საინტერესო დეტალები უიტნი ჰიუსტონის ცხოვრებიდან

უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი 1963 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. გოგონა საშუალოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და პატარაობიდანვე მუშაობდა საკუთარ ხმაზე. ზუსტად იცოდა, რომ მომღერალი გამოვიდოდა, თუმცა, არც ფოტომოდელობაზე უთქვამს უარი და არც – მსახიობობაზე. 11 წლისა ერთ-ერთი პატარა ეკლესიის მგალობელთა გუნდში მღეროდა. სწორედ ეს შეიძლება ჩავთვალოთ მსოფლიო ვარსკვლავის პირველ პროფესიულ ნაბიჯად. მას შემდეგ კი, რაც ქლივ დეივისი ჰიუსტონის ნიჭით დაინტერესდა, მომღერლის კარიერული წინსვლა არ შეჩერებულა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდამოკიდებულების გამო დიდი ჩავარდნები ჰქონდა, მსმენელს უიტნისთვის არასოდეს უღალატია. ამას ისიც მოწმობს, რომ ჰიუსტონის სიკვდილიდან სამი წელია გასული, მისი ხმა კი ახლაც ყოველდღიურად ისმის ყველა გემოვნებისა თუ ეროვნების წარმომადგენელთა პლეილისტიდან.

დღეს უიტნის 52 წელი შეუსრულდებოდა. OK! მომღერლის ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ…

უიტნი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ქალი მომღერალი.

პირველი როლი შეასრულა ფილმში „პირადი მცველი“, რომლის მთავარი საუნდტრეკიც I Will Always Love You ქალის მიერ შესრულებულ ყველაზე გაყიდვად სიმღერად აღიარეს.

უიტნი გახდა პირველი, რომელმაც ერთი კვირის მანძილზე ალბომის მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. გარდა ამისა, მისი ნამუშევარი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოს ყველა დროის 10 ყველაზე გაყიდვად ალბომს შორის.

უიტნის 7 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი 2009 წელს გამოსული I Look To You იყო.

უიტნის ნათლია იყო არეტა ფრანკლინი.

I Will Always Love You სინამდვილეში დოლი პარტონის 1974 წლის სიმღერაა. უიტნიმ მსმენელს ამ სინგლის თავისებური ვერსია შესთავაზა, რამაც ის გამოიწვია, რომ I Will Always Love You, ბილბორდის 200 საუკეთესო სიმღერას შორის, პირველ ადგილს 20 კვირის განმავლობაში იკავებდა!

2002 წელს, როცა ამერიკა ერაყში შესასვლელად ემზადებოდა, სადამ ჰუსეინი ტელევიზიებსა და რადიოებს აშვებინებდა საარჩევნო რეკლამებს, რომლებსაც ფონად ჰქონდა I Will Always Love You.

უიტნის რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა ედი მერფისთან.

მისი საყვარელი მსახიობი იყო რობერტ დე ნირო.

ყველაზე მეტად იასამნისფერი მოსწონდა.

2002 წელს უიტნიმ დაიან სოიერს მისცა ინტერვიუ, რომელიც ყველაზე რეიტინგულად დასახელდა სატელევიზიო ისტორიაში. სწორედ აქ ისაუბრა ნარკოდამოკიდებულების შესახებ.

2012 წლის 11 თებერვალს უიტნი ბევერლი-ჰილსის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ორი დღით ადრე, ქელი ფრაისთან ერთად, გრემის დაჯილდოებამდე გამართულ წვეულებაზე იმღერა. როგორც დადგინდა, ფსიქოტროპული წამლებისა (რომელსაც ექიმის რეცეპტით იღებდა) და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ მომღერლის გაგუდვა გამოიწვია.

უიტნის გარდაცვალების შესახებ რომ გაიგო, დოლი პარტონმა მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა: „მე ყოველთვის უღრმეს მადლობას გადავუხდი უიტნის იმისათვის, რომ ჩემი სიმღერა ასე შეუფასებლად შეასრულა. გულის ყველაზე ღრმა წერტილიდან ვეუბნები: I will always love you, უიტნი!“.

უიტნის გარდაცვალების ამბავი რომ უთხრეს, ბობი ბრაუნი (ყოფილი მეუღლე) ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა, თუმცა, მისისიპის კოცერტი მაინც არ გაუუქმებია. გამოსვლის დროს კი, თურმე, ტირილს ვერ იკავებდა, ცაში კოცნას გზავნიდა და ჩურჩულებდა: “I will always love you, უიტნი!”.

 

 

წყარო: www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები