“საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს”-  National Geographic -მა საქართველოს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას სახელად „ საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს “ აქვეყნებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორი – აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს, სადაც სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებასა და სვანურ სამზარეულოს შესახებ საუბრობს.

სვანეთის შემდეგ კი National Geographic-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ მოუთხრობს. “კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს. აქ ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება”,- წერს ჟურნალისტი.

National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას.  სტატიის ბოლოს კი აარონ ჰუი თბილისს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით.“როდესაც საქართველოში ჩახვალთ თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. როგორი მორცხვიც არ უნდა იყოთ, მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“, – წერს აარონ ჰუი.

National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.

წყარო:National Geographic

კომენტარები

სხვა სიახლეები