როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ დღეს ძველი ქართული კინოს ვარსკვლავები

ქართულ კინოს ბევრი ისეთი სახე ჰყავს, რომლებიც ფილმში რამდენჯერმე გამოჩნდნენ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არიან აქტიურად ჩართული, თუმცა მაყურებელს არ ავიწყდება. “ამბები.გე” სწორედ ასეთი მსახიობებით დაინტერესდა.

ხათუნა კოტრიკაძე

71268

“სოფლის ტალახისთვის იმეტებთ ამ სიმწრით გამოზრდილ ანგელოზს?” – ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მედეა ჩახავას გმირის ნათქვამი ეს ფრაზა ფილმიდან “მხიარული რომანი”. გაინტერესებთ, თუ რა ბედი ეწია სახეზე საყვარლად დაჭორფლილ, მაღალ, თხელი, ნატიფი აღნაგობის გოგონას, რომელიც ამ ფილმის შემდეგ სადღაც გაუჩინარდა? ფილმში გადაღების შემდეგ ხათუნა კოტრიკაძე ფეხბურთელ დავით გოგიას გაჰყვა ცოლად და ქმრის მოთხოვნით, კინოს და მეგობრებს საბოლოოდ ჩამოშორდა. სოფელ დიღომში გადავიდა საცხოვრებლად და საქონლის მოვლა დაიწყო. ფუფუნებაში გაზრდილი გოგონა დაოჯახების შემდეგ შეიცვალა. ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ ქმარი ეჭვიანობის გამო არსად უშვებდა. რუსი სამხედროებისგან დავით გოგიამ ჰოლანდიური ძროხები შეიძინა, რომელსაც ცნობილი ქართველი მსახიობი თავად უვლიდა. ხათუნა კოტრიკაძეს დაოჯახების შემდეგ არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ის ფილმებში გადაღებაზე და საზოგადოებაში გამოჩენაზეც კი ყოველთვის უარს ამბობდა. სოფლიდან თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ შვილის გამო გადმოვიდა.

როლანდ ბორაშვილი

hqdefault

“ღიმილის ბიჭები”, “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” არ არსებობს ქართველი, ვისაც ეს ფილმები ნანახი არ აქვს. ჩვენი ბავშვობა პატარა მიხოს გარეშე “მაგდანას ლურჯადან” წარმოუდგენელია. მიხოს როლის შემსრულებელი მსახიობი როლანდ ბორაშვილია. ახლა ფილმებში აღარ იღებენ, თუმცა მისი ცხოვრება ისევ გადაღებებთან არის დაკავშირებული, ამჯერად კადრს მიღმა. ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში და მუშაობს “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.

ლეილა ყიფიანი

hqdefault (1)

ლეილა ყიფიანი ქართულმა საზოგადოებამ ლანა ღოღობერიძის ფილმში – “მე ვხედავ მზეს” – შესრულებული ხატიას როლით გაიცნო. შემდეგ იყო სხვა ფილმები, სხვა როლებიც, მაგრამ ულამაზესი ლეილა ყიფიანი მაინც ყოველთვის დარჩება ქართველებისთვის საყვარელ ნათელად რეზო ჩხეიძის “ღიმილის ბიჭებიდან”. სწორედ “ღიმილის ბიჭების” გადაღებებზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ორი წლის შემდეგ, 1971 წელს მათ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს. საჯაროდ გამოჩენაზე ლეილა ყიფიანი წლებია უარს ამბობს. მისი ცხოვრებაც კინოს აღარ უკავშირდება. მსახიობი თოდუას კლინიკის ლაბორატორიაში მუშაობს.

ლეილა აბაშიძე

abashidze

8 წლის იყო როცა ფილმში პირველად გადაიღეს. “ქაჯანაში” კატოს როლი ითამაშა. პირველ ჰონორარით კი ვერის ბაღთან პატარა ოთახი შეიძინა, სადაც ოჯახი დასახლდა. თეატრალურ უნივერსიტეტში უკვე გამოცდილმა მსახიობმა ჩააბარა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმში “ქეთო და კოტე”, საყოველთაო აღიარება მოუტანა “ჭრიჭინამ” და “აბეზარამ”, ასევე “მაია წყნეთელმა”. მოხვდა საბჭოთა კავშირის ქალი ვარსკვლავების ხუთეულში. 2009 წელს ვარსკვლავი გაუხსნეს. ამდენი წარმატების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, დღეს დაუფასებლად ცხოვრობს თავის ვაჟთან ერთად.

კახა ქორიძე

kaxa-koridze-gimilisbichebi1

შეუძლებელია “ღიმილის ბიჭები” ნახო და ერთმა ბიჭმა განსაკუთრებით არ მოგხიბლოს. ეს კახა ქორიძეა. ცხოვრების გზად მსახიობობა არ აურჩევია, არქიტექტორობა არჩია. ამის მიუხედავად შემოთავაზებები ფილმებიდან მუდმივად ჰქონდა. როგორც ამბობენ, მეუღლეს, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, პირობა მისცა, ფილმში აღარ ვითამაშებო და სიტყვა შეასრულა კიდეც. კახა ქორიძე ამჯერად სამეფო ოჯახის კანცლერია.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები