რუსი პოეტი, რომელმაც ანა კალანდაძის პოეზია პირველმა თარგმნა – ბელა ახმადულინას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა
ბელა (იზაბელა) ახატის ასული ახმადულინა 1937 წლის 10 აპრილს მოსკოვში, დაიბადა. მას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. მას საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 1960 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს 1955 წლიდან ბეჭდავდა. პირველი კრებული – „სიმი“ 1962 წელს გამოსცა.
ლირიკული ლექსების გარდა, ახმადულინა ავტორია პიემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და ესეებისა. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე და პირველმა დაარღვია გალაკტიონ ტაბიძის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები.
მანვე შესანიშნავად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები. საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახმადულინას შემოქმედებაში მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩვენი ქვეყნისადმია მიძღვნილი. წლების მანძილზე ახმადულინას ლექსები პირველად ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა.
საქართველოშივე, გამომცემლობა „მერანში“ გამოვიდა პოეტის ყველაზე ვრცელი კრებულები „სიზმრები საქართველოზე“ (1977, 1979), რომლებიც მოიცავდა მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის (ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზა, წერილები) ნაწარმოებებს და პირველ პუბლიკაციებსაც (რედაქტორ-შემდგენელი გ. მარგველაშვილი). 1977 წელს ახმადულინა ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადმიის საპატიო წევრი გახდა . 1989 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. საერთაშორისო „ტრიუმფის პრიზის“ ლაურეატი (1993). ცნობილი რუსი პოეტი 2010 წელს, მოსკოვში გარდაიცვალა. ის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.