ვუყურებ პეტრე კოლხის მოღვაწეობას და …..
გავიგეთ რომ 21-ე საუკუნის თანამედროვე მოძღვარი ბრძანდებით რომელისთვისაც დღეში 10 სელფი მისაღებია… საზოგადოების რაღაც ნაწილმა ეს თავიდან ვერ გავიგეთ მაგრამ არაუშავს. შემდეგ ამ სელფებს უკვე ფერებში დამუშავებული ფოტოებიც ვიხილეთ… ვერც ეს გავიგეთ მაგრამ ესეც არაუშავს. ზოგადად ვინც წერს ყველა დამეთანხმება რომ როდესაც რაიმე გონივრულ ფრაზას დავწერთ ყოველთვის გვინდა რომ იქვე საკუთარი სახელიც მივაწეროთ… ჩვენივე სახელის უკვდავსაყოფლად, მეც გამიკეთებია ეს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჩემი თავის შემრცხვა… ვიგრძენი საკუთარი თავის განდიდება როგორ შემომეპარა ამდაგვარი მოქმედებით… თქვენ კი უკვე სურათებზე თქვენივე გამონათქვამების ატვირთვა დაიწყეთ… ეს ხალხმა უნდა გააკეთოს და მერე ექნება ფასი დამიჯერეთ…
სოციალურ ქსელში ავრცელებენ ხოლმე იესო ქრისტეს სურათს წარწერით “თუ გიყვარს გააზიარე თუ არადა გაატარე” ან “ თუ სახლში შემოუშვებდი ლაიქ, თუ არადა გაატარე” ან “ თუ “ქრისტიანი ხარ კომენტ თუ არადა გაატარე” და ა.შ. …რავქნა, ცოდვაში ვვარდები და სოციალურ ქსელში ყოველ მეორე დღეს თქვენს მიერ “მიყვარხარ უფალო”-ს წერაც ამდაგვარ სურათებს მახსენებს…
ეხლა გადავიდეთ მთავარზე… როდესაც თქვენი შვილის ფოტოები დადეთ საზოგადოებამ მარიამს კი არ ესროლა ტალახი არამედ თქვენ მოგცათ შენიშვნა რომ ასეთი საქციელი მოძღვარს არ შეშვენის. (ზოგადად მე ვთვლი რომ მაგ სურათებში არაფერი განსაკუთრებული არ იყო… მაგრამ რადგან თქვენ ხართ მოძღვარი, თქვენი ეგ საქციელი არ შეეფერებოდა იმ პასუხისმგებლობას რომელიც ერისკაცობის დათმობის და ანაფორის ჩაცმის შემდეგ აიღეთ ) თქვენ კი ლამის პანიკა ატეხეთ აქაოდა ტალახს ესვრიან 13 წლის ბავშვსო… და ასე მარტივად ამოეფარეთ თქვენივე 13 წლის შვილს.
შემდეგ დიდი წერილი დაწერეთ პასუხად, სადაც შენდობის ნატამალიც კი არ ერია და ყველაზე მეტად კი იმან იმოქმედა ჩემზე როცა ამბობთ რომ იმ ადამიანებს ვისაც თქვენი საქციელი არ მოეწონა მზად იყო რომ მარიამი ჩაექოლათ – ეს ცილისწამებაა რომელიც ასე უპრობლემოდ აღმოგხდათ მოძღვარს და კიდევ ერთხელ დავინახე პასუხისმგებლობა აცილებული 13 წლის შვილს ამოფარებული მამა!
შემდეგ ერეკლე დეისაძე ამოიყენეთ გვერდში საჯაროდ.
მიუხედავად იმისა რომ პირადად მე მისი შემოქმედების რაღაც ნაწილი არ მომწონს და არის რაღაცეები რაც ძალიან მომწონს… ვთვლი რომ ერეკლე დეისაძე დღევანდელობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ხელოვანია… რომელსაც ჩემი აზრით ცოტა მორალი აკლია და 21-ე საუკუნე ის საუკუნეა სადაც მორალზე და ნორმებზე ყველაზე მეტად დაობენ… ასე რომ ამ თემაზე ვრცლად არ ვაპირებ მსჯელობას.
ეხლა რატომ ვახსენე ერეკლე… იცით საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მის მიმართ და ამ შემთხვევაში თქვენი ამ საქციელით ცეცხლზე ნავთი დაასხით… მოძღვარი შემრიგებელი უნდა იყოს და თქვენ კი პირიქით იქცევით… თითქოს საზოგადოებას განგებ აპირისპირებთ ერთმანეთთან!
ბოლო-ბოლო თუ მართლა ასე ცამდე მართალი იყავით ყველაფერში, არც ერეკლე, არც არანაირი ვრცელი წერილი, არც ორკუპლეტიანი ლექსები და ა.შ. არ იყო საჭირო…. მხოლოდ ერთი სიტყვა “უფალმა შეგინდოთ” გაქცევდათ ამ ყველაფერში უპირატესად და ჩვენ თუ რამეს ვცოდავდით ზუსტად ასე უფრო გავიგებდით ჩვენსავე არასწორ საქციელს.
