როგორ “ცხოვრობს” და რას “მალავს” მიწისქვეშა თბილისი – ადამიანები, პრობლემები და ბიზნესი

საცხობები, სილამაზის სალონები, სხვადასხვა მაღაზიები, ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ, მუსიკოსები… – ასე “ცხოვრობს” მიწისქვეშა თბილისი, საიდანაც Ambebi.ge რეპორტაჟს გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული პრობლემების მოგვარება დაიწყო, წლებია, ანტისანიტარიის გამო, ამ ადგილებში ჩასვლას ხალხი ერიდება და გზას პირდაპირ შუა მოძრაობისას კვეთს.

მიწისქვეშა გადასასვლელებში მოსახლეობის უმეტესობა სიბინძურეს, სიბნელეს და უსაფრთხოებას უჩივის. Ambebi.ge მიწისქვეშა გადასასვლელებით მოსარგებლე გამვლელებსა და იქ მომუშავე ხალხს გაესაუბრა. ჩვენთან საუბარში ხალხი აცხადებს, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ანტისანიტარიაა.

“პირველ რიგში, ალბათ, გამოვყოფდი სიბინძურეს, რაც მართლა სერიოზული პრობლემაა. მესმის ამბობენ, რომ დავიწყეთ დასუფთავებაო, მაგრამ იმდენად არის დაბინძურებული, არ ვიცი, როდისმე ეშველება თუ არა მიწისქვეშა გადასასვლელებს”, – ამბობს გიორგი ბეჟაშვილი.

48 წლის ქალბატონი ლალი ცდილობს იშვიათად ჩავიდეს მიწისქვეშა გადასასვლელში, რადგან მისი თქმით, უმეტესობა მათგანი განათებული არ არის და ღამით ორმაგად საშიშია: “იშვიათად ვსარგებლობ იმიტომ, რომ ბევრგან განათება არ არის და ბნელა, მით უმეტეს ღამე, დღისით შეიძლება ჩავიდე, მაგრამ ღამე მირჩევნია გზაზე გადავიდე. ქალაქში სხვა ბევრი პრობლემაა, მაგრამ ესეც უნდა მოაგვარონ”, – ამბობს ქალბატონი ლალი.

ანტისანიტარია თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ერთადერთი პრობლემა არ არის. მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პრაქტიკულად, შეუძლებელია. პანდუსები თითქმის ყველა გადასასვლელზეა გაკეთებული, თუმცა მათი დახრილობის გამო, მისით სარგებლობა შშმ პირებისთვის შეუძლებელია. ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით, ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკთან, რუსთაველსა და ოპერასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტი გაკეთდა.

“პანდუსებს გვერდიდან აუცლებლად გაუკეთდება რკინის სახელური. პრობლემურ მიწისქვეშა გადასასვლელებში აზომვითი სამუშაოები მიდის. წლის ბოლომდე, სადაც კი პრობლემაა, ყველგან მოვაგვარებთ”, – ამბობს შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დირექტორის მოადგილე ირაკლი ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებშიც განათება არ არის, ყველა აღრიცხულია და მიმდინარე რემონტშია ჩასმული: “განათებები დამონტაჟებულია, უბრალოდ ზოგი მოპარულია, ზოგი გადამწვარია და აუცილებლად მოგვარდება ეს პრობლემა. მაგალითად, მერიასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში გათხრითი სამუშაოებია დაწყებული, საპირფარეშო მონტაჟდება და ცხაურებიც აუცილებლად შეიცვლება.

