი კი მისი დაბადების დღეა. ე.ი. უტყუარი თარიღია წმ. თამარ მეფის დაბადება – 14 მაისი 1166 წელი. 

შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. „მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”, უყვება ტარიელი ავთანდილს (დედოფალი ბურდუხანი მეფე გიორგი III-ის მეუღლე) ე.ი. 1166 წლის 14 მაისს გამოვაკლოთ 5 წელი და 9 თვე ზუსტად უდრის 1160 წლის 14 აგვისტოს (ერთ-ერთი არგუმენტი). 

შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი”, როგორც აღვნიშნეთ,  ისტორიულ ფაქტებზე და მოვლენებზე შექმნილი ნაწარმოები – პოემაა: როსტევანი და ავთანდილი შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც დავით კურაპალატი და ბაგრატ III. საქართველოს გაერთიანების სწორედ ეს პერიოდია აღებული ნაწარმოებში (ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა). „სპასპეტი”, როგორც დიდი სახელმწიფო სამხედრო I პირი ამ პერიოდშია, როგორც უმაღლესი სამხედრო თანამდებობა). ფარსადანი, ტარიელი და ნესტან-დარეჯანი კი გიორგი III, შოთა რუსთველი და თამარ მეფეა. დავარი კი გიორგი III-ის და – დედოფალი რუსუდანი. 

 „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი”. 

და სხვა მრავალი, მოვლენა, ფაქტი და პიროვნება. 

შოთა რუსთველი კი ისტორიულ სინამდვილეზე დაყრდნობით, თავისი შემომქმედებითი ნიჭითა და უნარით ამდიდრებს და ხელოვნების უმაღლეს დონეზე აჰყავს ყველა მოვლენა. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მე შევეცადე დამედგინა შოთა რუსთაველის ბიოგრაფია. აქვე მინდა შევნიშნო, რომ მე ვიყენებ დღემდე ჩემთვის ცნობილი ყველა მკვლევარის აზრებს და ამას არანაირად ჩემს შემოქმედებად (მოსაზრებად) არ ვთვლი. 

ამ ეტაპზე მე ვაცხადებ, რომ „ჭიაბერი” არის – შოთა რუსთველი, იგივე შოთა ივანეს ძე ორბელი – ბაგრატიონი, წარმოშობით არის მესხეთიდან, დიდი აშოტ I კურაპალატის (კლარჯ ხელმწიფეთა) შთამომავალი. გენეალოგია შეძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: 

დავიწყოთ ისტორიაში ცნობილი მყარი ცნობებიდან: 

აშოტ I დიდი კურაპალატი (-29.01.826), ქართლის ერისმთავარი, ტაო-კლარჯეთის მეფე; ჰყავდა 3 შვილი. 

 – უმცროსი: გუარამ მამფალი (-882) (ე.ი. ამ დინასტიის სამეფო შტოს დასასრული). 

– საშუალო – ბაგრატი I კურაპალატი (-876), ტაო-კლარჯეთის მეფე (826-876); 

დავით I კურაპალატი ტაო-კლარჯეთის მეფე (876-881), 

ადარნესე II კურაპალატი „ქართუელთა მეფე” (-923), ტაო-კლარჯეთის მეფე (888-923); 

სუმბატ ერისთავთ-ერისთავი, კურაპალატი (-958), ტაოს მეფე (954-958); 

ბაგრატ II რეგვენი „ქართუელთა მეფე” (994), ტაოს მეფე 958-994); 

 გურგენ II მაგისტროსი „ქართუელთა მეფე” (-1008), ტაოს მეფე (994-1008); 

ბაგრატ III – ერთიანი საქართველოს მეფე. 

მისი უკანასკნელი შტოს წარმომადგენელის, დემნა უფლისწულის „გარდაცვლების” შემდეგ დარჩა თამარ მეფე. 

აშოტ I დიდი კურაპალატის უფროსი შვილი – ადარნესე ბევრელი (-869); 

სუმბატ ანტიპატრიკოსი – პატრკოსი (-889); 

დავით მამფალი (-943); 

სუმბატ ერისთავთ-ერისთავი (-988); 

ბაგრატი (-988); 

 ბაგრატის შვილები სუმბატი და გურგენი ბაგრატ III-მ დააპატიმრა და გარდაიცვალნენ ციხეში. სუმბატი 1011წ, ხოლო გურგენი 1012 წ; გაქცევა მოასწრეს მათმა შვილებმა კონსტანტინოპოლში სუმბატის შვილმა ბაგრატმა (ბარტა) და გურგენის შვილმა დემეტრემ, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1032-1052 წლებში. 

შემდეგში არსად ჩანს სუმბატის შვილი ბაგრატი, არადა ის არის შოთა რუსთველის უშუალო წინაპარი . . . (გამოსაკვლევია 1012 წლიდან 1100 წლამდე პერიოდი . . .