მარიამის სურათზე კომენტარი დაგიწერათ ვიღაცამ.. “რა კარგი ბავშვია და რა ცუდია რომ ასეთ ბოღმიან ქვეყანაში ცხოვრობსო” და თქვენი პასუხი იყო “არაუშავს, იქ წავა სადაც ნაკლები სიძულვილიაო”…
ჩვენც ვიცით რომ დღეს საქართველში ბოღმა, სიძულვილი და მსგავსი ცუდი თვისებები დუღს და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ერია სუსტად, ავად ვართ გესმით???… უსიყვარულობა შეგვეყარა მთლიანად ერს და თქვენ კი იმის მაგივრად რომ თქვენი წილი სულიერი მკურნალობა შეიტანოთ ერის გამოჯანმრთელებაში… პირიქით, უფრო ეხმარებით ხალხს ერთმანეთთან დაპირისპირებაში სადაც ბოლოს ისევ ეკლესია დაზარალდება.
თქვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და განსაკუთრებით თინეიჯერები გისმენენ, რამეთუ მოსწონთ თქვენი თანამედროვე სტილი და ამდენი ყურადღებით, ლაიქებით და კომენტარებით გათამამებულს გავიწყდებათ რომ სხვისი შვილების სულები გაბარიათ და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ღმერთის წინაშე…
დღევანდელი თაობა თავისუფლების თაობაა და ბევრ იმ შეზღუდვაზე ამბობს უარს რაზეც უფროსი თაობა თანახმა იყო… მაგრამ ერთიანად ყველა კარების და ფანჯრის გაღებაც არაა კარგი, რამეთუ ერთიანად შემოვარდნილმა ჰაერმა გაციება იცის.
ერთხელ ერთმა ჩემთვის უაღრესად საყვარელმა მამაომ ასეთი რამე მითხრა… ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ რომ ჩემდაუნებურად ჩემი საქციელით, პასუხით ან სხვა ნებისმიერი რამით არავინ არ დავაბრკოლო მისკენ მიმავალ გზაზეო და რატომღაც როდესაც თქვენს აქტივობებს ვხედავ სულ ეს გამონათქვამი მახსენდება ხოლმე…
უკვე ლამის ორი კვირა გავიდა ამ აჟიოტაჟის დაწყებიდან და კვლავ ყოველდღე გვახსენებთ რომ ტალახი გესროლეს, მრჩება შთაბეჭდილება რომ თემის აქტივობა გაწყობთ… დღესაც კიდევ ერთი მოძღვარის წერილი გამოგიქვეყნებიათ… ინგლისურში ასეთი გამონათქვამია calm down, თარგმანი ნახეთ და მიხვდებით რისი თქმა მინდა.
ამ წერილის აქ იმიტომ ვწერ რომ როდესაც პატრიარქმა 13 ივნისის ტრაგედია საბჭოთა დროს გადადნობილ ზარებს დააბრალა (რომელიც ბევრს არ მოეწონა და მათ შორის მეც)… თქვენ საზოგადოების უმრავლესობის აზრის მოსმენის შემდეგ საჯაროდ მიმართეთ მას… ოღონდ ფეისბუკით ! ( აი იმ ფეისბუკით რომელსაც პატრიარქი ალბათ საერთოდ არ ხმარობს )
ასე რომ ჩემი ეს საქციელიც ნუ გაგიკვირდებათ, თქვენი ქცევით შეწუხებულმა გადავწყვიტე ჩემი აზრის საჯაროდ დაფიქსირება… და სანამ კიდევ ერთხელ მოირგებთ ტანჯულის და ჩაგრულის მანტიას, მანამდე გეტყვით რომ ტალახს ნამდვილად არ გესვრით… უბრალოდ ეს არის ერთი ადამიანის აზრი რომელსაც თქვენი საქციელებით ნამდვილად აბრკოლებთ.
და თუ ეს ასე არაა და ის განსხვავებული აზრი რაც თქვენს მიმართ ამ ბოლო დროს უხვად გამოითქვა არის ცილისწამება, ტალახის სროლა და განსჯა, მაშინ გიხაროდეთ რამეთუ “ნეტარ არიან ჭეშმარიტებისთვის ტანჯულნიო”
როგორც თავში ვთქვი, რაც მეტად გაკვირდებით თქვენ… მით მეტად მინდა რომ ერთი რამე გითხრათ – ნუ ყოფთ მრევლს თქვენიანებად და არათქვენიანებად…
ამას წინათ სადღაც განაცხადეთ თუ დაწერეთ რომ ჩარჩოებს ვანგრევო და ჩემი თხოვნა იქნება რომ ცოტა ფრთხილად დაანგრიეთ ეგ ჩარჩოები რამეთუ მაგ ჩარჩოების გარშემო რომელსაც თქვენ ასე მონდომებით ანგრევთ… ხალხი ვართ და ისე არ მოხდეს რომ ჩვენ მოგვიყოლოს მაგ ნანგრევებმა… თქვენ კი ბულდოზერში მჯდომმა ამ ყველაფრის შემდეგ თავში ხელები არ წაიშინოთ ვაი ეს რა გავაკეთეო !
P.S. თუ ეს რაც მე აქ დავწერე არის ცოდვა, ცდუნება, განსჯა, განკითხვა და ა.შ. … იცოდეთ რომ მე ეს თქვენმა საქციელმა გამაკეთებინა და ბევრია ჩემნაირი, ასე რომ იფიქრეთ იმაზე რომ გარდა ხოტბის შემსხმელი კომენტარების ავტორებისა, არსებობენ ადამიანები ვისაც თქვენი საქციელი ბრძოლაში აგდებს….
წყარო:http://www.newposts.ge/?l=G&id=84259