შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზეც კი ვერ მოძებნოთ ქართველი, რომელიც დაინტერესებულია ქართული, კუთხური ენების შესწავლით. ჩვენი ინტერვიუს მთავარი გმირი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, დაახლოებით 11 თვეა საქართველოში იმყოფება და შეიძლება ითქვას, ბევრ ქართველზე კარგად საუბარობს ქართულად, სვანურად და ინგლისურად. საიდან გაიგო ფრენკ ანტონ მილერმა საქართველოს შესახებ, რას საქმიანობს ქვეყანაში, რა აზრისაა საქართველოსა და მის ტრადიციებზე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – ამ კითხვებზე პასუხს HeadLine- სთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ:
ფრანკ, საიდან გაიგეთ საქართველოსშესახებ?
მამაჩემი ჯარისკაცი იყო. ხშირად გვიწევდა ამერიკის სხვადასხვა ქალაქსა თუ შტატში ცხოვრება. ჩემი მშობლების დიდი სურვილი იყო, რომ გეოგრაფია კარგად მცოდნოდა. ბავშვობაში ჩემმა ახლობლებმა გლობუსი მაჩუქეს და მალევე აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელსაც ამერიკის ერთ-ერთი შტატის იდენტური სახელი ჰქონდა. სწორედ აქედან შევიტყვე პირველად საქართველოს შესახებ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად აქტიური ძიება რამდენიმე წლის წინ დავიწყე.
რამდენი ხანია რაც საქართველოში ხარ?
დაახლოებით 11 თვეა უკვე საქართველოში ვარ.
რატომ გადაწყვიტე ჩამოსვლა?
მას შედეგ, რაც მაგისტრატურაზე ენათმეცნიერების შესწავლა დავიწყე, გადავწყვიტე ქართულიც მესწავლა. სწორედ ეს იყო პირველი მიზეზი იმისა,თუ რატომაც ჩამოვედი საქართველოში. ამავდროულად, მოვხვდი ძალიან კარგ ოჯახში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით აქ ცხოვრებაც იაფია – სწორედ ეს ფაქტორები გახდა მიზეზი, რატომაც ამდენი ხანია საქართველოში ვარ.
გაგიჭირდა თუ არა ამერიკის შემდეგ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაშიცხოვრება?
აშშ-ს გარდა ვცხოვრობდი პორტუგალიაშიც. ეს ქვეყანაც საქართველოსავით პატარაა, ამიტომ ამას შეჩვეული ვიყავი და არ გამჭირვებია აქ ცხოვრება. თანაც, თბილისი საკმაოდ დიდი ქალაქია და სულაც არ ვგრძნობ იმას, რომ პატარა ქვეყანაში მიწევს ცხოვრება.
რას საქმიანობ აქ?
როგორც გითხარით, ენათმეცნიერი ვარ. ამჟამად ვმუშაობ მთარგმნელად. თბილისში კომპანიაში ვმუშაობ და ჩემი ძირითადი საქმიანობა ქართულად თარგმნაა ინგლისურიდან, პორტუგალიურდან, ესპანურიდა, იტალიურიდან, ფრანგულიდან და ებრაულიდან.
საქართველოს რომელი კუთხე მოგწონს ყველაზე მეტად?
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ყველა კუთხე ჯერჯერობით შესწავლილი არ მაქვს, რთულია ვისაუბრო, თუ რომელი მხარე მომწონს ყველაზე მეტად. ძალიან მომწონს თბილისი, როგორც ქალაქი, მომწონს ზუგდიდიც, ის სასიამოვნო ქალაქია. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტად სვანეთი და ყაზბეგი მომწონს.
როგორც ვიცი, სვანურს და მეგრულს სწავლობ – რატომ გადაწყვიტე ამ ენების შესწავლა?
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ვაფასებ საქართველოს კულტურას და დიდ მადლობას ვუხდი ჩემს პროფესორებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ სვანური და მეგრული ძალიან ძნელია. გამომდინარ იქიდან, რომ ენათმეცნიერი ვარ, დამაინტერესა ამ ენებმა , მის სირთულემ და ა.შ ძალიან მაგარია, რომ ამ ენების სწავლის შანსი მომეცა.
გაგიჭირდა თუ არა სვანურის და მეგრულის სწავლა?
სიმართლე გითხრათ, ძალიან არ გამჭირვებია. რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ – მე ამ გზით მივდივარ.
ქართულ სუფრაზე რას გვეტყვი?
დავლიოთ! და ყველას სიყვარული და ბედნიერება მინდა ვუსურვო – სხვას ვერაფერს გეტყვით, ძალიან მაგარია.
როდის ბრუნდები ამერიკის შეერთებულ შტატებში?
11 ოქტომბერს მივდივარ საქართველოდან. 2 დღე უკრაინაში გავჩერდები და შემდეგ აშშ-ში ვბრუნდები.
დაბრუნდები თუ არა საქართველოში?
კი, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები.
წყარო: http://headline.ge/?p=2934