სად არის და რას საქმიანობს კაბუ – „მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი – მეთქი და უცებ მეც ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი“

კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი საფრანგეთში იმყოფება. ქართველი მომღერალი უკვე მე – 2 წელია, რაც საფრანგეთში მოღვაწეობს.
ამბობს, რომ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით შეძლო და გამოიცვალა, იმკურნალა, უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა და გეგმებიც დაისახა.
„მთელი ცხვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი – მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც, ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი“, – ამბობს კაბუ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

-კაბუ, რა იყო საქართველოდან გამგზავრების მიზანი?
– ვიმკურნალე. არ მიყვარს ამაზე საუბარი. მინდა რაღაც პერიოდი ჩემი წარსულიდან არ გავიხსენო. ჩემმა მეგობარმა პაატა ახალაძემ წამომიყვანა საფრანგეთში და ძალიან მომხედა. მასთან ერთად სხვა აქაურმა ქართველებმაც. ამდენ ხალხს თუ ვუყვარდი, არ მეგონა.
– რას საქმიანობ?
– ერთი დუეტი ჩავწერე, მალე კიდევ რამდენიმე სიმღერას ჩავწერ. აქაურ ქართველებთან ერთად კლუბურ საქმიანობასაც ვგეგმავ.
– ჩამოსვლას აპირებ?
– ჯერ არა. ჩემი შვილები მენატრებიან, გიორგი 15 წლისაა, კესო 13 – ის. ორივეს ძალიან ლამაზი თვალები აქვს. კესუნა სცენისკენ მიიწევს. გიორგის ქირურგობა აქვს გადაწყვეტილი, საიდან მოიტანა, არ ვიცი, მოინდომა და მიდის მიზნისკენ.
– ნარკოტიკების პრობლემა ქართველი ახალგაზრდებისთვის უცხო არ ყოფილა. თქვენ ერთ-ერთი მაგალითი იყავით, რომელიც სხვებზე მეტად ჩანდით და ხშირად ხდებოდით განსჯის საგანი…
– შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ჰეროინობა. მერე ამათაც გაშალეს ფრთები, ფულები აკეთეს ჯიგრებმა გაყიდვითაც, ფსიქოტროპულებითაც და ჯარიმებითაც. ადამიანი რომ დამოკიდებული ხდება, მერე ძნელია მისგან თავის დაღწევა. მესმის, რომ სენია, სირცხვილია, 21-ე საუკუნეში რა დროს ნემსია, მაგრამ ეგრე დაგვემართა, ვისაც მიდრეკილებაც კი არ ჰქონდათ, იმათაც დაემართათ.
მე მთელი ცხვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი – მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი. აქ ეგრე არ ყრია ნარკოტიკული საშუალებები, როგორც საქართველოში ჰგონიათ.
თუ ადამიანს წამლის გადაგდება უნდა, აქ გადააგდებს. საფრანგეთში ისე არაა, როგორც საქართველოში, ახალგადაგდებულზე ვიღაც ნაძირალა რომ მოგეპარება და ყურში ჩაგჩურჩულებს, წამო, წამალი გაგიკეთოო. რაც უნდა ჭკვიანი იყო და მტკიცე გადაწყვეტილება გქონდეს მიღებული, შეიძლება ვერ გაუძლო ეგეთ ცდუნებას. მერე კიდევ, აქ ასე თვალებში არ გედება ნარკოტიკი, ნარკომანიასთან ბრძოლის არაფერი განსაკუთრებული მეთოდი ფრანგებს არ აქვთ. უბრალოდ შეგნებული აქვთ, რომ საძაგლობაა.
– საქართველოდან რომ გაემგზავრე, ქალაქში ხმა გავარდა, კაბუ დაჭრესო…
– ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი. კინაღამ გამაგორეს თუფაქივით. დღემდე ვფიქრობ, ვინ იყო და რა უნდოდა…
– დრო როგორ გაგყავთ?
– ვწერ, მუშაობა არ მიტყდება, მაგრამ, თეატრში რომ საჭიროა, ეგეთ ფრანგულს როდის ვისწავლი. მშენებლობაზე რომ წავიდე, მოღუნულ სახლს ავაშენებ. ამიტომ ისევ სიმღერას მივხედე.
ბოლო როლი, რომელშიც გიხილეთ, ბაბულიკა იყო ცნობილი სერიალიდან. სინამდვილეში თუ გავხართ ამ პერსონაჟს?
– სულ არ ვგავარ. „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობის პერიოდი ძალიან ტკბილად მახსენდება, რომ ვუყურებ, მონატრებასა და ტკივილს განვიცდი. კიდებ ვითამაშებდი.
თუ რამეს მივაღწიე თეატრში, ჭოლას დამსახურებაა. მან მასწავლა და სცენაზეც მან დამაყენა, დუტა კი ჩემი მეგობარია. ჩემი კესუნას ნათლიაცაა.
ძალიან გავსუქდი, 100 კილო ვარ, ამხელა, ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინ ვიყავი. „ფიგაროს“ დგამდა მაგ პერიოდში ჭოლა და მითხრა, გახდი, თორემ ფიგაროს კი არა ჯოკერსაც არ გათამაშებო.
ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში და მივხვდი, მთავარია, გიყვარდეს შენი ოჯახი, სამშობლო, მეგობრები. არასდროს უნდა წაეპოტინო იმას, რაც არ არის შენი საქმე. სისულელეა, რომ ამბობენ კაცმა ყველაფერი უნდა გასინჯოსო. ეგ თავის მართლება უფროა ვიღაცის მოგონილი.
– საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებთ?
– უფრო სოციალური ქსელიდან და მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება, თუ გარყვნილება თავისუფლებაში არ აერევათ. ამბობენ, გარყვნილება ევროპიდან მოდისო, ტყუილია. სოციალურ ქსელში არასრულწლოვნები როგორ ფოტოებს დებენ, მშობლებმა თვალი არ უნდა ადევნეონ?! დამიჯერეთ, რასაც ეგენი აკეთებენ, ევროპა არაა! უყურებენ ვიღაცას, ვინც გაიხადა, მკერდის მოშიშვლებით გახდა პოპულარული და ფიქრობენ, რა მენაღვლება, რა მათემატიკა, რის მათემატიკა, აგერ არა მაქვს ძუძუებიო…
– რომელია თქვენი ცხოვრების ყველაზე სანატრელი და ლამაზი პერიოდი?
– ბავშვობა, ინსტიტუტი, თეატრალური სარდაფი…. მერე უცებ რაღაცნაირად დამეძინა. ახლახან გავიღვიძე და მაგრად მიტყდება, ამდენი რომ მეძინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები