სანდრო ელოშვილი: „თითქოს ყველაფერი დამთავრდა და მალე შენებთან უნდა იყო, უცებ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი უარესისკენ, ასეთი საზიზღარი და დამპალი ვირუსია ეს“!
რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან გამკლავების სიძნელეებზე წერს. რეჟისორი, რომელიც თავადაც კოვიდინფიცირებულია, თავის მეგობარზე ყვება. როგორც ელოშვილი აღნიშნავს, იგი თავს კარგად გრძნობდა და მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დაუმძიმდა.
„მეგობრებო, იცით რა „დვარნიაშკა” ძაღლიც ვარ. ჩემი წილი კორონა ჩავფახე და გავათრიე ნელ-ნელა ბოლოსკენ, ყოველგვარი გართულებების და ცუდად ყოფნის გარეშე, ამაში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით, თქვენი სითბოთი, სიტკბოთი, კეთილი სიტყვით, კარგი მოკითხვით, გულიანი ხუმრობით და ყურადღებით…
ერთერთი ასეთია „ოქროს ადამიანი“, კარგი კაცი, მოსიყვარულე ქმარი და მამა – გოგა სტეფანიშვილი, რომელსაც ასე პირადად არ ვიცნობ, ასე ვთქვათ „ფეისბუქმეგობრები“ ვართ და დიდი გეგმა გვაქვს. აქედან რომ გავალთ, ორივემ რა მაგარი ძმაკაცობა უნდა ავტეხოთ… ამ სასტუმროშიც რომ შემოვედი პირველ დღეს და გაიგო (საიდან, ახლაც არ ვიცი), დამიმატა, მომწერა, ნუ გეშინია, ყველაფერი მაგრად იქნებაო და, როგორც თბილისში ერთ-ერთი ცნობილი და კარგი კვებითი ობიექტის მფლობელმა, ძალიან გემრიელი საჩუქრები გამომიგზავნა. მას მერე ყოველდღიურად ვწერდით და ვკითხულობდით ერთმანეთს, კარგი ქართველია, კარგი სუფრის და კარგი სიმღერის მოყვარული, ჩვენს მომღერალ და ბულბულ ძმაკაცებს ვატოლებდით ერთმანეთს, ვიდეოებს ვუგზავნიდით -„ აბა, ნახე, აქ როგორ ვიქეიფე“, „აბა, შენ ნახე აქ რა სიმღერა და მოლხენა იყო“… განსხვავება ისაა, რომ მე სასტუმროში ვარ და გოგა – კლინიკაში, 20 დღეზე მეტია, მძიმედ და პრობლემურად მიდიოდა მისი მკურნალობა, ჩვენ რომ ერთმანეთი გავიცანით, ყველაფერი კარგად წავიდა, ესაა ძალა, ესაა ენერგია… უხილავი, მაგრამ ქვას რომ გახეთქავს – ისეთი! წესით, დღეს ან ხვალ უნდა გაეწერათ, სახლში შვილი და მონატრებული ოჯახი ელოდება! ორი დღეა არ გამოჩენილა, ახლა მის ძმას დავურეკე (რომ გადაწყვიტა, ჩემთვის საჩუქარი გამოეგზავნა და გავეხარებინე, უშუალოდ მის ძმას სთხოვა, სხვას ვერ ვენდობიო, ნომერიც აქედან მახსოვდა), დამძიმდა მეორე დღეაო…
ყველას მინდა გთხოვოთ და შეგევედროთ! ვისაც გიყვარვართ! ვისთვისაც ძვირფასი ვარ! მე რომ დამმართნოდა ასეთი რამე, როგორც ჩემთვის ილოცებდით, როგორც ჩემზე შეევედრებოდით ღმერთს და განგებას, ისე შესთხოვეთ ყველამ გულით ღმერთს გოგა სტეფანიშვილის ჯანმრთელობა და მალე დაბრუნება შვილთან. ახალს არაფერს ვიტყვი. თუკი გამოგიტყდებით. რომ ყველაზე მეტად შვილები გვენატრება, ისე მოხდა. რომ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ჩემმა ნიკომ ე.წ. „ვოისი” გამომიგზავნა – მამა მიყვარხარ და მენატრებიო, თავისი ჩლიფინა ენით, გოგამ კიდევ მომიყვა, როგორ იღებს მისი შვილი, როგორ სუნავს მამის ნივთებს და ამბობს, მამის სუნი აქვსო… ძალიან მძიმეა ეს ამბავი, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ღამე მაინც გეფიქრება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხარ, უკეთ ხარ, თითქოს ყველაფერი დამთავრდა და მალე შენებთან უნდა იყო, უცებ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი უარესისკენ, ასეთი საზიზღარი და დამპალი ვირუსია ეს!
საავადმყოფოში საუკეთესო ექიმები ადგანან თავს, ეს თვითონაც თქვა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ. ახლა ყველაფერს აკეთებენ მისთვის, მაგრამ მეტია საჭირო, პატარა სასწაული, ჩვენი ლოცვით და მუდარით მხოლოდ ღმერთს რომ შეუძლია მოახდინოს! მჯერა ამ ენერგიის და ამ ძალის უძლეველობის, ამიტომ იფიქრეთ, თითქოს ახლა მე ვარ აპარატზე შეერთებული, მე ვარ გათიშული, მე მიჭირს სუნთქვა… ილოცეთ, გთხოვთ, გევედრებით, სანთელი დაანთეთ, დალოცეთ კარგი კაცი, ვისაც როგორ შეგიძლიათ!
ყველაფერი კარგად იქნება, ძმაო, იმდენი რამე გველის წინ, რა დროს ასეთებია, რამდენ რამეს დამპირდი! ყველაფერი გასაკეთებელი გაქვს! ჩემს წილ ანგელოზებს ვთხოვ ახლა შენთან ყოფნას! ჩემს წილ ღმერთს ვთხოვ შენს სიძლიერეს! ოღონდ ისუნთქე, ძმაო! ისუნთქე იმ ხალხისთვის, შენთვის რომ სუნთქავს და სუნავს შენს ნივთებს სახლში და ისე გელოდებიან, როგორც არასდროს“!,- წერს სანდრო ელოშვილი.