“ერთ-ერთი დიდი გადასასვლელია გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. გარე გადასასვლელები მოხრეშილია, უნდა მოასფალტდეს, სანამ ასფალტის საფარი არ დაისხმება, მანამდე ვერ ვრეცხავთ, ცირკის ჩასასვლელიდან მაღალსასრთულიანი კორპუსების მხარე მოირეცხება, ეგ მხარე მთლიანად განათებულია, ვიდეო კამერებსაც დავაყენებთ და სუნი აღარ იქნება, იმიტომ, რომ ეგ მხარე გარემონტებულია. უკვე დანარჩენ მხარეს, რომელიც მოხრეშილია და ასფალტი ჯერ არ არის დაგებული, ვერ ვრეცხავთ, რადგან წყალი ჩაჟონავს”, – ამბობს ირაკლი ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, მათთვის ბიუჯეტი ჯერ გამოყოფილი არ არის, რადგან მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოები, შემდეგ გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა და ამის შემდეგ გამოიყოფა ბიუჯეტი რემონტისთვის.

მიწისქვეშა გადასასვლელებს, სადაც ანტისანიტარია არ არის და შესაბამისად, მოქალაქეები ხშირად სტუმრობენ, კომერციული დანიშნულება აქვთ. “მიწისქვეშა თბილისს” შემოსავლის წყაროდ ყველა ისე იყენებს, როგორც შეუძლია. ზოგი

ვაჭრობს, ზოგი მოწყალებას ითხოვს, ზოგი კი თანხის გამომუშავების იმედად შემოქმედებითად იხარჯება.

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად შეხვდებით ჯგუფებსა თუ სოლო მომღერლებს, ერთ-ერთი ასეთი 22 წლის თემოა, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც ერთ-ერთ ცენტრალურ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავს.

“ძირითადად ქართულ სიმღერებს ვმღერი. ზოგი გესალმება, გეხმარება, ზოგი აქეთ გლანძღავს, ვერ გაუგებ… ყველანაირი ხალხი დადის, მარტო ვმღერი, ზოგჯერ მსურველები შემომიერთდებიან ხოლმე და პარტნიორობას მიწევენ.”

მოსახლეობის ნაწილი მიწისქვეშა გადასასვლელებში გზის ნაწილის სიმცირესაც უჩივის. მათი თქმით, იქ არსებული მაღაზიების გამყიდველებს თავიანთი საქონელი გარეთაც აქვთ გამოტანილი და ამის გამო გზა იკეტება. როგორც ჩვენთან საუბარში მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მაღაზიების გამყიდველებმა გვითხრეს, ცდილობენ გარეთ არ დადგნენ და შიგნით ივაჭრონ, რომ ოჯახში პურის ფული შეიტანონ.

“ეს ფართი ნაქირავები გვაქვს და ფულს ვიხდით. ბევრს ვერაფერს ვყიდით, მაგრამ სულ ისე ხომ არ დავრჩებით. ქირის ფასი დიდია, 300 დოლარიდან იწყება, ზოგი გარეთაც დგება და იქ ყიდის თავის საქონელს, ჩვენც გვაქვს ამის უფლება, რადგან მაღაზიები გვაქვს, უცხო კი ვერ მოვა და ვერ დადგება”, – ამბობენ Ambebi.ge-სთან საუბრისას გამყიდველები.

შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დირექტორის მოადგილის, ირაკლი ცაგარეიშვილის თქმით, თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილი “უძრავი ქონება – თბილისის” მიერ იჯარით არის გაცემული, ზოგი გადასასვლელი კი მათ არ ეკუთვნით.

“ქალაქში არის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც ჩვენი გაცემულია იჯარით, ხოლო ზოგი პრივატიზირებულია. მაგალითად რუსთაველზე არსებული გადასასვლელები აუქციონის წესით არის გასხვისებული ანუ გაცემული იჯარით, ზოგი გადასასვლელი აუქციონზე გამარჯვებულ პირს კიდევ იჯარით აქვს გაცემული, ანუ ჩვენ მოიჯარეს კიდევ იჯარით აქვს გაცემული. ფილარმონიასთან რაც არის, ჩვენი საერთოდ არ არის, მანდ კერძო მესაკუთრეები არიან, 2000 წლამდე არის პრივატიზებული და ჩვენ მაგაში აღარ კი არა, ვეღარ ვერევით, რადგან უფლება არ გვაქვს”, – ამბობს ირაკლი ცაგარეიშვილი.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები