გადის დრო, ის ჩვენთან აღარ არის, თუმცა მისი ლექსები კიდევ უფრო მეტ მკითხველს იძენს, მის მიერ განსახიერებული როლები კი თავისუფალი თეატრის სცენაზე, უხილავად, მაგრამ მაინც აგრძელებენ ცხოვრებას… პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური 2010 წლის 13 აპრილს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა… მისი დაკარგვით გამოწვეული სევდა მთელ საქართველოს ტკიოდა, ტიროდა ყველა და ტიროდა ნინა, რომელმაც დაკარგა ის ყველაზე ძვირფასი თანამოაზრე და ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც ყოველდღიურად ახერხებდა მის გაოცებას, აღფრთოვანებას და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევდა…
მართალია, ექვსი წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ განელებულა… ახლა უკვე ნინა ჩოდრიშვილი ცხოვრობს იმ სახლში, სადაც ნიკომ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა… ბინაში თითქმის ყველაფერი უცვლელადაა დატოვებული – ნიკოსეული, ნიკოსხელმონაკიდი და ნიკოს ჩამოკიდებულ-დადგმული…
ნინა:
– მე და ნიკოს ბინა რომ არ გვქონდა და თეატრში ვცხოვრობდით, ეს ამბავი ყველამ იცის. მაგრამ სანამ აქ გადმოვიდოდით, მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველისძველ სახლში დავფუძნდით, გავაკეთეთ რემონტი, რომელშიც ჩავდეთ მთელი ჩვენი ენერგია და ფინანსები, მოგვწონდა და გვიყვარდა ჩვენს ბინაში ყოფნა. ეს არ გახლდათ არც იტალიური ეზო, არც კერძო სახლი, ეს იყო ძველი აშენებული, რამდენიმესართულიანი, სადარბაზოიანი, ქალაქური სტილის, თბილისური სახლი, რომელიც მშვენივრად უძლებდა მიწისძვრის ყველანაირ ამპლიტუდას… ზუსტად იმ დროს, როცა დავლაგდით და გემრიელად მოვეწყვეთ, მოხდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა, საბედნიეროდ, სახლი არ დაზიანებულა, მაგრამ ვინაიდან ხის კონსტრუქციაზე იყო აგებული, მოძრაობისას ჭრიჭინის ხმა ისმოდა, არც ბზარები გახსნილა, არც რამე დანგრეულა…
საკმაოდ სოლიდური თანხის მქონე მოსკოველი ქართველი დაინტერესდა ჩვენი სახლით და მისი შესყიდვა მოინდომა… მაშინ, როცა ხალხი მართლა უსახლკაროდ დარჩა, ცინიკურია, მაგრამ ჩვენ მიწისძვრით დაზარალებულებად გამოგვაცხადეს… იმ ბიზნესმენმა იქაურ მცხოვრებლებს კარგი პირობები შემოგვთავაზა, დათანხმდა ყველა და მათ შორის ჩვენც. საშინელება ის იყო, რომ მთელი ჩვენი ფინანსები ბინის გაკეთებაში ჩავდეთ და აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ახალი სახლი გვქონდა გასარემონტებელი. ავიღეთ ბანკიდან სესხი და შევუდექით სამუშაოებს, ამაში იგულისხმება ის, რომ ძირითადი გამკეთებელი ვიყავი მე (იღიმის). მე დავდიოდი ელიავაზე, ვკონტაქტობდი ხელოსნებთან და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება: სარემონტო სამუშაოები რომ დასრულდა და ავეჯზე გადავედით, საძინებელში კარადის გასაკეთებლად დურგალი მოვიყვანეთ. ნიკომ დამიბარა, ერთი მხარე ფრაკისთვის გააკეთებინე, ჩამოკიდებისას რომ არ მოიკეცოსო. ვუთხარი, მოდი და თავად აუხსენი-მეთქი. რას ლაპარაკობ, მე სამი რეპეტიცია მაქვს, ძალიან დაკავებული ვარო… რაღას ვიზამდი, დავადექი თავზე დურგალს და ვუხსნი, რა უნდა ნიკოს… ამ დროს მირეკავს ჩემი მეგობარი, როგორ ხართ, ახლა ნიკო ვნახე, ნასვამი იყო, თეატრალურის გვერდით კაფეში ლექსებს კითხულობდაო. საშინლად გავბრაზდი, ვურეკავ, არ იღებს ტელეფონს. უკვე ცალი ყბით ველაპარაკები დურგალს, ძალიან აღრენილი ვარ… გავიდა დრო, გადმოვედით უკვე ბინაში საცხოვრებლად, გადმოვიტანეთ ბარგი, ტანსაცმელი და ნიკოს ვუთხარი, კარადაში შენი ნივთები თავად შეაწყვე-მეთქი, დამთანხმდა… უცებ შემოდის და მეუბნება, კი მაგრამ, მე ხომ გთხოვე, ისე გაგეკეთებინა, რომ შარვალი არ მოკეცილიყო, ფრაკი სად დავკიდო ახლაო.
