საზარელი შემთხვევა ომსკში – 2 წლის ბავშვი, რომელიც ბაბუამ ღუმელში შეაგდო, გარდაიცვალა

რუსეთში, ომსკის დამწვრობის ცენტრში ორი წლის ბიჭი დაიღუპა, რომელსაც ბაბუა ღუმელში დაწვას უპირებდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ეს საზარელი ამბავი 22 აპრილს მოხდა. ბებია-ბაბუასთან ბავშვი 21 წლის დედამ მიიყვანა, თვითონ კი სამსახურში წავიდა. საღამოს ქალი შვილიშვილთან ერთად იწვა დივანზე ტელევიზორთან, როდესაც ოთახში მისი მთვრალი მეუღლე შემოვარდა. ცოლი მან გარეთ გააგდო, კარი ჩაკეტა და ბავშვს ფეხში ჩაავლო და ღუმელში შეაგდო.
ბიჭის საშველად დედის დაქალი მივიდა, რომელიც ფანჯრიდან გადაძვრა სახლში და ბიჭი აალებული ღუმელიდან გამოიყვანა. ამ დროს 53 წლის ბაბუა სახლში დარბოდა და ყვიროდა, რომ ეშმაკი ბიჭი უნდა დამწვარიყო.
აგარაკზე სასწრაფო დახმარების მანქანა 15 წუთში მივიდა.
“იქ საშინელი გზაა, ჩახლართული. ჩვენ მივქროდით და, ლამის, ღობეებს ვტეხავდით. ყოველი წამი მნიშვნელოვანი იყო. მძღოლმა იცოდა, რომ მანქანა დაიმტვრეოდა, მაგრამ არ შეყოვნებულა და დიდი სისწრაფით მიდიოდა”, – განაცხადა ომსკის სასწრაფო დახმარების განყოფილების მთავარმა ექიმმა.
ექიმებმა დიდხანს იბრძოლეს ბიჭის სიცოცხლისთვის – რეანიმაციაში სამი დღის გატარების შემდეგ, ბიჭი, რომელსაც სხეულის ნახევარზე მეტი დამწვარი ჰქონდა, დაიღუპა.
“ბოლო დღეებში, მას ანტიშოკურ თერაპიებს უტარებდნენ. მისი მდგომარეობის სტაბილიზირებას ცდილობდნენ”,- აცხადებენ რაიონული ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

სხვა სიახლეები