ავარია, ან, რბილად რომ ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევა, ძირითადად მძღოლის გამოუცდელობის ბრალია . აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა დამწყები მძღოლი. საქართველოში მძღოლების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს მართვის მოწმობას და ყიდულობს ავტომობილს. დამწყები მძღოლების მომზადებას ნებისმიერ დროს უდიდესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, მაგრამ ახლა, როცა მძღოლების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
მნიშვნელობა არა აქვს, სად და ვისგან ისწავლა ახალგაზრდამ ავტომობილის მართვა – მშობელმა ასწავლა, მეგობარმა, თუ ავტოსკოლაში ასწავლეს – დამწყები მძღოლი ყოველთვის დამწყებია, ანუ, გამოუცდელი მძღოლია. რაც არ უნდა დიდხანს მართოს მანქანა მასწავლებელთან ერთად და რაოდენ კარგადაც არ უნდა ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები, საჭესთან მარტო დაჯდომის შემდეგ ნებისმიერი ახალბედა მძღოლი სულ სხვა, მისთვის ახალ გარემოში აღმოჩნდება ხოლმე.
► ავტომობილის მართვისას ყველაზე მძიმე სენი თავდაუჯერებლობაა. თუ მძღოლი საკმარისად თავდაჯერებული არ არის, ხშირად უშვებს სერიოზულ შეცდომებს, ან მნიშვნელოვან სიტუაციაში შეიძლება პანიკაში ჩავარდეს, ამ დროს კი მცდარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს.
ამავდროულად, თავდაჯერება იოლად და სწრაფად არ მოდის – ამისათვის ხშირი ვარჯიშია საჭირო. სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად 18-დან 25 წლამდე ასაკის მძღოლების ბრალია. ანუ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავარიები ძირითად მძღოლების გამოუცდელობის, თავდაუჯერებლობის, ზედმეტი რისკის და, ასე განსაჯეთ, ხშირად თავხედობის გამო ხდება. დამაინც: რა უნდა ვურჩიოთ დამწყებ მძღოლებს?
► მართვის მოწმობის აღების შემდეგ სასურველია, მაშინვე დაიწყოთ ავტომობილის მართვა – ჯერ მოკლე დისტანციებზე, შემდეგ კი, ნელ-ნელა, უფრო და უფრო დიდ დისტანციებზე. აუცილებელია სიფრთხილეც, ოღონდ გონივრული სიფრთხილე. ავტომობილის ფრთხილად მართვა არ გულისხმობს მაინცდამაინც ძალიან ნელა მართვას. გონივრული და დასაშვები სისწრაფე ნებისმიერ გზაზე მნიშვნელოვანია.
► მთავარია, არ დაარღვიოთ მოძრაობის წესები და გაითვალისწინოთ სხვა მძღოლების ინტერესები. კარგი იქნება, თუ ახალბედა მძღოლს მშობლებიც დაეხმარებიან და ათხოვებენ თავიანთ ავტომობილს. დამწყები მძღოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაა და თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა გამოცდილება მიიღოს, ამაში უნდა დაეხმაროთ და ავტომობილი უნდა ათხოვოთ. აკრძალვა იმის შიშით, რომ შეიძლება რამე დაემართოს, ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მოგიტანთ – პირიქით, მშობლები უნდა დაეხმარონ შვილს კარგ მძღოლად ჩამოყალიბებაში.
► სიჩქარეების გადართვა, მოხვევა, სარკეში ხშირად გახედვა, მოხვევის ციმციმას ჩართვა – ამ ყველაფერს გამოცდილი მძღოლი ინსტიქტურად აკეთებს, დამწყებ მძღოლს კი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალები გაითავისოს.
თბილისის ქუჩებში ავტომობილის მართვა გამოცდილი მძღოლისთვისაც კი სერიოზული სტრესია და წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი სტრესია დამწყები მძღოლისთვის. ამიტომაც, აუცილებელია ყურადღების მაქსიმალური მობილიზება! სტრესი ხშირად დაუფიქრებელი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას გვაიძულებს, ავტომობილის მართვის დროს კი დაუფიქრებელი და სარიკოს გადაწყვეტილების მიღება არავითან შემთხვევაში არ შეიძლება! მით უმეტეს დამწყები მძღოლის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს გამოცდილება.
