იმას რა სჯობს, სადილის კეთებისას, უცებ ეზოში რომ ჩაირბენ, მოკრეფ მწვანილს, რომელიც იქვე, სამზარეულოსთან არის
ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ყოფილი მოდელი და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი – ნინო ორდენიძე ოდესმე სოფლის მეურნეობის საკითხებით ასე დაინტერესდებოდა. ის წყნეთში, საკუთარ აგარაკზე, მებოსტნეობამ გაიტაცა და ამ საქმეს სერიოზულად მიჰყო ხელი…
– ბოსტნის გაშენება დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ამ საქმეს თავი წელს მოვაბი. საუკეთესო მეზობლები მყავს და მწვანილზე სულ მათთან დავრბოდი, ისინიც სიამოვნებით მიშვებდნენ თავიანთ ბოსტნებში. ბოლოს მომერიდა და გადავწყვიტე, საკუთარი მწვანილი მომეყვანა. არადა, ნათელა დეიდა ისეთი საყვარელი ქალია, როცა კი მწვანილს ვთხოვდი, მეუბნებოდა, – მიდი, შვილო, გადადი და მოკრიფე. თან, ისეთი კარგი ბოსტანი აქვს, იქ სიარულმა გამიჩინა საკუთარის გაკეთების სურვილი. თავიდან, ბოსტნისთვის მიწის დამუშავებას სანამ დავიწყებდი, კომპეტენტურ პირებთან, ვინც ამ საქმეში გამოცდილია და ყველაფერი იცის, კონსულტაცია გავიარე…
– რა ფართობი დაუთმე ბოსტანს?
– ალბათ ასე, 300 კვ.მ და ეს ფართობი მთელ ეზოში ცალკეა გამოყოფილი. მოკლედ, ბოსტნისთვის ადგილი სპეციალურად შევარჩიე. ჯერ დავბარეთ და მიწა გავასწორეთ, მერე კვლები გავაკეთეთ, ნაყიდი მქონდა დიდი რაოდენობით მწვანილების თესლები (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა, პიტნა), ქინძის თესლი ნათელა დეიდამაც მომცა და ამ მწვანილის კვალი ყველაზე დიდი გამოვიდა. ალბათ იმიტომ, რომ ვგიჟდები ქინძზე, კერძებში დიდი რაოდენობით ვიყენებ, ისევე, როგორც ნიორს. მაქვს წითელი ბულგარული და წითელი მწარე წიწაკაც. დავრგე პომიდვრის ჩითილები, დავთესე კიტრიც.
– 300 კვადრატი არცთუ ისე პატარა ფართობია ბოსტნისთვის.
– კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზაფხულში ეს მწვანილი გამომადგება… გაზაფხულზე წვიმები რომ იყო, ყველა წუხდა ამაზე, მე კიდევ მიხაროდა, რადგანაც ნათელა დეიდამ მითხრა, წვიმა ბოსტნისთვის მისწრებააო. ჰოდა, წვიმიანი ამინდები რომ მიხაროდა, მეგობრებთან ვამბობდი, – რა კარგია, ბოსტანს მოუხდება-მეთქი. გაოცებულები მიყურებდნენ, – ცოტა ხომ არ გააფრინაო… სანამ წყნეთში ამოვიდოდით, ჩემი მეზობელი დილა-საღამოს ჩვენს ბოსტანს დამატებით რწყავდა. მწვანილი, სადაც მზე მეტად ხვდებოდა, უკეთესად წამოვიდა, წითელი წიწაკა ცოტას კი ჭირვეულობდა, – მეუბნებოდნენ, არ დათესო, გაგაწვალებსო, მაგრამ ვგიჟდები წითელ წიწაკაზე და უარი ვერ ვთქვი, თან, ბოსტანს ალამაზებს. წარმოიდგინეთ, როგორი შესახედავია ბოსტანი, სადაც ერთად არის წითელი წიწაკა, რეჰანი და დანარჩენი მწვანილი. თან, ზოგიერთი კვალი სიგრძეზე მაქვს გაკეთებული და ზოგი – სიგანეზე. ძალიან ლამაზია.
– დიზაინიც ჩაგირთავს ბოსტნის გაშენებაში.
– დიახ, მთავარი კი ის არის, რომ ჩვენს ეზოში სასწაულებრივი მიწა აღმოჩნდა. არადა, სულ ამბობდნენ, რომ წყნეთში მიწა დიდად არ ვარგაო და მუდმივად ბოლნისის, მარნეულისა და მისაქციელის მიწას აქებდნენ. მოკლედ, მიწამ გაგვიმართლა.
– ისეთი გატაცებით საუბრობ, გატყობ, რომ ძალიან მოგწონს მიწასთან მუშაობა.
– კი, რაღაც სხვა ხიბლი აქვს… მაგალითად, წახვედი ბაზარში, მოიტანე პროდუქტი, მათ შორის მწვანილი, ამას ისეთი ხიბლი არა აქვს, როგორიც შენი ბოსტნიდან მოწეულს, თან, როცა დაგჭირდება, ახალ-ახალს რომ მოკრეფ და მოწყვეტ, სხვა გემო აქვს. ეზოში ტყემალიც გვაქვს და საზამთროდ ბევრს ვაკეთებთ, ჩემი მოყვანილი მწვანილი ამისთვისაც გამოვიყენე.
– ხუმრობა-ხუმრობაში მეურნედაც ჩამოყალიბებულხარ.
– კი და მერე ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავიხვეწები. სასიამოვნოა ბოსტანში მუშაობა. საოცრად აზარტულია. ამ დროს ყველაფერი გაინტერესებს, – გაიხარებს თუ არა, რაც თანდათანობით ხდება. მერე სწავლობ, კითხულობ. ჰო, პიტნა მაქვს კიდევ ბევრი, ქინძივით ამასაც ბლომად ვიყენებ, ჩვეულებრივ ჩაის რომ დავაყენებ ხოლმე, ჭიქაში პიტნის ფოთლებს ვამატებ, საოცარ არომატს აძლევს. თან, ეს მცენარე ძალიან ადვილად მრავლდება და მოდის.
– შავ ჩაიში პიტნას ამატებ?
– კი, ცხელ ქაფქაფა ჭიქაში სამი ფოთოლი პიტნა რომ ჩავამატოთ და ცოტა ახალი ლიმონიც, სასწაულებრივი გემო აქვს. თან, ზაფხულში ასეთი ნაყენის დალევას არაფერი სჯობს. სიცხეში ცხელი ჩაი ხომ არაჩვეულებრივია. ალბათ იცით, რომ მწვანილს მოკრეფას თავისი წესი აქვს, ფესვიანად არ უნდა ამოიღო, ისე უნდა მოწყვიტო ღეროები, ფესვი რომ დარჩეს, ახალი მწვანილი რომ ამოვიდეს. მაქვს ასევე მარწყვი და ჟოლო. ეს კენკრაც შესანიშნავად ხარობს წყნეთში, თუმცა ცოტა გავაშენე, უმცროსი შვილი ალერგიულია და შევშინდი, დიდად არ გავავრცელე, არ მიეპაროს და არ მოწყვიტოს-მეთქი. თუმცა, ხომ ვამბობ, მარწყვი და ჟოლო წყნეთში ყველას აქვს.
– ვარდები არ გიყვარს? ეზოში არ გინდა, რომ გააშენო?
– კი, მიყვარს და მქონდა კიდეც, მაგრამ ერთ წელს საშინელი ცივი ზამთარი რომ იყო, გაიყინა. ვინაიდან წელს ბოსტანმა გამიტაცა, ვარდები აღარ დამირგავს, თან ეზოში რაღაცების შეცვლას ვაპირებ და ყვავილებსაც მივხედავ. მოკლედ, მუშაობა არ მეზარება, გურმანიც ვარ, ვგიჟდები კარგ სადილზე და სულ ვაკეთებ. ეტყობა, ამანაც განაპირობა მეურნეობის მიმართ ასეთი ინტერესი.
– ისე, ყოფილი მოდელისგან ასეთი მონდომება ცოტა გამიკვირდა, იშვიათია.
– ჰო, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. იმასაც რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ჩვენთან, ზაფხულში უამრავი ადამიანი იყრის თავს, ბევრნი ვართ და სულ რაღაცებს ვაკეთებთ. ამასთან, ბოსტნეული ძალიან მიყვარს, ჰოდა, იმას რა სჯობს, სადილის კეთებისას, უცებ ეზოში რომ ჩაირბენ, მოკრეფ მწვანილს, რომელიც იქვე, სამზარეულოსთან არის. ის კი არა, გასულ წელს 50 ქათამი მოვიყვანე, საქათმეც ბოსტანთან მაქვს. 50-ვე კვერცხის მდებელი აღმოჩნდა. საქათმეს რომ ვაკითხავდი, კვერცხით გადათეთრებული იყო იქაურობა… სტუმრებს შემწვარი ქათმითაც ვუმასპინძლდებოდით. მერე იმ ქათმების ნაწილი ჩემი ქმრის ბიძას გავატანე. ახლაც მინდოდა, მომეყვანა, მაგრამ ნათელა დეიდამ მითხრა, თრითინებია მომრავლებულიო. თან, რომ მოვიყვანო, ახლა ბოსტანს გამიფუჭებენ. ცოტა ხნის წინ ღორებიც გვყავდა, ჩემი ხელით გავზარდე, ტაბახმელიდან ჩამოვიყვანეთ, რომ `ზაოდობაზე~ დაგვეკლა, მაგრამ ბოლოს ისინიც გავაჩუქე, ჩემი გაზრდილები რომ იყვნენ, დაკვლა არ შემეძლო. ვენახიც გვაქვს, ამასთან, კარგი მსხლისა და ტყემლის ხე გვიდგას და მათგან შესანიშნავი ჭაჭა გამოდის. იმ ჭაჭაში თერმომეტრი რომ ჩადეს, ვერ გაუძლო, ისეთი მაღალი გრადუსი ჰქონდა…
– იმ ადამიანებს, ვისაც სოფლის მეურნეობაში გამოცდილება არა აქვს, რას ურჩევ?
– ვფიქრობ, რომ ადამიანი, პირველ რიგში, გურმანი უნდა იყოს, კარგ კერძებს უნდა ამზადებდეს ანუ ეს საქმიანობა უნდა უყვარდეს. მაგალითად, ჩემს მეგობარს, რომელიც საოცარი კულინარია, სახლის ტერასაზე პამიდვრები მოჰყავს. მოკლედ, შინაგანად უნდა გქონდეს ამის სურვილი. ვიღაცებს ეს ყველაფერი ეძნელებათ, არადა, უადვილესია. საერთოდ, ყველაფერი მაინც სურვილიდან მოდის. რასაც აკეთებ, უნდა გინდოდეს. თან, გიხარია, საღი პროდუქტია, მარგებელია. სულ მიკვირს, თუ ადამიანს შესაძლებლობა და ადგილი აქვს, რატომ არ უნდა გააკეთოს?! არ უნდა იზარმაცო, დამიჯერეთ, ყველაფერი ელემენტარულია. სიზარმაცე გვერდით გადავდოთ და ვიშრომოთ.
წყარო:ჟურნალი “გზა”