 1100 წლის შემდეგ ჩნდება ორბელების გვარით ივანე ლიპარიტის ძე ორბელი – მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი, შემდეგი – სუმბატ ივანეს ძე და ივანე სუმბატის ძე 1178 წლამდე. 

შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. რატომ? იმიტომ, რომ შოთა თამარზე იყო 5-6 წლით უფროსი, შოთა და თამარი იზრდებოდნენ ერთად. ვინ იყო ამ დროს შოთა? „ჭიაბერი” გაზრდილი გიორგი III-სა.  ახლა შევქმნათ გიორგი III-ის ფსიქოლოგიური პორტრეტი და დავწმუნდებით, რომ „ჭიაბერი” იზრდებოდა მეფის კარზე 1162 წლიდან (მეფემ  ბრძანა, შვილად გავზრდი), როდესაც ის იყო 2-3 წლის. 

 მაშ ასე, ვინაიდან ისტორიულ საბუთებში გიორგი III-ის დაბადების წელი არ მოიპოვება, ჩვენ ვიცით სხვა ფაქტები, რომლებიც საფუძველს გვაძლევს, რომ გიორგი III დაიბადა არაუგვიანეს 1127 წლისა. დემეტრე I დაიბადა 1093 წელს, მას ჰყავდა 3 ქალიშვილი, რომლებიც სავარაუდოდ დაიბადებოდნენ 1115 წელს: რუსუდანი (გარდაიცვალა 1195 წელს 80 წლის ასაკში) და შემდეგნი 1125 წლამდე, 1125-26 წელს კი დაიბადებოდა დავითი და 1127-1128 წ.წ. დაიბადებოდა გიორგი მესამე (უფრო ადრე რომ დაბადებულიყვნენ, ე.ი. დავით აღმაშენებლის სიცოცხლეში, მაშინ ანდერძი ე.წ. „ცვატას” და . . . შესახებ არ დაიწერებოდა). გიორგი III დაქორწინდა 1155 წელს და მეფედ აკურთხეს 1156 წელს. ისტორიაში ისიც ცნობილია, რომ მას ათეული წლის  განმავლობაში შვილი არ ჰყავდა. ბუნებრივია და გასაკვირიც არ არის, რომ მემკვიდრეზე ეფიქრა და შვილის აყვანაზე ეზრუნა სავარაუდოდ 7-8 წლის შემდეგ მაინც, ე.ი. 1162-63 წლებში, ამ დროს კი „ჭიაბერი” მეფის კარზეა 2-3 წლის ასაკში. 

               „ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,

                ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.

                ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!

                მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”. 

 ამის შემდეგ გადის დრო და 1166 წლის 14 მაისს დაიბადა წმ. თამარ მეფე: 

„მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. 

ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი”. 

სიტუაცია შეიცვალა … რა მივიღეთ? „ჭიაბერი”, მეფის გაზრდილი, დაბადებული 1160 წლის 14 აგვისტოს, თამარი მასზე 5-6 წლით უმცროსია. „ჭიაბერი” არის უდავოდ სამეფო გვარის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ისე სამეფოდ არავინ გაზრდიდა. 

„საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. 

. . .

 

ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა”. 

უფრო დამაჯერებელი რა უნდა იყოს იმისა, რომ შოთა და თამარი ერთად იზრდებოდნენ, უფრო მეტიც: 

„იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა; 

მეფე ქალსა ვით ხედვიდა, მეფობასა ქმნისა წთომსა, 

მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა”; 

როგორც ჩანს ისინი ერთმანეთ დააშორეს, თუმცა ტარიელი მაინც მეფის გვერდითაა: 

„თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; 

დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა”;

  იყო თუ არა „ჭიაბერი” – შოთა რუსთველი და ერთადერთი პიროვნება, რომელსაც უფლება ჰქონოდა, ეთქვა ინდოეთი (საქართველო) ჩემი არისო, რა თქმა უნდა, იყო, რადგან დემნა უფლისწულის დასჯით და გარდაცვალებით დამთავრდა სამეფო დინასტიის ეს შტო. „ჭიაბერი” კი არის კლარჯ ხელმწიფეთა ერთადერთი შთამომავალი, ვინაიდან მისი ბიძაშვილი ვახტანგი ჯერ იბრძოდა საქართვლოს წინააღმდეგ ბიზანტიის მხარეს, ხოლო შემდეგში „დაიღუპა” 1032-52 წლებში (ამის დამადასტურებელი ინფორმაცია იხ. ზემოთ).

(ინფორმაცია განსჯისათვის: შოთა რუსთველი- „ჭიაბერი” და თამარ მეფე – ნესტან-დარეჯანი იზრდებიან მეფის სასახლეში, შოთა 1162-63 წლიდან, თამარი კი 1166 წლიდან, აქვთ უზრუნველი და მხიარული ბავშვობა. შოთა ხდება 13 წლის, ამ დროს თამარი არის 7 წლის. თამარს უგებენ ცალკე კოშკს, ხოლო შოთა ბრუნდება მამასთან, მაგრამ იმყოფება მეფის ამალაში და ახლო ურთიერთობა აქვს მეფე გიორგი III-სთან 1177 წლამდე. ამის შემდეგ ხდება ამბოხი დემნა უფლისწულის სახელით, რომლის ორგანიზატორები არიან ორბელები, მაგრამ არა შოთა). 

„ჭიაბერი” – შოთა. არის ერთი ისტორიული საბუთი „დაწერილი ჭიაბერისა მღვიმისადმი”, რომელსაც ამტკიცებს თამარ მეფე, თვით „ჭიაბერი”- მანდატურთუხუცესი, ქართლის კათალიკოსი თევდორე, შოთაი და ორბელები. რატომ ორბელები? (ესეც საგულისხმო ფაქტია). ეს საბუთი საკმაოდ შესწავლილია და აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ „ჭიაბერი” არის ქონების მეპატრონე, როგორც შოთაი და ისინი არიან ერთი და იმავე ასაკის. ვინაიდან ეს წერილი დაწერილია 1189-91 წელს. მაშინ „ჭიაბერი” 29-31 წლისაა, როგორც შოთა.  ეს კი, ჩემი ვარაუდით, ერთი და იგივე პიროვნებები არიან (უფრო მეტი სიზუსტისათვის საჭირო იქნება ხელნაწერის ექსპერტიზა, თუმცა თუ შევადარებთ ხელრთვებს, რამდენიმე ასო დაწერილი ჭიაბერის ჰგავს შოთაის ხელრთვის ასოებს). 

რატომ არის „ჭიაბერი” ორბელი? ისევ პოემის ისტორიულობიდან გამომდინარე, ამირბარი იყო სარიდანი და ამირბარი იყო ტარიელი, ანალოგიურად ამირბარია ივანე ორბელი და ამირბარია „ჭიაბერი”, რაც ნიშნავს მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. სხვა ისტორიული პირები მამა შვილი ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი იმ ეპოქაში არ ყოფილა. 

ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით და ზემოთ მოყვანილი ისტორიული საბუთების მიხედვით „ჭიაბერი” – შოთა რუსთველი – შოთა ივანეს ძე ორბელი არის კლარჯი ხელმწიფეების შთამომავალი ბაგრატიონი, სამეფო დინასტიის იმ შტოსი, რომელსაც უფლება ჰქონდა, გიორგი III-ისათვის ეთქვა (როგორც ეს ტარიელმა უთხრა ფარსადან მეფეს – ინდოეთი ჩემი არისო), საქართველო ჩემი არისო. ე.ი მას ჰქონდა უფლება, ყველაფრის გათვალისწინებით, ეთქვა, რომ ის იყო ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე მეფობისა, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, როცა დემნა უფლისწული „გარდაცვლილი” იყო.
ახლა მე წარმოგიდგენთ რუსთველოლოგის პავლე ინგოროყვას „რუსთველიანადან” რამდენიმე ფაქტის კრიტიკულ ანალიზს, ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი ფაქტების გასამყარებლად:
1. „ეს წარწერა შოთასი თავისი საზოგადო შინაარსის მიხედვითაც წარმოადგენს სიგელის განახლებას”(გვ. 109). თუნდაც ასე იყოს, „ჭიაბერი” მაინც შოთა რუსთველია, ვინაიდან ის დაიბადა 1160 წელს და გარდაიცვალა 1249 წელს, ხოლო მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი როცა აღარ იქნებოდა, გააკეთებდა ახალ ხელრთვა-დამტკიცებას სავარაუდოდ 1205 წლის შემდეგ.
2. „ჩვენ უკვე მოხსენებული გვქონდა, რომ შოთა მიღებულ იქნა თამარის კარზე 1191 წელს” (გვ.182). გამორიცხულია მსგავსი რამ, რადგან გიორგი III-ის გაზრდილი „ჭიაბერი” იგივე შოთა, როცა გიორგი III 1184 წელს გარდაიცვალა. . ,(გვ. 209) „ამის ახლო ხანებში, 60-იანი წლების მეორე ნახევარში (როგორც ირკვევა 1166 წელს), დაიბადა შოთა. უშვილო და უმემკვიდრო გიორგიმ, საფიქრებელია, შოთა იშვილა და აღსაზრდელად აიყვანა იგი”. რა ხდება? გიორგი III-მ გაზარდა „ჭიაბერი” და შოთაც ერთსა და იმავე დროს და არა 1191 წლიდან, როგორც ზემოთ ითქვა (ძნელი დასაჯერებელია, შოთას რუსთავის პატრონს, რაც ეჭვს არ იწვევს, რუსთველი დაერქვას, ალბათ ასე რომ იყოს, დაწერდა რუსთაველი, „რუსთველი” სულ სხვა შინაარს ატარებს).
3. „2. ბარელიეფი საქართველოს მთავართა: ელიქატმონისი, შოთასი, გამრეკელისა და ავაგისა, დაცული საორბელოში, სოფელ აძიკვში”. . . . „ბარელიეფზე გამოქანდაკებული მთავარნი: ელიქატმონ, გამრეკელ და ავაგ, ეკუთვნიან ორბელიანთა გვარეულობას (ორბელებს); ისინი მოიხსენებიან ამავე ეპოქაში სხვა ისტორიულ წყაროებშიც. 3. ბარელიეფზე გამოქანდაკებული მეოთხე პირი – მთავარი შოთა, არის ჰერეთის მთავარი, რუსთველი, „ვეფხისტყაოსნის” ავტორი. 4. შოთა, ჩანს, დანათესავებული ყოფილა ორბელიანთა გვართან”. საინტერესოა, როგორი ნათესავია შოთა ორბელიანებისა? არ ჰყავდა ცოლი, ჰქონდა თავისი საგვარეულო და კიდევაც მდებარეობს მის საგვარეულოში, ალბათ მისი საფლავიც? სხვანაირად საორბელოში ორბელების გვერდით ბარელიეფი? უფრო მეტიც, „ჭიაბერის” დაწერილზე იგივე ორბელები, კიდევ მეტი ქვათახევში თორელი თუ ორბელი დიახ ორბელი. შოთა რუსთველი იყო ორბელი-შოთა ივანეს ძე. ივანე სუმბატის ძე ორბელის შვილი, რომელიც იყო მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი-ამირბარი გიორგი III-ისა 1177 წლამდე.
ბორის კანდელაკის ნაწარმოებით „ათონი, ჯვარი, პეტრიწონი” ვრწმუნდებით, რომ შოთა რუსთველი არის პირველი კალამშიც და ხმალშიც – ხმალში გვირგვინოსნები კი საქართველოში ბაგრატიონები იყვნენ.
შოთა რუსთველი რომ გვირგვინოსანია კალამში, რა თქმა უნდა, საეჭვო არ არის, რაც შეეხება გვირგვინოსანს ხმალში, თამარ მეფის ეპოქაში ასეთები ბევრნი იყვნენ, თუმცა ყველა მათგანი გაშიფრულია, თუნდაც პავლე ინგოროყვას მიერ, მაგრამ ორივეში ერთად შეიძლება იყოს მხოლოდ ჭიაბერი. ვინაიდან იგი იყო 1177-1184 წ.წ. მეჯინიბეთუხუცესი, ანუ სამეფო გვარდიის სარდალი, 1184-1205 წ.წ. მანდატურთუხუცესი, უფრო მეტიც 1189-1191 წ.წ. ამირსპასალარიც იყო და იბრძოდა ყველა დიდ ბრძოლაში ამ ეპოქაში, თანაც მოწინავეთა რიგებში. 

რეზიუმე        

„ჭიაბერი” – შოთა რუსთველი – შოთა ივანეს ძე ორბელი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს (წარმოშობით მესხეთიდან). ბავშვობა გაატარა და იზრდებოდა მეფის სასახლეში 1162-63 წლიდან 1175 წლამდე (მეფე გიორგი მესამის მოყმე და ალამდარი). 1175-77 წ.წ. იმყოფებოდა მამის ივანე სუმბატის ძე ორბელის ოჯახში. 

1177 – 1184/85 წ.წ. – არის მეჯინიბეთუხუცესი; 

1184/85 – 1205 წ.წ. – არის მანდატურთუხუცესი; 

1189-1191 – წ. – მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი; 

(1205 – 1213 წ.წ – (საქართველოს პატრიარქი-„ანგელოზთსწორი”-1207 წ-მდე; მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი-1210 წ-მდე; სახელმწიფო მოღვაწე-1213 წ-მდე; 

1213 – 1223 წ.წ. – იოანე ბერი, პატრონთა საფლავის მწირველი გელათში, გელათის აკადემიის მოძღვართმოძღვარი-1223 წ-მდე; 

1223 -1245 წ.წ. – მოღვაწე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – („ვეფხისტყაოსნის” დაწერის სავარაუდო დრო; ა. ცამციშვილი); 

1245 – 1247წ.წ. არის ერისთავი; 

1247 – 1250 წ.წ. – მეჭურჭლეთუხუცესი.


წყარო: http://www.reportiori.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები