“სტარკო ფუტვეარი” პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთადერთი სამხედრო და სამუშაო ფეხსაცმლის საწარმოა, რომელიც ფეხსაცმელებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს. საწარმო სპეციალურად ამერიკიდან ჩამოტანილი მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი და პროდუქციას ადგილობრივი ნედლეულით ამზადებს. კომპანიის დამფუძნებელი, არჩილ მხეიძე 15 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც ანალოგიურ საწარმოს უძღვებოდა.სწორედ იქ გაუჩნდა იდეა, რომ სამშობლოში მაღალტექნოლოგიური საწარმო შეექმნა და იდეა ქართველ ებრაელ ბიზნესპარტნიორ გაბრიელ მირილაშვილთან, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კომგრესის პრეზიდენტთან ერთად განახორციელა.
„სტარკო ფუტვეარმა“ მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ჩვენ სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიტანეთ მანქანა-დანადგარები და ისინი საწარმოში ამერიკელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ნედლეულის მეშვეობით ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ”, – ამბობს არჩილ მხეიძე ინტერვიუში.
საწყის ეტაპზე კომპანიის ინვესტიციამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. საწარმოში 60-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაზრდასთან ერთად, როგორც არჩილ მხეიძე ამბობს, ეტაპობრივად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. გარდა ამისა, „სტარკო ფუტვეარის“ წარმოება სხვა ადგილობრივი წარმოებების განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად, ნატურალურ ტყავს, რომელსაც ფეხსაცმლის დასამზადებლად იყენებენ, ასევე, ქართული კომპანია ამზადებს.
“ჩვენი მიზანია, და ამას ვაკეთებთ კიდეც, რომ შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი წარმოების პროდუქტი. ჩვენს საწარმოში დამზადებული სამხედრო ფეხსაცმელი ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ჩვენი ფეხსაცმლის ძირზე ამერიკული ხარისხის ნიშანია“, – განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.
არჩილ მხეიძის თქმით, უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ნაწარმის ანალოგი რეგიონში არ მოიპოვება, რაც „სტარკო ფუტვეარს“ უნიკალურობას სძენს.
„წარმოიდგინეთ, ჩვენი დანადგარები ტყავს და ძირს ერთმანეთზე იმგვარად ადუღებს, რომ მათ გასაცალკევებლად 100 კილოგრამის შესაბამისი ძალაა საჭირო“, – განამრტავს დირექტორი.
საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ამ ეტაპზე ქართველი სამხედროებისთვის ფეხსაცმელებს უცხოური კომპანია ამზადებს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივი საწარმოს ფეხსაცმლის შეძენა არა მარტო ბიუჯეტს ზედმეტ ხარჯებს დაუზოგავს, არამედ ხელს შეუწყობს მოქალაქეების დასაქმებასა და სხვადასხვა მიმართულებით ქართული წარმოების განვითარებას.
რაც შეეხება „სტარკო ფუტვეარის“ სამომავლო გეგმებს, კომპანია აპირებს, რომ კვლავ ამერიკიდან ჩამოიტანოს დამატებით მანქანა-დანადგარები და განავითაროს წარმოება.
„ვგეგმავთ, რომ კიდევ ჩამოვიტანოთ ახალი მანქანა-დანადგარები და გავაფართოოთ წარმოება, რაც სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს ჩვენი ნაწარმით მოვამარაგოთ ადგილობრივი, არამედ უცხო ქვეყნის ბაზარიც არა მარტო“. – აღნიშნა არჩილ მხეიძემ. როგორც არჩილ მხეიძე ამბობს, მათი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნით ადგილობრივი წარმოების განვითარება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებაა.
სოფიო რატიშვილი