„საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე „პოსტების“ რაოდენობა“ – გურამ ოდიშარია ფეისბუქში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე „პოსტების“ რაოდენობა – წერს კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია სოციალური ქსელში და სიძულვილთან დაკავშირებით ამბავს იხსენებს.

„სიძულვილის წინააღმდეგ ერთხელ, სტუდენტობისას, მე და ჩემმა ბავშვობის აფხაზმა მეგობარმა სოხუმიდან ერთ-ერთ აფხაზურ სოფელში მის ბებიას ჩავაკითხეთ. როდესაც ეზოში ვსეირნობდით, გველს გადავეყარეთ. მისი მოკვლა გადავწყვიტეთ და ქვებს დავუწყეთ ძებნა. ამ დროს სამზადიდან მეგობრის ბებია გამოვარდა – არ გაბედოთ, ბიჭებო, ის ხომ სტუმარია, სტუმარს კი ასე არ ეპყრობიანო.

ბებია გველს მიუახლოვდა და აფხაზურად დაიწყო ლოცვა. გველმა თითქოს მისი სიტყვები შეისმინაო (დღესაც დარწმუნებული ვარ, მართლაც, შეისმინა), სრიალ-სრიალით დატოვა ეზო. ბებიამ „სტუმარი“ ლოცვა-ლოცვით ღობემდე მიაცილა. ამ მოგონებას მთელი ცხოვრება ავგაროზივით დავატარებ. მეგობრის ბებიამ იმ დღეს მასწავლა, რომ ყველაზე მეტად ვინც შეიძლება გძულდეს, ისიც კი ღმერთის წყალობაა!

მას შემდეგ დამჩემდა – როცა რთულ სიტუაციაში ვხვდები, მეგობრის ბებიას ლოცვას ვიხსენებ. თან თავს ვეუბნები – თუ მაინცდამაინც გძლია სიძულვილმა, რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა გახადო მრისხანება… ამას შენი თავის გადასარჩენადაც უნდა ეცადო, ეცადო – შინაგანი მრისხანების ცუნამი მოკლე დროში სიყვარულით ჩაანაცვლო. და თუ ამას ვერა და ვერ ახერხებ, და არ შეგიძლია სიყვარული, პატივისცემით მაინც უნდა ჩაანაცვლო (სიყვარულს ხომ მაინც სულის სხვა სიმაღლე და სხვა ღირსება სჭირდება). ვაცლავ ჰაველი თავის ერთ-ერთ წერილში ინდიელთა მითს იხსენებს – არსებობდა ორთავა ფრინველი, რომელთა თავებმა ერთმანეთი შეიძულეს და ერთმანეთის ჯიბრზე ქვების ყლაპვა დაიწყეს. ფრინველს ორი თავი კი ება, მაგრამ სტომაქი ჰქონდა ერთი და მისმა კუჭმა მოძულე თავების მიერ გადაყლაპული ქვები ვერ მოინელა. ფრინველი დაიღუპა.

რა გამოდის? სიძულვილი – თვითმკვლელობაა! ვინც სისტემატურად ეცნობა ჩვენს მასმედიას (ბოლო წლებში ამ საქმეში და ამ განხრით ფეისბუქიც ჩაერთო), დამეთანხმება, რომ საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე წერილების, „პოსტების“, გზავნილების… რაოდენობა. არ ვინდობთ ერთმანეთს, არც ჭორებსა და ყურმოკრულ ამბებს ვერიდებით, არც ცილისწამებას, არც სასტიკ ცინიზმს… არადა, მთელი ქვეყანა უსმენს, კითხულობს მოძულეთა სიტყვებს. ბოროტი ენერგიის შტურმმა ბევრს შეუმოკლა სიცოცხლე.

ავი წერილების თხზვა სიტყვით მკვლელობის ერთ-ერთი სახეა. სიტყვით მკვლელს კი, სამწუხაროდ, არავინ სჯის.

ისე, ძალიან უბედურია მოძულე კაცი. ვაცლავ ჰაველი წერდა – ასეთ ადამიანს წესიერად გაღიმებაც კი არ შეუძლიაო. მოძულესათვის ამქვეყნად უმთავრესი ფერი შავია. ალბათ აქედან დაიბადა გამოთქმა “შავი პიარი”.

დარწმუნებული ვარ, მალე მოვა თაობა, რომელიც ჩაუღრმავდება რა ჩვენს ტირაჟირებულ სიძულვილს, ძალიან ბევრ რამეს ვერ გვაპატიებს. დროგამოშვებით, სიძულვილი ლამის ეროვნულ ტრაგედიად გვექცევა ხოლმე… იმიტომ რომ, სადაც სიძულვილია, უბედურების ზონაც იქ არის. იმიტომ, რომ სიძულვილი სიყვარულზე პოპულარულია თავისი მარტივი, პრიმიტიული ენის წყალობით. იმიტომ რომ, სიძულვილი ცდილობს, გენეტიკურ მახსოვრობაში დაიდოს ბინა და მემკვიდრეობით გადაეცეს თაობიდან თაობას.

იმიტომ რომ, ზოგიერთი ლამობს, სიძულვილი თვითდამკვიდრებაში დაიხმარიოს… სიძულვილი ანამცეცებს ეროვნულ ენერგიას და ის ძალა. რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა იხარჯებოდეს, ურთიერთდაპირისპირებაში ქრება. არა და არ მთავრდება დროდადრო სისასტიკეში გადასული სიძულვილის ესკალაცია. არა და არ მთავრდება დრო ქვათა სროლისა…

ხანდახან მეც დამესხმება ხოლმე თავს დაუმსახურებელი სიძულვილი; რა თქმა უნდა, თქვენც, რომლებიც ამ სტრიქონებს კითხულობთ ახლა. და რა ვქნათ? სიძულვილს სიძულვილით ვუპასუხოთ? არავითარ შემთხვევაში! თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიძულვილმა დაგვამარცხა!… მე ჩემი ავგაროზი მუდამ თან დამაქვს – ფიქრში ხშირად მწვანე ბიბინა სოფელში ვარ და აფხაზი ბებიას ხმა მესმის – “რას შვრებით, ბიჭებო, ის ხომ სტუმარია…” გველი ბებიას ლოცვას ემორჩილება და ეზოს ტოვებს. ქვას ხელიდან ვაგდებ…

ასეა, ჩემი სიძულვილის ქვა იმ დღეს სამუდამოდ დავტოვე იმ სოფელში… დაბოლოს – ერთი ომი მაინც უნდა გქონდეს გამოვლილი, ფსიქოლოგიური იმუნიტეტის ჯავშანჟილეტი რომ გიცავდეს ავი სიტყვების თავდასხმებისაგან. მე ის ომი (თანაც რამდენიმე) გამოვიარე. სამწუხაროდ”, – წერს გურამ ოდიშარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები