საბრძოლო ხელოვნების წყალობით 22 წლის ბიჭმა მთელი ბანდა მოიგერია

22 წლის ბრიტანელის გაძარცვას ერთ-ერთი ბანდის წევრები ცდილობდნენ, მაგრამ აშკარად, არასწორი მსხვერპლი შეარჩიეს. 22 წლის ლუის ნიკოლსონი ქუჩაში თავისთვის მიდიოდა, როცა უცნობმა მამაკაცებმა მას მობილური ტელეფონის მიცემა მოსთხოვეს. როდესაც ნიკოლსონმა უარი უთხრა, ისინი თავს დაესხნენ. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ ნიკოლსონი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მწვრთნელია.
„ჩემს გზაზე მივდიოდი, უცებ რვა კაცი მომიახლოვდა. გადაწყვიტეს იმის წართმევა, რაც მე ჩემი შრომით მოვიპოვე. მოკლედ, ვუთხარი რომ ბრძოლისთვის მზად ვარ, რადგან ტელეფონის მიცემას არ ვაპირებდი. ახლა კი ვხვდები, რა სისულელეც ჩავიდინე”,- თქვა ლუისმა.​
მის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღი ჰქონდათ, ლუისს კი მხოლოდ მისი უნარ-ჩვევები და ცოდნა. ის იღლიაში და ხელში დაჭრეს, ექიმებს მისთვის მოგვიანებით ნაკერების დადება მოუწიათ. თუმცა, ფაქტია, მან თავდაცვა შეძლო.
„ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ შიში ჰქონოდათ. ორ მათგანს სახეში ჩავარტყი, რის მერეც მიწაზე დაცვივდნენ. ბრძოლა დაახლოებით, ორი წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც დანები ამოიღეს და მოქნევა დაიწყეს“,-ამბობს მამაცი ახალგაზრდა სპორტსმენი.
ლუისმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩხუბი უფრო ხალხმრავალ ადგილას გაგრძელებულიყო, სადაც მას ვინმე დაეხმარებოდა. მან დაახლოებით ასი მეტრით გადაინაცვლა და მეტალურგიულ ქარხანასთან აღმოჩნდა. იქ მან მუშებს დაუძახა, რომ პოლიციაში დაერეკათ, ამასობაში კი შეშინებული თავდამსხმელები გაიქცნენ.
„ეჭვგარეშეა, რომ საბრძოლო ხელოვნების ცოდნამ სიცოცხლე გადამირჩინა. აქ არ ვიქნებოდი, რომ არ მცოდნოდა როგორ უნდა გააჩერო მოწინააღმდეგე დისტანციაზე. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადარჩე“, – აღნიშნა ლუის ნიკოლსონმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები