“საყვარელო ბებო, არასწორად კარნახობთ თქვენს შვილიშვილს” – ქართველი მასწავლებლის სახალისო მონათხრობი ონლაინ გაკვეთილებზე
მასწავლებელი, ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში ონლაინ გაკვეთილებზე საუბრობს, რომელსაც edu.aris.ge ავრცელებს.
“სამი დღეა, შემაჯამებლებს ვწერთ, ვწერთ, ვწერთ და ისევ ვწერთ.
სამი დღეა, დამამშვიდებლებს ვსვამ, ვსვამ და ისევ ვსვამ.
გუშინწინ, გუშინ, დღეს ტყუპისცალებივით დაემსგავსნენ ერთმანეთს.
გუშინაც…
გუშინწინაც…
დღესაც…
1)მე: ბავშვებო, მოემზადეთ! თქვენ უნდა შეასრულოთ შემაჯამებელი სამუშაო და 1 საათში გადმომიგზავნოთ ნაშრომი!
ის: აუ, მასწ, ჩემი ტელეფონი ჭედავს.
მე: კომპიუტერით იმუშავე.
ის: კომპიუტერთან ჩემი და ზის.
მე: ლეპტოპი გაქვს?
ის: მასწ, ლეპტოპით დედა მუშაობს.
p.s. დედა ვაიძულეთ, შვილისთვის ლეპტოპი დაეთმო.
2)გაგრძელება…
ის/ისინი: მასწ, თიმსი მაგდებს და ძლივს შემოვდივარ.
მე: ნუ ნერვიულობ, დამსწრეთა სიას თვალს ვადევნებ და მოწვევას გამოგიგზავნი.
p.s. სად იყო და სად არა, თიმსმა მეც ამახვევინა გაკვეთილიდან ))))
დიდი წვალების შემდეგ ძლივს ვბრუნდები ვირტუალურ საკლასო ოთახში.
3)სანამ მე პროგრამას ვებრძოდი და პროგრამა მე მებრძოდა, მასწავლებლის გარეშე დარჩენილ კლასში მიმდინარეობს დისკუსია, კონსილიუმი:
– არა, ბიჭო, ეგ არაა სწორი.
– შენ მასწავლი?
– თუ დამიჯერებ, დამიჯერე, თუ არა, საკუთარ თავს დააბრალე.
– ბიჭო, რა ვიცი, ყველა ასე ამბობს, დარაჯობსო. “სდარაჯობს” რა უბედურებაა.
უცბად:
– გაჩუმდით, მასწავლებელი დაბრუნდა!
– ჩჩჩუუუუუ!
– სუ, სუ, სსსს!
4)10 წუთის შემდეგ:
მე: საყვარელო ბებო, არასწორად კარნახობთ თქვენს შვილიშვილს, ეგ ფორმა არ უნდა გაესწორებინა.
ბებო: უი, მე მეუბნება? ისმის, ბიჭო, ჩემი ხმა? ვერ გამორთე მიკრ….. (მიკროფონი გამოირთო!)
5)იწურება 1 საათი…
– მასწ, ვერ ვაგზავნიიიიი…
– მას, სად გამოვაგზავნოოოოო…
– ნინო მასწ, აქამდე ვაგზავნიდი, ახლა – რა ხდება, არ ვიცი
– აუ, ვინც ეს თიმსი მოიგონა, თფუ!
– აუ, სკოლა მომენატრა.
– მას, მიშველეეეეეეთ…
34 ბავშვი ერთად (ერთად!)ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად (სწრაფად!), მიიღოს ჩემგან ამომწურავი პასუხი.
6)დავალებას ტვირთავენ.
ახლა მე ჩავყურებ მობილურის ეკრანს და 3-ჯერ 34 ნაშრომს ვასწორებ.
p.s. ქმარ-შვილი მამუნათებს, დღესაც შემწვარი კვერცხი უნდა გვაჭამოო?”