1975 წლიდან თუმანიშვილის თეატრის მსახიობია და ამ ეტაპზე ექვს სპექტაკლშია დაკავებული. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მხატვრული ფილმის ეპიზოდში გადაიღეს და ახლახან სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა.
23 წლის იყო, როცა გიორგი შენგელაიამ ფილმში ”სიყვარული ყველას უნდა” მთავარ როლზე დააკავა. 1980 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ მუსიკალურმა კომედიამ არაერთი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.
ამ ფილმს არაერთი სიუჟეტი, სტატია და გადაცემა მიეძღვნა. წლების განმავლობაში, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ მიიწვევდნენ ტელეგადაცემებში, თუმცა ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა მისი ინტერვიუზე დათანხმება. ”თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობაა, რა გაეწყობა, სხვა შემთხვევაში მირჩევნია, თავი ავარიდო”, – ასე გვიპასუხა მსახიობმა. ალბათ, სწორედ ასეთი ”გამოუვალ მდგომარეობაში” ჩავაგდეთ ქალბატონი დარეჯან ხაჩიძე, რადგან საუბარზე დაგვთანხმდა და ერთმანეთს თუმანიშვილის თეატრში შევხვდით…
– ”ჩემი ცოლის დაქალებში” ბევრი ვერ გცნობთ.
– ნაკლებად მცნობენ და თუ მაყურებელი თუმანიშვილის თეატრში არ დადის, ეს არცაა გასაკვირი. ბოლო წლებში სამ მხატვრულ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მანამდეც გადამიღეს, თუმცა ეს პატარ-პატარა ეპიზოდებია. ბოლო ნამუშევრებს შორის ერთი იყო უკრაინის, საფრანგეთისა და საქართველოს კოპროდუქცია ”ფარაჯანოვი”, რომელშიც რეჟისორის მეზობლის მანანას როლი შევასრულე, შემდეგ იყო თინათინ ყაჯრიშვილის ”პატარძლები” და მომდევნო ახალი ნამუშევარი ვანო ბურდულის ფილმია, რომლის პრემიერა ჯერ არ ყოფილა.
”სიყვარული ყველას უნდას” შემდეგ გიორგიმ ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში” გადამიღო. ასევე ”დღეს ღამე უთენებიაში” პატარა ეპიზოდი მქონდა. უწინ იშვიათად გადიოდა ეს ფილმი და ამას წინათ ვუყურე. ისეთ ტემპერამენტს ვავლენ, რომ (იცინის)… ქალს ვთამაშობდი რომელიც მიწის გამო დავობს. ისეთი ტემპერამენტი მოდიოდა ჩემგან, მეც გამიკვირდა.
– ვიცი, რუსთავში ცხოვრობდით და სტუდენტობისას ბატონმა მიშა თუმანიშვილმა თავისი ბინა დაგითმოთ…
– დიახ, ასე იყო. რუსთავში ვცხოვრობდი, სტუდენტობის დროს ისეთი განრიგი გვქონდა, დილიდან საღამომდე რეპეტიციებზე ვიყავით. ერთი პერიოდი ბინა მქონდა ნაქირავები, მერე ბატონმა მიშამ და მისმა მეუღლე ლეილამ შემომთავაზეს საცხოვრებელი ადგილი. მათ კალანდაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდათ, თავად ბარნოვზე ცხოვრობდნენ. ასე ვთქვათ, მიშვილეს, სამოთახიანი ბინა დამითმეს, სადაც დიდი სახლის პატარა დიასახლისი ვიყავი (იღიმის). ვერასოდეს დავივიწყებ იმ სითბოსა და ყურადღებას, რაც ბატონმა მიშამ, ქალბატონმა ლეილამ და მათმა ქალიშვილმა ლიკამ ჩემ მიმართ გამოავლინეს.
– ვინ იყვნენ თქვენი მშობლები?
– ჩემი მშობლები ხაშურის რაიონიდან იყვნენ, შემდეგ რუსთავში დასახლდნენ. დედა დიასახლისი იყო, როცა წამოვიზარდეთ, მერე დაიწყო მუშაობა. ხოლო მამა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით ოჯახში: ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. ახლა ჩემი ძმა ჩვენს ადგილ-მამულს უვლის აძვისში, სადაც სულ ხაჩიძეები ცხოვრობენ. დებს სხვადასხვა პროფესია აქვთ, მათგან მხოლოდ მე გადავწყვიტე სამსახიობოზე სწავლა. თეატრალურ ინსტიტუტში ისე ჩავაბარე, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. კი არ დამიმალავს, უბრალოდ, იმ დროს, როცა გამოცდებმა მომიწია, დედ-მამა პენსიაზე გავიდა და სოფელში წავიდნენ, სადაც ჩვენს ეზო-კარს უვლიდნენ. არც ვიცოდი, თეატრალური ინსტიტუტი სად იყო, გაზეთიდან ამოხეულ გვერდზე მითითებული მისამართით მივაგენი. ყველა მორცხვობდა, მე თამამი ვიყავი და როცა მალიკო მრევლიშვილის წინაშე ლექსი წავიკითხე, შემდეგ ტურებზე გამიშვა. ჯერ კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი, მესამე კურსის სტუდენტი კი ბატონმა მიშამ თავისთან მიმიწვია, სწორედ მაშინ ხსნიდა კინომსახიობთა თეატრს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დღე იყო ის ჩემთვის?!
