საქართველოში სტილისტებმა კლიენტებს თმები 2–მეტრიანი დისტანციიდან უნდა შეჭრან – რა წესების დაცვა მოუწევთ სილამაზის სალონებს გახსნის შემდეგ
საქართველოს მასშტაბით ამოქმედებული საგანგებო სიტუაციის ფარგლებში დახურულია სილამაზის სალონებიც. მათი გახსნა შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპშია გათვალისწინებული, თუმცა გარკვეული წესებისა და პირობების შესრულების კვალდაკვალ.
წესების ჩამონათვალი, რომლითაც სილამაზის სალონებმა უნდა იხელმძღვანელონ.
1. სალონებმა უნდა შეიძნიონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები.
2. ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
3. კართან უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს, დეზინფექციას გაუკეთებს სპეციალური ხსნარით. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეიტანონ აღრიცხვის ჟურნალში.
4. ხელოსნებსა და მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი.
5. მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს – ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი.
6. ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
7. ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსანს), უნდა დაიმაგროს.
8. აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენება.
9. დამლაგებელმა ხშირად უნდა მოწმინდოს იატაკი სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები – ყოველი მოხმარების შემდეგ.
10. სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია, შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თანამშრომლები დადიან.
11. ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადეზინფიქციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.