სად და, თეატრალურის გვერდით რომ კაფეა, იქ-მეთქი (იცინის)…
ნიკოს ჩვენი სახლი ძალიან მოსწონდა. ჟურნალისტები ხშირად მოდიოდნენ გადასაღებად და ეს სიამოვნებდა. ერთხელაც, ჟურნალისტი მყავს სტუმრად, ვსაუბრობთ რემონტზე, სახლზე და მეც ვუყვები, რას და როგორ ვაკეთებდი. ეტყობა მისმინა, მისმინა, გამოვიდა მერე აივანზე და ნაწყენმა თქვა, კი მაგრამ, ჩემი წვლილი საერთოდ არაა ამ სახლშიო?! როგორ არ არის, არის!.. როგორც კი ფული გაუჩნდებოდა, მოჰქონდა, რომ რამე მიმემატებინა, მერე კი სულ ინტერესდებოდა, იმ ფულით რა გააკეთეო. თუ ისეთ რამეს ვყიდულობდი, რაც არ ჩანდა, მაგალითად, მილი, რომელიც კედელშია, ეს დიდ სიამოვნებას არ ანიჭებდა, მოსწონდა, როცა შესამჩნევ ნივთებს ვიძენდი…
შეხვალთ თუ არა ნიკო გომელაურის სახლის სადარბაზოში, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ კართან ჩამოკიდებული დიდი სარკე და ქოთნის ლამაზი ყვავილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “სანახაობა” სადარბაზოდანვე იწყება.
ჰოლში შესულს თვალში ნიკოს ფოტოებით სავსე კედელი მომხვდა…
– ნიკოს დროს ამდენი ფოტო არ იყო აქ გამოფენილი, თითქმის ყველა მისი წასვლის შემდეგ ჩამოვკიდე.
ჰოლიდან დიდ მისაღებში შევედით, რომელიც რამდენიმე სივრცედაა დაყოფილი. პირველ ნაწილში რბილი სამეული, მაგიდა და ტორშერი დგას, კედლიდან კი ნიკო “ზედმეტად ბუნებრივად” იცქირება. მეორე ნაწილში რეტროსტილის მაგიდა დგას სკამებითურთ, აქვეა ბუხარი და “კონწიალა” სავარძელი, რომელში ჯდომაც ნიკოს ძალიან უყვარდა.
– ეს სავარძელი რომ მოვიტანე, ნიკო გადაირია, ეს რა არის, რად გინდოდა, ნეტავ რა ღირდაო. მივხვდი, არ მოეწონა და რეალური ფასის ნახევარი ვუთხარი, მაინც ვერ მოვხიბლე, უკმაყოფილო იყო. მაგრამ მოტანის დღეს რომ ჩაჯდა და თავი კომფორტულად იგრძნო, არ ამდგარა, სულ აქ იჯდა ხოლმე. უამრავი ფოტო აქვს მასში გადაღებული.
– როცა სარემონტო სამუშაოებს შევუდექით, კორპუსის მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ იყო, ბოლო, მეათე სართულს აშენებდნენ. ნიკოს ვუთხარი, ბუხარი მინდა-მეთქი. გაგიჟდა, მე-2 სართულზე ბუხარი როგორ უნდა გააკეთოო, გავაკეთებ-მეთქი და მართლაც შევასრულე.… ბუხრის დიზაინი გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის. გუგა ნიკოს დეიდაშვილია და შეჭმული მყავდა რემონტის დროს (იღიმის). დღეს, ნიკო რომ ჩვენთან ყოფილიყო და გეკითხათ, ბუხარი ვინ გააკეთაო, გამოგიყვანდათ აივანზე, გაჩვენებდათ ბუხრის იმ მილს, რომელიც მეორე სართულიდან სახლის ბოლომდე, მეათე სართულამდე ადის და გეტყოდათ, თქვენ არ იცნობთ ნინას, გაიცანით, ეს მილი არის ნინაო (იცინის).
ბუხართან რომ ნახატი კიდია, მასზე ნიკოს დედაა გამოსახული. არ ვიცი, ვინ დახატა, მე მაშინ მათი ოჯახის წევრი არ ვიყავი.
მისაღები სავსეა ყვავილებით…
– ყვავილები მიყვარს, სულ პაწაწინები მოჰქონდა ხოლმე ნიკოს. მე ვბრაზობდი, ასე პატარები რომ მოგაქვს, როდის გაიზრდება-თქო. არაფერს ამბობდა, ჯიუტად ეზიდებოდა პაწაწინებს, მერე კი გაამხილა “საიდუმლო”: თეატრის წინ ერთი ბებოს ზის, რაღცნაირი თვალები აქვს და ვერაფრით გავივლი ისე, რომ ყვავილი არ ვიყიდოო…
მოვლით, რასაკვირველია, მე ვუვლიდი, ხან იავანზე გამქონდა, ხან შემომქონდა… ახლა, როცა ნიკო აღარ არის, მისი შვილი ჯეჯიკო მოდის და ის მეხმარება ხოლმე გადაადგილებაში, თორემ უკვე ძალიან გაიზარდნენ და დამძიმდნენ.
მისაღებში, კედელზე ნახატებთან ერთად, ჩარჩოში ჩასმულ ნიკოს ხელნაწერ ფურცლებსაც შეხვდებით, სადაც ლექსებს ამოიკითხავთ…
– ნიკო ნახატებს ხან ერთ კედელზე დაკიდებდა, ხან – მეორეზე, მაგრამ ესეც არ გამოსდიოდა, თითში ხან ლურსმანს ირჭობდა, ხან ჩაქუჩს ირტყამდა, ამიტომ ყველა ნახატს უკანა მხარეს ნიკოს სისხლის კვალი ამჩნევია, არც ერთი არ დაუკიდია ისე, რომ ხელი არ სტკენოდა.
მისაღებიდან დიდ ვერანდაზე გავედით, რომელსაც ქოლგა, მაგიდა და სკამები ამშვენებს. ეს ნივთები ნიკოს ნაყიდი ყოფილა…
თურმე ნიკოს ძალიან უნდოდა, კაბინეტი ჰქონოდა…
– პარლამენტთან რომ სახლი გვქონდა, იქ ნიკოს კაბინეტი ვერ მოვუწყვე, სამაგიეროდ, ამ ბინას რომ ვაკეთებდით, თავიდანვე გამოთქვა სურვილი. დიდი ამბით მოვაწყვეთ კაბინეტი წიგნების თაროებით, მაგიდით, სკამით და ა.შ. მაგრამ იქ არასდროს დაუწერია რამე, უყვარდა მისაღების სამეული და პატარა მაგიდა, სულ აქ ჰქონდა გაშლილი ფურცლები.
სამზარეულო ნიკოს საყვარელი ადგილი ყოფილა. იქ შესული მიხვდებით, რას ნიშნავს ეკლექტიკა. ერთ სივრცეში რეტროსტილის მაგიდა და ე.წ. ბუფეტი დგას, მეორე მხარეს თანამედროვე გარნიტური. უყურადღებოდ არ დაგვრჩენია ჭერში გამოკიდებული ქვაბები. დიასახლისს მათი შენახვის ორიგინალური მეთოდისთვის მიუმართავს. სამზარეულოში კედელზე ნახატი კიდია, რომელზეც თევზია გამოსახული
– ნიკოს მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი და მეც მეხალისებოდა, მახარებდა მისი ეს დამოკიდებულება. მეტყოდა ხოლმე, – ნინ, ხომ ლამაზია ჩვენი სახლი?! კი-მეთქი, ვპასუხობდი. ეს “თევზი” ნიკოს ნაყიდია, დაბადების დღეზე მაჩუქა, ოქროს თევზს ეძახდა. იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე იყიდა და მალავდა. როგორ გინდა ამხელა დამალო, მაგრამ ჩემმა შვილმა და ნიკომ ერთად მოიფიქრეს გამოსავალი, გამოდგეს კარადა და მის უკან ჩააცურეს, მე რომ არ შემემჩნია…
ცხოვრება ნიკოს შემდეგ…
– დედა რომ დამეღუპა, პატარა ვიყავი. დედაც ახალგაზრდა წავიდა. მისი არყოფნის შემდეგ, მისეული ყველაფერი გადავმალე, არ მინდოდა, თვალში მომხვედროდა ის, რაც დედას და იმ ტკივილს გამახსენებდა. ნიკოს შემთხვევაში პირიქით დამემართა. თავიდან ბინის გაყიდვაზე ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამას ვერაფრით გავაკეთებდი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, აქ ვინმე სხვამ იცხოვროს… შპალერი რომ დაძველდეს და გამოცვლა მომინდეს, არ ვიცი, როგორ უნდა ჩამოვხსნა თუნდაც ეს ნახატები, რომლებიც ნიკოს ხელითაა ჩამოკიდებული…
მართალია, ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში დროის სვლასთან ერთად არაფერი განელებულა, მიტევს და მიტევს უმისობა… პიროვნულად ვერსად, ვერავისში, ვერაფერში ვპოულობ იმას, რაც ნიკოს ჰქონდა… რაც დრო გადის, მით უფრო ვმძიმდები და მეტად ვითავისებ ჩემს მარტოობას. მაგრამ შვებას მგვრის ხალხის სიყვარული ნიკოსადმი და ის, რომ მის სიტყვას ფასი აქვს… ზოგადად, ადამიანები უკვალოდ მიდიან, მოგონება რჩება ოჯახში და საახლობლო წრეში, მაგრამ ძალიან დიდი ამბავია, როცა მიდიხარ, თან არ მიდიხარ და ტოვებ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია, რაც სამყაროში იყო პირველი – ესაა სიტყვა… თუ მართლა ასეა და თუ გაუძლო დროს მისმა დანატოვარმა, ეს კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას მომანიჭებს. ხალხის სიყვარული მიმსუბუქებს ნიკოს, როგორც ახალგაზრდა ადამიანის წასვლას… მაგრამ ნიკოს, როგორც ჩემი მეგობრის, მეორე ნახევრის და თანამგზავრის წასვლა, საშინლად რთულია, დღემდე არანორმალურად მიჭირს (თვალები აუცრემლიანდა)…
…ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისას კარგი მომენტია, როცა ერთმანეთში მუდმივად რაღაც გხიბლავს, სულ ინტერესში, სულ აღმოჩენებში ხარ და ამით იღებ ყოველდღიურ სიამოვნებას… რასაკვირველია, გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ ასეთი ჩემიანი ადამიანი, ჩემი დარდისა და სიხარულის გამზიარებელი სხვა არავინ შემხვედრია… ნიკოს ჩემთვის ხმა არასდროს აუწევია, მე რომ ჯუჯუღუნს დავიწყებდი და არ ვჩერდებოდი, ყველაზე დიდი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა იყო ის, რომ ძალიან მშვიდად ჩაიცვამდა და ასევე მშვიდად დამემშვიდობებოდა, “პაკა, ნინააა” და წავიდოდა. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ არ მოვიდეს, ხომ გავგიჟდები-თქო, მაგრამ ის ყოველთვის მოდიოდა… დღეს კი, როცა ის არ არის, სად ჩავრგო თავი, არ ვიცი…
…ახლა ახალი საქმე გამოვიჩინე, ანანურში პატარა ნაკვეთი ვიყიდე პაწაწუნა სახლით და როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მივრბივარ და ვრგავ, ვრწყავ და ახალი სიცოცხლის აღმოცენებას ჩემებურად ვუწყობ ხელს.
წყარო:http://www.shin.ge