სავსე მთვარე და სუპერ ე.წ. „სისხლიანი“ მთვარის სრული დაბნელება – ვისზე მოახდენს გავლენას ეს პერიოდი ყველაზე მეტად?

26 მაისს სავსე მთვარე და სუპერ ე.წ. „სისხლიანი“ მთვარის სრული დაბნელებაა, 10 ივნისს კი ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა. როგორ აისახება ეს პერიოდები ზოდიაქოს ნიშნებზე, ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დაბნელებები და რეტროგრადული პლანეტები ხომ არ მოგენატრათ?
არ მოგაწყენთ, დიდი ამბები გველოდება წინ
26 მაისს სავსე მთვარე და სუპერ ე.წ. „სისხლიანი“ მთვარის სრული დაბნელებაა, 10 ივნისს კი ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელება.
23 მაისს – სატურნი, 30 მაისს კი მერკური გადადის უკუსვლის რეჟიმზე.
მოკლედ, ამ ზაფხულს დიდი ასტროლოგიური მცხუნვარებით ვეგებებით.
რას ველოდებით და ვისზე მოახდენს აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენები გავლენას ყველაზე მეტად?
დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. ესაა სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს აღარაფერს გვაძლევს. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რაც გვიბიძგებს ისეთ საკითხებზე წერტილის საბოლოოდ დასმისკენ, რომელსაც უკან აღარასდროს დავუბრუნდებით. დაბნელების ენერგია ბევრი ადამიანისთვის მტკივნეულ ცვლილებებთან ასოცირიდება, ბევრისთვის კი ტრანსფორმაციის იდეალურ დროსთან. აქ მთავარი სწორედ ჩვენი მიდგომა და მზაობაა იმისთვის, რომ მივიღოთ და გავაცნობიეროთ საკუთარი რეალობა.
26 მაისს მთვარის სრული დაბნელება მშვილდოსნის 5’26 გრადუსზე გვაქვს. დაბნელებები ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე 2020 წლის ივნისიდან დაიწყო და წელს დეკემბერში დავასრულებთ მშვილდოსნით (ამ ნიშნების ღერძზე). შესაბამისად, თემები, რასაც ეს დაბნელება ააქტიურებს, შესაძლოა, რადიკალურად ახალი სულაც არ იყოს. ეს უფრო წააგავს დასასრულის წინა პერიოდს, ოღონდ უფრო ძლიერი და ინტენსიური გავლენით, ვინაიდან დაბნელება იმავე ნიშნის მმართველ პლანეტასთან ქმნის კვადრატულ ასპექტს (მშვილდოსანი -> იუპიტერი).
იუპიტერს, რომელიც ესესაა სულ ცოტა ხნით თევზებში გადავიდა, ნეპტუნთან გამარჯობის თქმაც არ ჰქონდა დასრულებული, ისე გამოეჭიმა დაბნელება დაძაბული ასპექტით. იუპიტერი ვიცით, რომ რასაც შეეხება, ყველაფერს ზრდის და აფართოებს. შესაბამისად, ამ დაბნელების თემებიც ვერ იქნება პატარა. დიდი ცვლილებები, დიდი სიახლეები, დიდი ამბები…
ე.წ. „სისხლიანი“ მთვარე, რომელიც მისი წითელი შეფერილობის გამო დაერქვა, საკმაოდ იშვიათია. ბოლოს ასეთი მთვარე 2019 წლის იანვარში გვქონდა. შესაბამისად, ეს დაბნელება ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. ასტროლოგიაში „სისხლიანი“ მთვარის დაბნელებები ცნობილია, როგორც უცაბედი ცვლილებების, ტრანსფორმაციის საჭიროებისა და სრულიად ახალი მიმართულებების მომტანი. დაბნელებებს, როგორც წესი, იქ მივყავართ, სადაც უნდა ვიყოთ, იმას გვაშორებს, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, იმას გვანახებს, რასაც უნდა ვხედავდეთ იმის მიუხედავად, ეს მარტივია თუ არა ჩვენთვის. გვსურს თუ არა, ცნობიერების ახალ, უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეთ. მშვილდოსანი უმაღლეს გონებასა და სიბრძნეს უკავშირდება. ეს არის ენერგია, რომელიც სცილდება ყოველდღიურობასა და დეტალებს და გვაჩვენებს მთლიან სურათს, კავშირებს, აზრს. ვეცადოთ, ნაკლებად ვიფიქროთ პატარა საკითხებსა და უმნიშვნელო პრობლემებზე. ის, რაც გასაშვებია, უნდა გავუშვათ და გავათავისუფლოთ სივრცე სიახლეებისთვის. დაბნელებები ყველა ადამიანზე თავისებურად განსხვავებულ გავლენას ახდენს, მაგრამ ერთი ნამდვილად გვაქვს საერთო – აძლიერებს ემოციებს და ყველაფერი ამოაქვს ზედაპირზე. შესაბამისად, მთვარის დაბნელების დროს უფრო მაღალია ემოციური ფონი და იმ დროს ზედმეტად განვიცდით იმ ცვლილებებს, რის წინაშეც გვიწევს დადგომა. ასეთ დროს ხშირად წინ გზას ვერ ვხედავთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიახლეების დაგეგმისთვისაც გვექნება დრო ივნისში მზის დაბნელების დროს. ახლა მთავარია, მოვიშოროთ ზედმეტი, დავსვათ წერტილები და გავთავისუფლდეთ. ცვლილებები, რომლის წინაშეც ახლა დავდგებით, შესაძლოა, ვერც მივხვდეთ, რა მიზანს ემსახურება. ზუსტი დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება მოგვიანებით, უკვე 2022 წლიდან შეგვეძლება, როდესაც ტყუპები-მშვილდოსნის დაბნელებებს დავასრულებთ.
მომდევნო, 10 ივნისის მზის დაბნელება უკვე ტყუპების 19’47 გრადუსზე გველოდება. შესაბამისად, თუ თქვენს პირად ჰოროსკოპში მზე, მთვარე, პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები მუტაბელურ ნიშნებში (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) გაქვთ, სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობთ მაის-ივნისის დაბნელებების გავლენას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რუკაში ამ ნიშნებიდან არცერთი გაქვთ აქტუალური, დაბნელებები თქვენზე გავლენას არ მოახდენს. მნიშვნელოვანია, რომელ ასტროლოგიურ სახლებში მოხვდება დაბნელებების გრადუსები. ყველა სახლი კონკრეტულ სფეროს უკავშირდება და სწორედ იმ სახლის შესაბამის სფეროებში უნდა ველოდოთ ცვლილებებს.
კარგი ამბავია ის, რომ დაბნელებებს ამჯერად მშვენიერი ასპექტი აკავშირებს სატურნთან, რომელიც 23 მაისიდან უკუსვლით რეჟიმზე გადადის. სატურნი მერწყულის მე-13 გრადუსიდან დაიწყებს უკუსვლას და ოქტომბერში მე-6 გრადუსიდან გაასწორებს მოძრაობას. ვინც ჩემს სტატიებს თვალს ადევნებდით, გახსოვთ ალბათ, რამდენად ხშირად გვიწევდა გასულ წელს სატურნზე საუბარი მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. მართალია, ურანთან კვადრატი ისევ ჩართულია და ფონად კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ დაბნელებებთან ჰარმონიული ასპექტი საშუალებას მოგვცემს, პრაქტიკული, რეალისტური გადაწყვეტილებები მივიღოთ. რეტროგრადული სატურნის ენერგია ესაა შეჯამება, შეფასება, დასკვნები, სამყაროს უკუკავშირი ჩვენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე. იმას მივიღებთ, რასაც ვიმსახურებთ, იმას მოვიმკით, რაც დავთესეთ. სატურნია ის პლანეტა, რომელიც ყოველთვის სიმყარის, სტაბილურობისა და გარანტიების მნიშვნელობას შეგვახსენებს. რამდენადაც გულწრფელი ვიქნებით საკუთარ თავთან და ისევ და ისევ, საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას, იმდენად წარმატებული იქნება მომდევნო პერიოდიც და მთლიანობაში, ცხოვრებაც.
სატურნის უკუსვლა სხვებთან შედარებით იმ ადამიანებს შეეხება, ვის რუკაშიც პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) 1-18 გრადუსებში აღინიშნება.
არიქა, სატურნი უკან წავიდაო და რეტროგრადულ ფაზაში გადავა მერკურიც 30 მაისიდან, რის გამოც ძველი კავშირები, ძველი საკითხები, პროექტები, რომელიც დაიწყო, მაგრამ ვერ დასრულდა, საკმაოდ აქტუალური გახდება. 23 ივნისამდე უმჯობესი იქნება თუ სწორედ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს დავუთმობთ დროსა და ენერგიას. ამ პერიოდში არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მსხვილი შენაძენების გაკეთება, სამსახურის შეცვლა ან მკვეთრი გარდაქმნები ბიზნესში.
უშუალოდ დაბნელებების პერიოდში 25 მაისიდან 11 ივნისამდე და განსაკუთრებით დაბნელებების დღეებში, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ადგილებს, სადაც არსებობს რაიმე სახის რისკი, ნუ დადებთ მნიშვნელოვან გარიგებებს, ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან, ნუ იკამათებთ. ეცადეთ, ეს დღეები მყუდრო, მშვიდ გარემოში გაატაროთ. კარგია ბუნებასთან კონტაქტი და მოდუნება.” – წერს დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები