რუსეთში, ქალაქ სამარაში 13 ათასმა ბავშვის მშობელმა ხელისუფლებას წერილით მიმართა. ისინი ადგილობრივ, სახელმწიფო სკოლაში მოსწავლეების ღარიბ და მდიდარ ფენებად დაყოფას აპროტესტებენ. „მოზარდებს სხვადასხვა სასწავლო კლასში სვამენ, მოსწავლეებს უფრო შეძლებული ოჯახებიდან გარემონტებულ და მოწესრიგებულ კაბინეტებში ანაწილებენ, მათი კვების რაციონიც განსხვავებულია“, – აცხადებენ მშობლები. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, სასწავლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს უფასო სასადილოც, თუმცა, „მდიდრების“ და „ღარიბების“ მენიუც განსხვავებულია. იმ მოსწავლეების რაციონი, რომლებსაც შეძლებული ოჯახები ჰყავთ, სრულყოფილია და მათთვის რამდენიმე კერძს ამზადებენ, მოზარდებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან კი, ძველი და უგემური კერძებით უმასპინძლდებიან, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ სამარის სკოლაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, ობლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც სწავლობენ. მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკმაყოფილო მშობლების განცხადების განხილვა დაიწყეს.
სხვა სიახლეები