როგორ უნდა მიუჩინოთ ადგილი ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანს, რომელიც გამცირებთ – 5 ფსიქოლოგიური ხრიკი

ცხოვრებაში, ალბათ, ამპარტავანი, ქედმაღალი ადამიანები არაერთხელ შეგვხვედრია. შესაძლოა, ჩვენი გზები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გადაიკვეთა, ან კიდევ ბავშვობიდან ასეთ ადამიანთან გავიზარდეთ და მათ გამო ბევრი უსიამოვნება, წყენა და დამცირება შეგვხვდა. დღეს გაგიზიარებთ ფსიქოლოგები რჩევებს, რა უნდა გააკეთოთ, თუ ქედმაღალ, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ამპარტავან ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა და ეს ემოციურად გაზარალებთ.

პირველ რიგში, საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი ისწავლეთ. მხოლოდ მყარი პოზიციითა და უტეხი ემოციით შეგიძლიათ, თანამოსაუბრეს თავისი ადგილი მიუჩინოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მისი პიროვნება კარგად შეისწავლოთ. როგორც წესი, ქედმაღალი ადამიანები საკუთარ დაბალ თვითშეფასებას ამ გზით ნიღბავენ. შემდეგ კი ფსიქოლოგების 5 რეკომენდაციიდან შეგიძლიათ, ერთ-ერთი აირჩიოთ.

ცივი იგნორი
პირველივე მეთოდი, რა თქმა უნდა, იგნორირებაა. რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ შეურაცხმყოფელ ფრაზებს აუცილებლად უნდა უპასუხოს. მაგრამ, მისი მიზანიც ხომ თქვენი გამოწვევა და კონფლიქტში ჩართვაა?! გახსოვდეთ, ნამდვილ დედოფლებს შეურაცხყოფა ვერაფერს აკლებს. გაიხსენეთ, როგორ რეაგირებდა ქეით მიდლტონი მეგან მარკლის ქმედებებზე, მუდმივ ინტერვიუებზე, სკანდალსა და ნეგატიურ შეფასებაზე. არაერთი საშინელება თქვა, მაგრამ ის, რაც ქეითმა გააკეთა, იყო იგნორი… არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საერთოდ რაიმე განემარტა.

დუმილი არ ნიშნავს, რომ ამპარტავანი აგრესორი გამარჯვებულია. იგნორირებაც ხომ ხელოვნებაა. მაგალითად, თუ ის გეუბნებათ: “რა მშვენიერი პერანგი გიყიდია. ბებიაჩემმაც ზუსტად ასეთი შეიძინა!” თქვენ შეგიძლიათ, ამაყად შეისწოროთ პერანგი, თავი მაღლა ასწიოთ და გაიღიმოთ. ამპარტავანი და შურიანი ადამიანი თქვენი ემოციებითა და ენერგიით იკვებება. ნუ მისცემთ უფლებას, საკუთარ ნეგატიურ მორევში ჩაგითრიოთ.

დაუპირისპირეთ არგუმენტირებული მსჯელობა
როგორც წესი, ამპარტავან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და ყველა მიმართულებით აქვთ პასუხები. ამიტომაც, ხშირად უხეში, უტაქტო ფორმით აძლევენ სხვებს შენიშვნებს და ცდილობენ, საკუთარი უპირატესობა დაამტკიცონ. თუმცა, თუ ხედავთ, რომ ის, რასაც გეუბნებათ, არასწორია და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, შეგიძლიათ, მშვიდად და არგუმენტირებულად აუხსნათ და მოიშველიოთ მეცნიერული მტკიცებულება, თუ მნიშვნელოვანი ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზები.

მაგალითად, თუ გეუბნებათ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ, უთხრათ, რომ ზუსტად ისე ასრულებთ დავალებას, როგორც ეს თქვენმა ხელმძღვანელმა დაგავალათ და სწორია.

როგორც წესი, მათაც ჰყავთ ავტორიტეტები. მაგალითად, ეს შეიძლება ხელმძღვანელი იყოს. თუ ეტყვით, რომ თქვენი ხელმძღვანელის მიერ დავალებულ ამოცანას ასრულებთ, მაშინვე გაჩუმდება და ზედმეტ შენიშვნებს ვეღარ გაბედავს.

პირდაპირი გულწრფელობა
გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, უტაქტო და ამპარტავანი ხელმძღვანელი გეუბნებათ: “თქვენი ასაკი და თმის ფერი ამ თანამდებობის დასაკავებლად შეუფერებელია. იცით, რამდენი მსურველია? ბევრი არჩევანი გვაქვს. თქვენ რატომ უნდა აგირჩიოთ?”

ასეთ დროს შეგიძლიათ, უპასუხოთ: „იმიტომ, რომ მე მაქვს შესანიშნავი ხედვა, რაც საშუალებას მაძლევს, მხოლოდ ერთი ფრაზით დაუყოვნებლივ ამოვიცნო ამპარტავანი ადამიანები.” შემდეგ კი განმარტეთ, რომ მას გულისხმობთ და გულწრფელად გამოხატეთ უკმაყოფილება იმაზე, რომ მას კომუნიკაციის ასეთი ფორმა აქვს და გამცირებთ. სავარაუდოდ, კონფლიქტს თავიდან ვერ აირიდებთ, მაგრამ აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რომ მსგავსი ტონით საუბრის უფლებას არ მისცემთ.

არასრულყოფილების მითითება
ამპარტავანი ადამიანები ვერ იტანენ, რომ სხვების აღქმაში არასრულყოფილები არიან და საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა სულ უნდათ. ამიტომ, თუ მათ რაიმე ისეთზე მიუთითებთ, რაც სრულყოფილებაში დააეჭვებთ, განსაკუთრებით ანერვიულდებიან და მიხვდებიან, რომ ზედმეტი მოსდით. თუმცა, ეს მშვიდი და გაწონასწორებული ტონით უნდა გააკეთოთ ისე, რომ პირდაპირ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. მაგალითად, შესაძლოა, სხეულის ერთ-ერთ ნაწილზე, დაზიანებულ თმაზე მიუთითოთ და ურჩიოთ, რომ სპეციალისტს მიმართოთ. ასე ის ნამდვილად დაიბნევა და არასაჭირო საუბარსაც შეწყვეტს.

გამოცდა შეკითხვებით
კიდევ ერთი, საკმაოდ მარტივი მეთოდი შეკითხვებით “დაბომბვაა”. მაგალითად, თუ ის გეუბნებათ, რომ თქვენს საქმეს ცუდად აკეთებთ და მას გაცილებით უკეთესად შეუძლია, საპასუხო შეკითხვით მიმართეთ: “კარგი, მერე რა?” უბრალოდ, არ დანებდეთ, ყოველთვის უპასუხეთ შეკითხვებით. თუ ისწავლით, რომ არა ერთი და იგივე, არამედ ჭკვიანური შეკითხვებით შეუბრუნდეთ, ამპარტავანი ადამიანი აუცილებლად დანებდება, თქვენთან კომუნიკაციის სურვილი აღარ ექნება და შემდგომ თავდასხმას აღარ დაგეგმავს.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები