„რუსეთი ოკუპანტია“ – აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარის თედო რეხვიაშვილისა და 12 ხელოვანის გამოფენა ნიუ-იორკში

“არტისტები მშვიდობისთვის”- Artists for Peace – ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა, თედო რეხვიაშვილმა ამერიკაში მოღვაწე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები გააერთიანა. პროექტს ლაიტმოტივად გასდევს ფრაზა – „რუსეთი ოკუპანტია“.
„ნიუ იორკში ჩატარდა „ვორქშოფი“, რომელიც დავგეგმეთ მე და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა, ტატო ოქრუაშვილმა. პროექტს დავარქვით – „არტისტები მშვიდობისთვის“ და იგი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი არის „ვორქშოფი“, რომელშიც ჩემთან ერთად მონაწილეობენ ამერიკაში მოღვაწე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები. ხოლო მეორე ნაწილი პროექტისა არის შესრულებული ნამუშევრებისგან შემდგარი გამოფენები, რომლებიც გაიმართება ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში“, – აღნიშნავს ახალგაზრდა მხატვარი.
თედო რეხვიაშვილს ღრმად სწამს, რომ ზნეობის, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და პროფესიონალიზმის გზით საქართველოს ფეხზე წამოყენება შესაძლებელია.
„როცა ჩემს უცხოელ კოლეგებს ვაცნობდი ჩვენი პროექტის არსს, მათგან ძალიან დიდი თანადგომა და სითბო მივიღე და ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული აღმოჩნდა, რომ დიდი შემართებით გვემუშავა აღნიშნულ პროექტზე. მე არასოდეს შევწყვეტ ჩვენი მიწების დაბრუნებისთვის ბრძოლას და მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ – მე ვამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია“, – ამბობს თედო რეხვიაშვილი.
გამოფენაში მხატვრების მიერ სულ 15 ნამუშევარია წარმოდგენილი, აქედან სამი თავად თედო რეხვიაშვილს ეკუთვნის, თითო-თითო კი – სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მხატვარს.
რაც შეეხება ვიდეოკლიპს – კლიპის რეჟისორია საქართველოში მოღვაწე რეჟისორი, ზვიად სირაბიძე. აღსანიშნავია, რომ კლიპის დამონტაჟების პროცესში მონაწილეობას თავად მხატვარი ამერიკიდან დისტანციურად იღებდა, ხოლო ნიუ იორკში ვიდეოს გადაღებაზე მიხეილ ყანდარელმა იმუშავა.
„დღეს ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიმაჩნია, რომ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და მშვიდობა – ეს ის არსებითი მნიშვნელობებია, რომელთა გარეშეც ვერ ვიქნები თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქე. ამ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, პირველ ყოვლისა, ჩვენს თავებთან გვმართებს მუშაობის დაწყება.
ვფიქრობ, იმისთვის, რათა ვიქცეთ ძლიერ სახელმწიფოდ, თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. თუკი დიდი და გრძელვადიანი შრომის შედეგად გვეყოლება ძლიერი და პროფესიონალი მოაზროვნეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება, ჩვენ ავტომატურად გავხდებით ძლიერი და საჭირო ერი, რომლის დაჩაგვრა, დანაწევრება და გაქრობა ძნელი იქნება.


მე მაქვს ჩემი და მომავალი თაობების იმედი, რომლებიც ჩამოვყალიბდებით ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ვისწავლით აზროვნებას, გავხდებით პროფესიონალები, დავიწყებთ საქმის სიყვარულით კეთებას, პრობლემის კონსტრუქციული გზებით გადაჭრას და განვავითარებთ საქართველოს. მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას“, – აცხადებს ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი, თედო რეხვიაშვილი.
იხილეთ თედო რეხვიაშვილის ოფიციალური გვერდი:

 

კომენტარები

სხვა სიახლეები