დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის, სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებსა და მიტანის სერვისის კურიერებზე;
დღეიდან, 9 ნოემბრიდან ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა – სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
დღეიდან, 9 ნოემბრიდან, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე – კერძო საბავშვო ბაღები;
ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.