– მსახიობის პროფესია სითამამეს, დიდ ენერგიას, გამძლეობას მოითხოვს. ოდესმე გინანიათ პროფესიული არჩევანი?
– არასოდეს. ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი. ინსტიტუტშიც იურა ზარეცკისა და კოწო ბადრიძის ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი გახლდით. ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა და ნებისყოფა მქონდა არანორმალური.
– ქალბატონო დარეჯან, ”ჩემი ცოლის დაქალებში” ყოველდღიურობისგან საკმაოდ განსხვავებული გარეგნობა და იმიჯი გაქვთ…
– ახლობლებიც ვერ მცნობენ, რადგან სერიალში სულ სხვანაირი ვარ. ქეთი დევდარიანმა დამირეკა, მივედი, მითხრა, რომ ეძებდნენ ერთგულ, კარგ დიასახლის ქალბატონს, ვისაც ოჯახი ენდობა, აუტისტ ბავშვს გულისხმიერებით ეპყრობა და ასეთი სახე უნდა შემექმნა. შევეცადე, სწორედ ამ მიმართულებით ”წამეყვანა” როლი. მშვენიერი პარტნიორები მყავს, არაჩვეულებრივი არიან ნინო კასრაძე და გია როინიშვილი – მასთან ერთად თუმანიშვილის თეატრში რამდენიმე სპექტაკლში მომიწია მუშაობამ. ახალგაზრდებიც მშვენივრად ართმევენ თავს. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, ახლობელმა პარიკი მაჩუქა. გადაღებებზე წავიღე, იქნებ, გამომადგეს-მეთქი. დავიხურე თუ არა, გიორგი ლიფონავას მოეწონა. სხვა ვარიანტი არც მიცდია. თმის მოვლასა და ვარცხნილობის კეთებას დიდი დრო მიაქვს. მარტივად გადავწყვიტე პრობლემა – ”შლიუპ”, ჩამოვიფარებ პარიკს და უკვე მზად ვარ, ყველაზე სხარტად მე ვემზადები.
– სანამ მიგიწვევდნენ, უყურებდით სერიალს?
– დიახ, თუმცა ყოველთვის ვერა, რადგან საღამოობით სპექტაკლები გვაქვს და შინ გვიან ვბრუნდები. შეიძლება ითქვას, სიუჟეტი დანის პირზე ”დადის”, მიჰყვება თანამედროვე დროს და იმიტომაა აქტუალური. ვფიქრობ, სერიალს მაყურებლისა და საზოგადოების მაჯისცემაზე უდევს ხელი და წარმატების კიდევ უფრო მეტი შანსი აქვს.
– მგონი, მეუღლეც ხელოვანი გყავთ, ხოლო ორი შვილიდან ერთ-ერთი თუმანიშვილის თეატრში მუშაობს…
– ჩემი უფროსი ქალიშვილი გვანცა თუმანიშვილის თეატრის დასის გამგეა, მეორე – ანა-მარია, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს, გაუმართლა და ბატონ თემურ ჩხეიძესთან მოხვდა. 13 წლიდან თამაშობს ჩვენი თეატრის წარმოდგენებში, სადაც პირველ ორ სპექტაკლზე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დააკავა. მეუღლე, მალხაზ გურგენიშვილი კი ეკონომისტია, კინოკომიტეტში ფინანსისტად მუშაობდა, მაგრამ არ უყვარდა ეს საქმე. ისე, რამდენიმე ფილმშია გადაღებული, მათ შორის ფარაჯანოვის ორ ფილმია.
სხვათა შორის, ახლა გამახსენდა და გეტყვით, რომ პირველად სატელევიზიო სპექტაკლში თითქმის ორმოცი წლის წინ ვითამაშე. მაშინ 17 წლის ვიყავი, უკვე სტუდენტი და ბატონმა მიშამ მკითხა, ხომ არ ვითამაშებდი სპექტაკლში, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ეს იყო რეჟისორ კახა კახაბრიშვილის ტელესპექტაკლი ”მე შენ მიყვარხარ”. სამწუხაროდ, ჩანაწერი აღარ არსებობს, რომელიღაც მაღალჩინოსნის სიტყვის ჩასაწერად დასჭირდათ და ზედ გა-დააწერეს. 40 წლის შემდეგ ისევ მიმიწვიეს ტელევიზიაში გადასაღებად (იღიმის), ასე რომ, ეს ახალი არ არის ჩემთვის (იღიმის).
ანა კალანდაძე
წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”