“სადმე შორს წასვლას ვფიქრობდი, საქართველო იდეალური აღმოჩნდა” – რა მისწერა უკანასკნელად მეგობარს გორში მოკლულმა თომას კენედიმ
სადმე შორს წასვლას ვფიქრობდი და საქართველო იდეალური აღმოჩნდა. პატარა ქვეყანა დიდი ისტორიით. ჯერ სტალინის მუზეუმი არ მინახავს. ქალაქის გარშემო სანახაობებს ვათვალიერებ. მალე ყაზბეგში ვაპირებ წასვლას “,- ეს გორში მოკლული 27 წლის ბრიტანელის თომას კენედის უკანასკნელი შეტყობინებაა, რომელიც მან მეგობარს სოციალური ქსელით მისწერა.
კენედი საქართველოთი მოხიბლული იყო და მეგობარს სწორედ ამ შთაბეჭდილებას უზიარებდა. თუმცა მისი სტუმრობა ქვეყანაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცი გორში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 5 პირი გუშინ დააკავა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საგამოძიებო სტრუქტურის ოფიციალური ვერსიით, გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ბრალდებულები იმყოფებოდნენ, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა ბრიტანეთის მოქალაქე თომას კენედი, რომელიც როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ასევე მუსიკით იყო დაინტერესებული.
ამის შემდეგ ბრალდებულებმა და ბრიტანეთის მოქალაქემ გორშივე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში გადაინაცვლეს, სადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემი ახალგაზრდა, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, კონფლიქტში მონაწილეებმა მდინარეში გადააგდეს და ამით კვალის დაფარვა სცადეს. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.