► როცა დამწყებ მძღოლს რაღაც არ გამოსდის და გააზრებულ, ან გაუაზრებელ შეცდომას უშვებს, სხვა მძღოლების რისხვის ობიექტი ხდება. ეს ყველა ქვეყანაში და ნებისმიერ სიტუაციაში ასეა: გისიგნალებენ, შორსმაშუქ ფარებს გინთებენ, წნეხის ქვეშ გაქცევენ და, შეიძლება, ვინმემ შეურაცხყოფაც კი მოგაყენოს. ამდენად, დამწყები მძღოლისთვის სიმშვიდის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
► ზოგადად, საჭესთან სიმშვიდე ნებისმიერი მძღოლისთვის აუცილებელია. დამწყებმა უნდა ისწავლოს, გამოცდილება მიიღოს და, ცხადია, რომ ამ პროცესში შეცდომებს დაუშვებს. მთავარია, ეს არ იყოს უპატიებელი შეცდომა.
► კარგი მძღოლი ყოველთვის პატივს სცემს სხვა მძღოლებს – ურთიერთგაგება აუცილებელია ყველასათვის, ვინც საჭესთან ზის. ავტომობილის მართვის გამოცდილება მემკვიდრეობით არავის მიუღია – ყველამ საიდანღაც დავიწყეთ, თავის დროზე ყველანი გამოუცდელი მძღოლები ვიყავით და შეცდომებს ვუშვებდით.
სარკეებში ხშირად, დაახლოებით ყოველ 15-20 წამში ერთხელ მაინც უნდა გავიხედოთ, რათა ვაკონტროლოთ, რა ხდება ჩვენი ავტომობილის უკან და გვერდით
► დამწყები მძღოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ჯეროვნად ვერ გრძნობს საგზაო მოძრაობას და არ აქვს გამომუშავებული მძღოლის ალღო. დიდი შანსია, ახალბედას თავი იმაზე გაცილებით უკეთესი მძღოლი ეგონოს, ვიდრე სინამდვილეშია.
► განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარჯვენა სატერფულთან სიფრთხილე! დიახ, ”გაზის პედალს” ვგულისხმობთ. დაფიქრდით, სანამ მაგრად მიადგამთ – ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა სისწრაფის გადაჭარბების გამო ხდება!
ხშირად ასეც ხდება: მოხვევის ციმციმას მარცხნივ ჩართავენ და მარჯვნივ უხვევენ… ეს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულია. მოხვევის ციმციმა უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ოღონდ უნდა ჩართოთ მანამდე, სანამ მოხვევას ან მანევრს დაიწყებთ -თანაც გაცილებით ადრე
► ყურადღება არცერთ მძღოლს არ უნდა გაეფანტოს – მით უმეტეს დამწყებს! თანამედროვე მძღოლების ერთ-ერთი სენი საჭესთან მობილური ტელეფონის მოხმარებაა. არსებობს სპეციალური აქსესუარები, რომლებითაც საჭესთან ტელეფონით ურისკოდ ისარგებლებთ, ხოლო ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა მესიჯების წაკითხვა და გაგზავნა, ”ფეისბუქის” თვალიერება ან სულაც ”სელფების” გადაღება, ავტომობილის მართვის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
► ფრთხილად უნდა ვიყოთ რადიოს ან მუსიკის შერჩევის დროსაც – ერთი სიტყვით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყურადღება არ გაგვეფანტოს, ვუყურებდეთ გზას და საჭე ხელებში მყარად გვქონდეს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ კარგს მძღოლს საჭე ყოველთვის ორივე ხელით უჭირავს!
მანქანის მართვა ასე არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება! მძღოლის კონცენტრაცია მთლიანად გზისკენ და მანქანის მართვისკენ უნდა იყოს მიმართული
► დღეს საქართველოში ძალიან ბევრი დამწყები მძღოლი ყიდულობს მარჯვენასაჭიან ავტომობილს. ეს ადამიანის არჩევანია და ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენს გზებზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მცდარია! გამოცდილი მძღოლისთვის ეს მეტნაკლებად მისაღებია, დამწყებ მძღოლებს კი ვურჩევთ, პირველ ეტაპზე მაინც უარი თქვან მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. იმიტომ, რომ საქართველოში მოძრაობა მარჯვნივაა და ამ რეალობაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ნიშნავს დამატებით სტრესს, სტრესი კი, როგორც უკვე ვთქვით, არა მარტო დამწყებ, არამედ გამოცდილ მძღოლებსაც ისედაც არ აკლიათ…