რა ასაკისაც არ უნდა იყო, სანამ დედა გყავს, ჯერ კიდევ პატარა გგონია თავი… იცი, რომ ჯერ ის დგას ფარად და მეხამრიდად, სიბერემდე ჯერ კიდევ შორია, ეს გზაც დედას “ჩაუხერგავს” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, პოეტი თამარ ბოლქვაძე დედის დღეს და ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“რა ასაკისაც არ უნდა იყო, სანამ დედა გყავს, ჯერ კიდევ პატარა გგონია თავი… იცი, რომ ჯერ ის დგას ფარად და მეხამრიდად, სიბერემდე ჯერ კიდევ შორია, ეს გზაც დედას “ჩაუხერგავს”… სანამ დედა გყავს, მისი ლოცვა გაძლიერებს, სულ რომ არ დაგანახ-გაგაგონებს, მაგრამ ყოველ დილით საგზლად რომ გატანს!!! სანამ დედა გყავს, ზურგი დაცული გაქვს, მისი ფრთის ქვეშ საიმედოდ ხარ შეფარებული და არაფრის გეშინია… სანამ დედა გყავს, წესიერად არც იცი მისი ზრუნვის ფასი, გგონია, რომ ასეც უნდა იყოს, სულ შენს დიდობას უმტკიცებ, ნაკლებად იზიარებ მის აზრს, თუმცა, იცი, რომ მართალია და ამას მხოლოდ მაშინ აღიარებ, ცხვირს როცა წაიმტვრევ… სანამ დედა გყავს, ლაღი და წელგამართული ხარ, იმიტომ, რომ იცი, შენსა და სიკვდილს შორის ჯერ ის დგას და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად უსაფრთხოდ გრძნობ თავს… სანამ დედა გყავს, მტერიც ვერაფერს გაკლებს, დედის ლოცვაზე ძლიერი “ამულეტი” არც არსებობს და იმიტომ!!! არ გაგღვიძებიათ ნამტირალევს, დედაზე კოშმარული სიზმრის გამო? მერე არ გიგრძვნიათ უსაზღვრო შვება, დედა რომ საღსალამათი დაგხვედრიათ?… ღმერთო, დიდხანს, ძალიან დიდხანს არ აგვიხდინო ეს სიზმარი, დაიცავი და დაიფარე ყველა დედა და სიცოცხლეშივე მოგვმადლე მისი დაფასების ნიჭი!!! დედის დღეს გილოცავთ!!!“- წერს თამარ ბოლქვაძე.