სად ისვენებენ ცნობილი პოლიტიკოსები (ფოტოკოლაჟი)

პოლიტიკოსები, ისევე როგორც სხვა ცნობილი პირები, დასვენების დროსაც ყურადღების ცენტრში არიან. ყველას აინტერესებს, სად და ვისთან ატარებენ ისინი თავისუფალ დროს.
ასე მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ისევე როგორც მისი წინამორბედები – კენედი და კლინტონი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კუნძულ მარტას-ვინიარდზე ისვენებს.
ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დასვენება სლოვენიაში, ავსტრიასა და ყაზახეთში სამთო-სათხილამურო კორორტებზე ურჩევნია.
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის, რომელიც არცთუ ახალგაზრდაა, ისევ უყვარს ხმაურიანი წვეულებების მოწყობა თავის ვილაზე, რომელიც კუნძულ სარდინიაზე მდებარეობს. იქ მასთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად ჩადიან ახალგაზრდა ლამაზმანები.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ძირითადად, რუსეთის სხვადასხვა რაიონში ისვენებს. ის ხშირად ექსტრემალური გართობითაც არის დაკავებული, მაგალითად, ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ნავით არაერთხელ დაშვებულა.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და მის მეუღლეს კარლა ბრუნის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უყვართ დასვენება. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს უყვარს თევზაობა და ამისთვის ზღვაში იახტით გადის.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა ამას წინათ იტალიის ერთ-ერთ რეგიონში – ჩერვინიაში დაისვენა და იქ ყველაზე ძვირი სასტუმრო, Hotel Hermitage შეარჩია. დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ჩრდილოეთის ცივ ზღვებზე მოგზაურობს.
გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დასვენება ავსტრიის ტიროლში, ორტლერის მთასთან უყვარს. მას ამ რეგიონის წყნარ კურორტებზე უყვარს სტრესის მოხსნა და ტრადიციული დასვენება ურჩევნია.

კომენტარები

სხვა სიახლეები