საქართველოს მთიელთა წეს-ჩვეულებებში ბევრი რამაა ისეთი, რაც დღევანდელი გადასახედიდან უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერს. ამჯერად ფშაველების ქორწინებასა და ცოლ-ქმრული ცხოვრების ზოგიერთ დეტალზე გიამბობთ.
ფშაველი ქალ-ვაჟი, როგორც წესი, მშობლების ნება-სურვილის მიხედვით ქორწინდებოდა. ქალის ასაკს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ – ის შეიძლებოდა საქმროზე უმცროსიც ყოფილიყო და უფროსიც. პირველი, რითაც ქალის მთხოვნელი ინტერესდებოდა, “მწოლელ-მდგომელი”, ანუ მოწაწლე ხომ არ არისო. თუმცა ვინაიდან წაწლობა სამარცხვინო საქმედ არ ითვლებოდა, ქალს ამის გამო არ იწუნებდნენ. ამის მერე სიყოჩაღეს გამოიკითხავდნენ და ბოლოს არკვევდნენ, ჰყავდა თუ არა სარძლოს სამზითვო საქონელი (ცხვარი, ძროხა…) და რამდენი.
სხვათა შორის, ქალ-ვაჟის აკვანში დანიშვნის ხევსურული წესს ფშავშიც მისდევდნენ, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს ამ წესზე. ამის მიუხედავად, ქალ-ვაჟის დანიშვნა მაინც ხდებოდა ისე, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. ქალი შეიძლება ხატში ან ქორწილში სადედამთილოს, სამულეს ან სამაზლეს ენახა და ამით იწყებოდა გარიგება.
თუ გარიგება შედგებოდა და ქორწილიც დაინიშნებოდა, საქმრო საცოლეს წამოსაყვანად აუცილებლად შაბათს უნდა მისულიყო, მეორე დღეს მიჰყავდა თავის სახლში. სამი დღის განმავლობაში ცოლ-ქმარი ერთად, მაგრამ და-ძმასავით უნდა წოლილიყო. მიყვანის ღამეს ცალკე ადგილს გამონახავდნენ სათივეში ან ბეღელში და იქ უშლიდნენ ლოგინს. ნეფე-დედოფალს დაწოლის დროს თან ახლდნენ ქალის ძმა და მეჯვარეები. ისინი ნეფე-დედოფალს დააწვენდნენ, ხანჯლის წვერებით სახურავზე ჯვრებს გამოსახავდნენ და წყვილს მარტო ტოვებდნენ.
შაბათს დაწყებული ქორწილი სამშაბათამდე ან ოთხშაბათამდე გრძელდებოდა. თუ სასიძო შეძლებული იყო, შეიძლება მომავალ შაბათამდეც გაგრძელებულიყო.
გარიგებით დაქორწინებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს, როგორც წესი, ეგუებოდა და ოჯახური ცხოვრებაც თავისი გზით მიდიოდა. ოჯახის უფროსობას კაცი სწევდა და ქალიც ემორჩილებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ცოლ-ქმარი ვერ ეთვისებოდნენ ერთმანეთს. იწყებოდა უკმაყოფილება, რასაც ქმრისგან ან ცოლისგან “დაწუნება” მოჰყვებოდა. თუ ქმარი ცოლს უნამუსობის გარდა სხვა რამითაც დაიწუნებდა, ვალდებული იყო ხუთი ძროხა მიეცა მისთვის და ოჯახიდან გაესტუმრებინა. ამას “სამწუნობროს” ეძახდნენ. მაგრამ თუ ქმარი ცოლს ღალატს შეუტყობდა, “დაასახიჩრებდა” – ცხვირს ან ხელს მოჰკვეთდა, ფიზიკურ სილამაზეს დაუკარგავდა და სახლიდან გააგდებდა. თუ ცოლი ქმარს გაექცეოდა, ერთხელ დააბრუნებდა სახლში, თუ მეორედაც გაიქცეოდა, მაშინ ასახიჩრებდა და ისე უშვებდა.
ამით შეშინებული ქალები ქმრის “დაწუნების” სხვა ხერხს მიმართავდნენ – თავს მოიავადმყოფებდნენ და ამბობდნენ “მაწმინდებსო” – ანუ ხატი მიშლის კაცთან წოლასო. ქმარი ასეთ “ავადმყოფს” ნებას მისცემდა, სადაც უნდა, იქ ეცხოვრა, მაგრამ სხვას ვერასოდეს გაჰყვებოდა ცოლად. ამ ჩვეულებას “კვეთილში ჩასმა ერქვა”.
რაკი ასეთ ქალებს გათხოვება აკრძალული ჰქონდათ, ისინი ხშირად თამარ მეფის ხატის ქალებად აღიკვეცებოდნენ და სამუდამოდ უარს ამბობდნენ გათხოვებაზე. ასეთი ოცამდე ქალი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ცხოვრობდა ივრის ხეობაში, ხატხევში, თამარ მეფის ხატში…
ამონარიდი წიგნიდან “ფშავი და ფშაველები”. ავტორი, როგორც გამოცემის წინასიტყვაობაშია ნათქვამი, თავად ფშავის მკიდრი იყო და აღწერილი ფაქტები თავად ჰქონდა ჩაწერილი ადგილობრივთაგან 20-30 წლებში.
წყარო – ლევან ბოძაშვილი “ფშავი და ფშაველები”.
თბილისი, გამომცემლობა” საბჭოთა საქართველო”, 1988 წელი