“სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ” – გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე
გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე კორონავირუსის შესახებ ისაუბრა.
გიორგი ფხაკაძის თქმით, სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, მანამ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით:
„რა შეიძლება, გავაკეთოთ? პირველი: სკოლებმა დაგეგმეთ ისე, რომ ეს წელი იქნება ონლაინ წელი, მომავალი წელიც იქნება ონლაინ წელი, რადგან სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ. მეორე: მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ეს იქნება მასწავლებლების უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ე.წ. ვირტუალური სამასწავლებლოები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ბავშვების შემთხვევაში კი არა კომპიუტერული თამაშები, არამედ ისეთი ურთიერთობა კლასელებთან, რაც დააინტერესებთ და არამარტო გაკვეთილზე მოახერხებენ ურთიერთობას და მესამე – ჩვენ ამ ეპიდემიის დროსაც კი შეგვიძლია, გვქონდეს ურთიერთობა უშუალოდ პედაგოგებსა და ბავშვებთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ტექნიკური შეხვედრები, არა შენობაში, მაგალითად გაისეირნონ გარეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.