სად გაექცევი იმ ყუთს, სიკვდილს პირველ ნიუსად რომ “გახარებს”

ყველაფერი ერთ დიდ, უგემურად მომზადებულ აჯაფსანდალს ჰგავს და ამ ქვაბში ყველა იმ “პროდუქტს” ყრის, რაც თვითონ ჭირდება და არა “კერძს”… ხშირად მიფიქრია, როგორ ავიშენო თავშესაფარი სიცრუის, ფარისევლობის და ყველანაირი ფსევდოსგან, თუმცა, სად გაექცევი იმ ყუთს, სიკვდილს პირველ ნიუსად რომ “გახარებს”, იმ ყუთს, ხაშლამასავით ჩადგმით და ჩამოტარებით რომ გაჩეჩებს ერთსა და იმავე ცნობადებს, (ოღონდ, არა საქმით, მხოლოდ “ფეისით”), გლამურის უგემურ ხიბლს, “ვაი ჭკუისაგან” ნაჟურ კრეატივს, რომელსაც კრეტინიზმი უფრო ერითმება… დარჩა სადმე სივრცე უბრალოდ ადამიანისთვის, ადამიანური ღირსების, ტკივილის, ცხოვრებასთან ჭიდილში გამარჯვების თუ მარცხის წარმოსაჩენად?…
გაჭირვებულის და სნეულის თანადგომაც (დადგენილი “წესის” თანახმად) უმეტესად საკუთარი პიარისთვის, აბა, სად გაგონილა მადლი პიარის მარილმოუყრელად… ადამიანმა, რა ხანია, აითვისა კოსმოსური სივრცე, ადამიანთაშორისი სივრცე კი აუთვისებელი დარჩა… არა და, უადამიანოდ როგორ გინდა იცხოვრო, როგორ უნდა ელოდო სულ ფეხის დადებას, შურს, პირში ღიმილს და ზურგსუკან ორმოს …
ადამიანებო, როგორ მინდა მიყვარდეთ და არ მეშინოდეს თქვენში მგლის, რომელსაც საკუთარ მოდგმაში უფრო ადამიანური კანონები აქვს, ვიდრე ჩვენ… ამას ვფიქრობ, ჩემო ფეისბუქო, ფიქრი მაინც არის ჩემი და არავის ფეხის ხმას აყოლილი…
თამარ ბოლქვაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები