,,ვაღიარებ: უშნო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი მამაკაცები უფრო აღმაგზნებენ, ვიდრე ლამაზი, დაკუნთული, მაგრამ უშინაარსო, თავცარიელი ტიპები.
როდესაც ბიჭი ინტელექტუალურ დებატებში მიწვევს, პირდაპირ ცეცხლი მენთება. როდესაც მატარებელში ვხედავ სათვალიან ბიჭს, წიგნით ხელში და არა აიფონით, თამაშებში გართულს, სხვას ვერავის და ვერაფერს ვამჩნევ ირგვლივ.
ქალებს მოსწონთ ინტელექტუალი კაცები და მიკვირს, რატომ უჩნდებათ ხოლმე ასეთებს კომპლექსი არაიდეალური გარეგნობის გამო.
ბევრი რომანი მქონია, მაგრამ ყველაზე მძაფრად ისინი ჩამრჩა მეხსიერებაში, რომელიც სელინჯერზე საუბრით დაიწყო, 2 კვირაში კი ერთ საწოლში აღმოვჩნდით. სექსის შემდეგ ისევ საინტერესო დებატებით.
მე საპიოსექსუალი ვარ. ასეთი მინდა მყავდეს გვერდით და ვამაყობ ამით“ – წერს გიგი ენგლი რომანტიკული ურთიერთობების ექსპერტი.
საპიოსექსუალი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ჭკუას ადამიანის ყველაზე სექსუალურ შტრიხად მიიჩნევს, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო, პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტელექტუალური საუბრები მისთვის პრელუდიაა და სექსის შემდგომაც ფილოსოფოსობა უყვარს.
ასეთები იმაზე ბევრნი არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ და რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი გენები ნელ-ნელა პროგრამდება ჭკვიანი ადამიანების ძიებაზე. ტვინი ძალიან სექსუალური ორგანოა, მისი ,,ბიცეპსები“ ბევრს აღაგზნებს და თუ რატომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები შეეცადნენ.
მაღალი ინტელექტი = ჯანსაღ სპერმას
ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც უკეთესი შედეგები ჰქონდათ IQ ტესტებში უფრო ჯანსაღი სპერმაც ჰქონდათ. კვლევის ავტორი ჯეფრი მილერი მიიჩნევს, რომ სპერმის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ტვინის ხარისხზე და ეს გენეტიკურად გადაეცემა შთამომავლობას. ,,ენა, იუმორი, გონებამახვილობა ევოლუციას განიცდის, რადგან ორივე სქესისთვის სექსუალურად მიმზიდველად მიიჩნევა“ – ამბობს ის.
ანუ ჭკვიანი ადამიანების უკეთეს შთამომავლობას გვაძლევენ.
ძლიერი ინტელექტი = ძლიერ სექსუალურ დრაივს
რაც უფრო მაღალია ადამიანის ინტელექტი, მით უფრო მეტად არის დაინტერესებული იგი სექსით. ინტელექტუალები უკეთესად ერკვევიან სექსში და ჯანსაღი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებაც აქვთ. მათ იციან როგორ მიანიჭონ სიამოვნება პარტნიორს და როგორ მიიღონ სიამოვნება თავადაც. გაზეთ ტელეგრაფში იმასაც კი წერენ, რომ ძლიერი ინტელექტი ძლიერ სექსუალურ მადასაც იწვევს.
ინტელექტი გაცილებით პრაქტიკულია
ინტელექტი დროთა განმავლობაში იხვეწება, მაშინ როცა ვიზუალი დეგრადაციას განიცდის დროსთან ერთად. ინტელექტი უფრო დიდხანს ძლებს. ინტელექტი გაცილებით სასარგებლოა, იმაზე სასარგებლო ვიდრე შიშველი და ლამაზი სხეული. იგი წინსვლისთვის და ევოლუციისთვის აუცილებელი თვისებაა. იგი ფულია და კომფორტი. ინტელექტი მოდაშია. ინტელექტუალური პარტნიორი ევოლუციაში გვეხმარება, ზრდასა და განვითარებაში, უკეთესი თაობის და უკეთესი ცხოვრების შექმნაში. ჩვენი არსებობის აზრიც ხომ სხვა არაფერია?
როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს- მერლინ მონროს ჰკითხეს ვის მიიჩნევდა ყველაზე მომხიბლავ მამაკაცად მან არტურ მილერი და ალბერტ აინშტაინი დაასახელა. ეს ისეთი მოულოდნელობა იყო, ლეგენდების შეთხზვა დაიწყეს, თითქოს მერლინმა ალბერტს ერთად ვახშმობისას შვილის გაჩენა შესთავაზა- იდეალური ბავშვი გამოვა შენი გონებრივი შესაძლებლობებით და ჩემი გარეგნობითო. არსებობს სხვა ვერსიაც – თითქოს ეს დიალოგი ბერნარდ შოუსა და ისადორა დუნკანს შორის შედგა.
ასე თუ ისე, მერლინი აშკარად საპიოსექსუალი გახლდათ. იგი ჭკვიან კაცებზე გიჟდებოდა. აინშტაინს ვერა, მაგრამ არტურ მილერს ცოლადაც გაჰყვა. “იმით გამიტაცა, რომ ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია. მას ესმის ჩემი სწრაფვა სრულყოფისკენ”, -ამბობდა მერლინი.
რა რომანტიკის ქარცეცხლშიც არ უნდა გავხვიოთ სქესური სიყვარული, ბოლო აკორდი მაინც სექსია და ყველაფერი ბიოლოგიის დონემდე ჩამოდის. ყველა ინსტინქტის მიღმა გადარჩენის ინსტინქტი დევს, მათ შორის სექსუალური ინსტინქტების მიღმაც – ჩვენ საკუთარი გენების გადარჩენა გვსურს არაცნობიერ დონეზე, ჯანმრთელი და ძლიერი შთამომავლობის დატოვების სურვილი გვამოძრავებს, როცა სექსუალურ პარტნიორს ვირჩევთ. ლამაზი=ჯანმრთელს. ძლიერი = უსაფრთხოდ ყოფნას.
ადრე როდესაც ადამიანს შიშველი ხელებით უწევდა თავის დაცვა, ფიზიკური სიძლიერე გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ამ ეპოქის გადმონაშთია ძლიერი და დაკუნთული სხეულებისკენ ლტოლვა. თუმცა ახლა სტანდარტები შეიცვალა. დღეს გადარჩენისთვის საჭიროა ჭკუა. ჰოდა, საპიოსექსუალებიც მომრავლდნენ.
ჩვენ არ გვიყვარს ყურებით, არც გულით. ყველაფერი ტვინით იმართება. ტვინი უმძლავრესი სასქესო ორგანოა, – წერენ ექსპერტები.
ასე რომ, წიგნები იკითხეთ, ტუჩების და კუნთების დაბერვას, მეგობრებო, წიგნები!
წყარო: mental.ge