”ჩემი ბებიისა და ბაბუის თაობა ბევრად უფრო ტრადიციული იყო, ვიდრე მე ვარ, რადგან მათთვის ეს ყველაფერი მეტად ღირებული და ფასეული გახლდათ. თაობებთან ერთად იცვლება შეხედულებები, თუმცა სადღეგრძელოს თქმა, სუფრაზე თამადის ყოლა ჩემს ოჯახშიც შენარჩუნებულია”, – ამბობსსალომე გოგიაშვილი ტრადიციებზე საუბრისას.
– რას იტყვი იმ ტრადიციებზე, რომლებიც შენი აზრით მოძველებულია?
– მაგალითად, ჩვენი ბებიების დროს თუ ქალი უქმროდ აჩენდა ბავშვს, ეს იყო დიდი სირცხვილი, გვარის, ოჯახის, ნათესავების შეურაცხყოფა. მესმის, ამას ჩვენი ბებიები რთულად აღიქვამენ, მაგრამ XXI საუკუნეში შვილის გაჩენა, ქმრით თუ უქმროდ, არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება ქალის მხრიდან, რადგან შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია.
– ჩვენი ბებიების დროს მოდური იყო მაჭანკლობა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მზითვს.
– მე ძალიან მომწონს მაჭანკლობა, მინდა, ჩემ ირგვლივ ყველა ბედნიერი იყოს. მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო, როგორც შემიძლია. რაც შეეხება მზითვს, ვფიქრობ, მშვენიერი ტრადიციაა. ”ვეფხისტყაოსანი” და ნარდი დღეს აღარ უნდა იდოს მზითვში, რადგან ყველა დროსა და ეპოქას თავისი საგანძური აქვს. დღეს რომ ”ვეფხისტყაოსანი” გაატანო მზითვში, შეიძლება, გოგოც უკან გამოუშვან. მე გოგო მყავს და რომ გათხოვდება, აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ოჯახში ხელდამშვენებული შევუშვა, იმიტომ, რომ ეს კულტურასა და ყურადღებაზე მეტყველებს.
– რას ფიქრობ გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე, ზოგი, რელიგიის კუთხით, ამას უარყოფითად უყურებს.
– უკვე დიდი ხანია მივხვდი, რელიგიას ისე იყენებენ, როგორც უნდათ. რელიგია არაა დოგმა, რომელსაც ეთანხმები თუ არა, მაინც უნდა დაუჯერო. მრუშობა არ შეიძლება და ცოდვად მიიჩნევა, თორემ არსად წერია, ბოიფრენდი არ გაიჩინო და მასთან ერთად არ იცხოვროო.
როცა ჩემს შვილს ამის ასაკი მოუვა, ალბათ, გამიჭირდება შეგუება, მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის არსებობა სწორია. ერთია, როცა ბიჭი დაგპატიჟებს სადღაც, გეტყვის კომპლიმენტს და მეორეა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ყოფით პრობლემებს რომ ეჯახები, გაზისა და შუქის გადასახადი რომ გეკისრება, მერე უფრო ხვდები, გინდა თუ არა იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ეწყობით თუ არა, თუნდაც სექსუალურად. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს პარტნიორების წამდაუწუმ ცვლაში.
დღეს გოგონაზე საუბრისას ბევრი ბიჭისგან მსმენია, 28 წლის ასაკში ისევ ქალიშვილიაო? მის პატიოსნებას კი არ უსვამენ ხაზს, ინტერესდებიან, რაიმე ხომ არ სჭირს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე რომ ჩემს პირველ მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ მეცხოვრა, არ გამეჩინა შვილი, ჩვენ დღეს ერთად მაინც არ ვიქნებოდით, მაგრამ დანგრეული ოჯახი კი არ გვერქმეოდა, არამედ წყვილი, რომელმაც ერთად ცხოვრება ვერ შეძლო.
– ოჯახის უფროსის ფენომენი როგორ გესმის?
– ქალსა და კაცს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ, ჩვენს ოჯახში ეს ერთმანეთის აზრის პატივისცემასა და გათვალისწინებაში გამოიხატება, თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც ჩემს ქმარს ეკუთვნის. რასაც კაცი აკეთებს, ყველაფერი იმავენაირად ქალმა გააკეთოს, ეს არც ჩვენს ტრადიციებში ჯდება და არც თანასწორუფლებიანობაა. ამით არ ვამბობ, რომ ქალი სამზარეულოში ფქვილით დასვრილი უნდა იდგეს, კაცმა ურტყას და თან იგულაოს. მე მომწონს, როცა ოჯახში კაცი კაცია და ქალი – ქალი. თუკი კაცი მეგობრებთან ერთად დასალევად ღამის 12 საათზე წავა, ქალი ამას ვერ გააკეთებს, რაც უნდა ევროპული შეხედულებების ქმარი ჰყავდეს. რომ წავიდეს, მეორე დღეს ილაპარაკებენ, შუაღამისას რა უნდოდა რესტორანში, ხომ არ გაბოზდაო (იცინის). ამიტომ რაღაც ჩარჩოებში მაინც ვექცევით, იმიტომ, რომ ვართ ქართველები და აზიატები.
– სალომე, კაცის ღალატი ”მოსულა”, ქალის ღალატზე კი ქვეყანა ინგრევა – რატომ?
– ჩემს მეორე ქორწინებას, ბევრ საზიზღრობასთან ერთად, ღალატიც ახლდა. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, რამდენად მწარეა. ვერ გავაკრიტიკებ ქალებს, რომლებიც იგებენ, ქმარს საყვარელი ჰყავს და პატიობენ. უფრო იმ ქალებს გავაკრიტიკებ, რომლებიც ამ ამბავს ეგუებიან და ცხოვრობენ ორ ოჯახად. არაფერი, არც ფინანსები და არც დამოკიდებულება ქმრისადმი არ მომცემს იმის ძალას, რომ ვიცხოვრო სახლში, სადაც ქმარი არ მოდის, საყვარელთან დროს ატარებს და ამ დროს მე ფურცელზე გაფორმებული ცოლი ვარ. კაცები რომ ”დაძვრებიან”, ეს მამრობითი სქესის ინსტინქტით აიხსნება – კაცი არ იმართება ტვინით, ბუნებით მონადირეა, ჟინს იკმაყოფილებს და უმეტეს შემთხვევაში ამის მერე იმ ქალის სახელიც აღარ ახსოვს.
– და ასეთი ღალატისთვის უნდა დაინგრეს ოჯახი?
– ასეთი ღალატი ქმარმა ცოლს არ უნდა გააგებინოს, მაგრამ თუ ქალს უღირს ქმარი, ამ ერთი შეცდომის გარდა სხვა მხრივ ურთიერთობაში და არამარტო, ძალიან კარგად გრძნობს თავს, მაშინ არ ღირს ოჯახის დანგრევა. ყველა ადამიანს აქვს ერთი შეცდომის უფლება. მე არც მინდა ამის გაფიქრება, თუმცა არავინაა დაზღვეული. ბედნიერი ვარ, არაჩვეულებრივი ქმარი მყავს და ერთი ”გაძრომისთვის” ამ ბედნიერების დანგრევა არ ღირს, თან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი საყვარელს არასდროს გაიჩენს. თუმცა, ასეთი რამ რომ გავიგო, შეიძლება, მოვკლა ორივე და მერე ჩაწერთ ჩემთან ინტერვიუს, როგორ მოვკალი ქმარი (იცინის).
– როგორია შენი დამოკიდებულება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ?
– მე ხომ ცნობილი ჰომოფობი ვარ… (იღიმის). მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ”იმედმა” ჰომოფობობა დამაბრალა, ამის გამო შეურაცხყოფილად მაგრძნობინა თავი და სამსახურიდან გამომიშვა, უნდა ვთქვა, რომ მე არ ვარ ჰომოფობი. ეტყობა, იქ არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა. მე მყავს არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები, ნაცნობები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველამ იცის, სილამაზის სალონებში სტილისტების უმრავლესობა არაა ტრადიციული ორიენტაციის, მაგრამ მათთან ჩვეულებრივად ვურთიერთობ. უბრალოდ, ბიჭები მყავს შვილები, სანამ ჩამოყალიბდებიან, მიხვდებიან, გაიაზრებენ ყველაფერს, მირჩევნია, უფრო ჯანსაღ გარემოში გავზარდო, ვიდრე არატრადიციული ადამიანების წრეში. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და არაა ჰომოფობია.
რაც შეეხება აღლუმს, ჩემთვის მიუღებელია, მე ვარ ქართველი, ტრადიციებზე გაზრდილი ადამიანი და არ მიმაჩნია სწორად ეკლესიებით გარშემორტყმულ ცენტრალურ ქუჩაზე ვარდისფერკოლჰოტიანი, საყურეებიანი ბიჭების მსვლელობა. ათასი კლუბი და სხვა ადგილია, წავიდნენ და რაც უნდათ, ის გამართონ, თან საზოგადოებაშიც ნაკლები აგრესია დაგროვდება მათ მიმართ. ჩვენი ხალხი არ არის მზად იმისთვის, რომ ჩახუტებულ-ჩაფსკვნილ ბიჭებს უყუროს შუა რუსთაველზე. ევროპელობა არ იწყება გეიაღლუმით, სხვა უამრავი კარგი ტრადიცია აქვთ, რომელთა გადმოღებაც შეგვიძლია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ”რეიტინგი”