“სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია რთულად გამოვლინდეს ის შეგრძნებები, რასაც ადამიანები შინაგანად გრძნობენ..”- ვენერა ქალწულში გადავიდა

ასტროლოგი, რამაზ გიგაური ვენერას ქალწულის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ:

“5 სექტემბერს (თბილისის დროით 8:05 საათზე) სიყვარულის, სილამაზის და ფინანსების პლანეტა ვენერა ქალწულის ნიშანში გადავა და იქ 29 სექტემბრამდე დარჩება.
ვენერას ეს ინგრესია მოიტანს ურთიერთობების ობიექტურ, რაციონალურ და პრაგმატულ ჭრილში დანახვის საშუალებას. ვენერა – ქალწულში დაცემულ პოზიციაში იმყოფება, ამიტომ ვენერა ამ ნიშანში „კარგავს“ თავის „ღირსებებს“ – სითბოს, სიმშვიდეს, წონასწორობას, სიყვარულის გამოვლენის უნარს. „დაცემისას“ პლანეტა ძლიერია შინაგანად, თუმცა გარეგნულად მისი გამოვლენა სუსტია, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია რთულად გამოვლინდეს ის შეგრძნებები, რასაც ადამიანები შინაგანად გრძნობენ. უფრო მეტიც, მოიმატებს კრიტიკულობა, რადგან აქ ვენერას მმართველი რაციონალური და კრიტიკული მერკური ხდება. გაძლიერდება „სტერილურობის“ დაცვის მომენტიც, ამიტომ ადამიანებში გაჩნდება შინაგანი „სისუფთავის“ დაცვის ძლიერი სურვილი, რაც მოსალოდნელია ნეგატიურად აისახოს პირად ცხოვრებაზე და ბევრმა ადამიანმა არასასურველი კავშირი სწორედ ახლა გაწყვიტოს.
ფინანსებში მოსალოდნელია ეკონომიურობის გამოჩენა, რადგან გაჩნდება მატერიალურ-ფინანსური უკმარისობის განცდა, რაც გააძლიერებს ფინანსურ შიშებს, ფსიქოლოგიურ კომპლექსებსა და „ბლოკებს“. ეს კი ნეგატიურად იმოქმედებს შემოქმედებითობასა და მიზანსწრაფვაზე.
სიყვარულში სასურველია მეტი გულისხმიერების და მზრუნველობის გამოვლენა. კრიტიკულობის მინიმუმამდე დაყვანა და ურთიერთგაგების სურვილი სასიკეთოდ იმოქმედებს წყვილების ცხოვრებაზე. რაც შეეხება ფინანსებს, ეკონომიურობასთან ერთად უნდა გაჩნდეს, ფინანსებში მეტი განვითარებისა და შემოსავლების ზრდის შესაძლო განვითარების იმპულსი.
10-21 სექტემბრის შუალედში ვენერა-მარსის ნეგატიური კავშირი გააძლიერებს სექსუალურობას და გაზრდის ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობას. თუმცა პარალელურად, ის მიანიშნებს კონფლიქტურ სიტუაციებზეც, ამიტომ ამ პერიოდში არ არის სასურველი სასიყვარულო პარტნიორთან კამათი და საქმეების გარჩევა (მოსალოდნელია ამან სიტუაცია უფრო გაართულოს).

ვენერას ქალწულში ინგრესია ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება უპირველესად მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა). ამ ადამიანებისთვის შესაძლებელი გახდება ბევრი რთული საკითხის მოგვარება (განსაკუთრებით პირად ცხოვრებასთან და ფინანსებთან).

ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ ქალწულის ნიშანში აქვთ (მიუხედავად მათი ზოდიაქოს ნიშნისა). ამ ადამიანების ცხოვრებაში მოსალოდნელია 2021 წლის ზაფხულის მეორე ნახევრის შემდგომ დაწყებული ან განვითარებული ურთიერთობები გარკვეულწილად შეჯამდეს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნაკლებად ინტენსიური იქნება.

P.S. პირადი ჰოროსკოპის ან პირადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ: Messenger ან ⁨+995 599 94 06 80⁩ (WhatsApp, Viber, Signal, Telegram).”-წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები