ახლახან დაბრუნდით ზღვიდან და თავს იდეალურად გარუჯული სხეულით იწონებთ?! მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ეს სიამოვნება ხანმოკლეა და თანაბარი რუჯის შენარჩუნება არც ისე მარტივია.
ამჯერად, რუჯის შენარჩუნების რამდენიმე აუცილებელ პირობასა და სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელ ბუნებრივ საშუალებებს შემოგთავაზებთ:
მიიღეთ კაროტინით მდიდარი საკვები
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ რუჯის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ პირობას კაროტინით (მოყვითალო-მონარინჯისფრო პიგმენტი, რომელიც გარდაიქმნება A ვიტამინად) მდიდარი კვების რაციონი წარმოადგენს.
ასეთი რაციონი მნიშვნელოვანი რაოდენობით უნდა შეიცავდეს კვერცხის გულს, რძეს, ღვიძლს, სტაფილოს ან გარგარის წვენს, პომიდორს, ღია ყვითელი, მწვანე ან ფორთოხლისფერი შეფერილობის ხილსა და ბოსტნეულს (გარგარი, ატამი, გოგრა, ნესვი, ქოქოსი, ბანანი და ა.შ.).
კაროტინით მდიდარი საკვების მიღება ორგანიზმში მელანინის გამოყოფას ასტიმულირებს. მელანინი კი, მოგეხსენებათ, აზოტის შემცველი შავი და მუქი ყავისფერი პიგმენტებია, რომელიც პასუხისმგებელია კანის ფერის ცვლილებაზე.
დაატენიანეთ კანი რეგულარულად
გარუჯვის შემდეგ კანი მშრალია და ადვილად იქერცლება, ამიტომ მას განსაკუთრებული კვება და დატენიანება სჭირდება.
გარუჯული კანის დასატენიანებლად შეგიძლიათ, ნებისმიერი საბავშვო ზეთის, გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამების ან დამატენიანებელი კრემების რეგულარული გამოყენება, რომლებიც სასურველია, E ან A ვიტამინებს, ჰიალურონის მჟავას ან შარდოვანას შეიცავდეს.
დამატენიანებელი საშუალებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს რძეს, ლიმონს, გვირილასა და კიტრს, ვინაიდან ეს კომპონენტები ხელს უწყობს კანის გათეთრებას.
დაიბანეთ სწორად
თუ მიღებული რუჯი თქვენთვის ძვირფასია, მაშინ უახლოესი 1 თვე მაინც მოგიწევთ უარი თქვათ ცხელ აბაზანებსა და საუნებზე და მხოლოდ 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპის მიღებას დასჯერდეთ.
კანის გასასუფთავებლად არ გამოიყენოთ უხეში აბაზანის ღრუბელი და სქრაბები.
რეკომენდებულია მხოლოდ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელების გამოყენება, რომლებიც არ უნდა შეიცავდეს რძეს, ლიმონს, გვირილასა და კიტრს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ეს კომპონენტები ხელს უწყობს კანის გათეთრებას.
კარგი იქნება თუ შხაპის მიღებას შავი ჩაის ნაყენის ან ყავის ნახარშის (ნალექის გარეშე) გადავლებით დაასრულებთ, სქრაბის ნაცვლად კი შეგიძლიათ, ყავის ნალექი გამოიყენოთ.
სხეულისა და სახის ნიღბები
რუჯის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ, ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული ნიღბებითაც ისარგებლოთ. ასეთ ნიღბებს სახლის პირობებშიც მარტივად და იაფად მოამზადებთ:
პომიდვრის ნიღაბი
10 გრ დაბლენდერებული პომიდორი, 10 გრ ხაჭო და 5 გრ მცენარეული ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სახეზე წაისვით და 20-25 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ტანისთვის კომპონენტების რაოდენობა პროპორციულად უნდა გაზარდოთ და შეგიძლიათ, შეფუთვის მეთოდიც გამოიყენოთ.
სტაფილოს ნიღაბი
თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენი (შეგიძლიათ, სტაფილოს ეთერზეთიც გამოიყენოთ), ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული ერთმანეთში უნდა აურიოთ, წაისვათ სახესა და ტანზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანოთ. აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ.
ყავის ნალექის ნიღაბი
2 ს.კ. ყავის ნალექი და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ერთმანეთში აურიეთ, წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ტანისთვის კომპონენტების რაოდენობა უნდა გაზარდოთ და შეგიძლიათ, შეფუთვის მეთოდიც გამოიყენოთ.
წყარო: funtime.ge