როდის ნანობენ ქალები შემთხვევით სექსს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნორვეგიელმა და ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს, გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალები ნაკლებად ნერვიულობენ შემთხვევით სექსზე მაშინ, თუ ის მათი ინიციატივით მოხდა.
ნორვეგიულმა სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა კვლევა ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა და მასში 30 წელზე ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას კვლევის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დღემდე ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ შემთხვევითი სექსის შემდეგ, ქალებს უფრო აწუხებთ სინდისი, ვიდრე კაცებს, მაგრამ როდესაც ახალი კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 547 სტუდენტი ნორვეგიაში და 216 სტუდენტი აშშ-ში, აღმოჩნდა, რომ მთავარი ფაქტორი, რაც კაცებისა და ქალების რეაქციას განასხვავებს, ინიციატივის ფაქტორია.
კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ქალები ნაკლებად ნანობენ ერთჯერად სექსუალურ აქტს იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტნიორი გამოცდილი იყო და სექსით კმაყოფილები არიან. მანამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, კაცები შემთხვევითი სექსის გამო იშვიათად ნანობენ და ეს რეაქცია არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იყო სექსის ინიციატორი.
მეცნიერების თქმით, ქალები, რომლებიც კაცებს სექსს თავად სთავაზობენ, ორი რამით გამოირჩევიან: პირველი არის ის, რომ მათ სექსის მიმართ ჯანსაღი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აქვთ და საკუთარ სექსუალობას კომფორტულად აღიქვამენ და მეორეც, ინიციატორ ქალებს დიდი არჩევანი აქვთ, შეუძლიათ, სექსუალური პარტნიორი საკუთარი სურვილით შეარჩიონ. შესაბამისად, იმის გამო, რომ არჩევანს თავად აკეთებენ, სინანულის ნაკლები საფუძველი აქვთ.
ტრანსატლანტიკურმა კვლევამ, სხვა შედეგებთან ერთად, ისიც აჩვენა, რომ ნორვეგიელ სტუდენტებს შემთხვევითი სექსის პრაქტიკა უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ამერიკელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები