როგორ მოვუაროთ სახეს ზამთარში

ზამთარში სახის კანი დაუცველია – ყინვა, ქარი, სუსხი მას საგრძნობლად აზიანებს. როგორ დავიცვათ სახის კანი ზამთარში? ამის შესახებ კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე გვესაუბრება:
– კანი ორგანიზმს გარეგანი ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო კი უამრავი უარყოფითი ფაქტორია – მტვერი, ულტრაიისფერი გამოსხივება… კანის მდგომარეობაზე აისახება არასწორი კვება და მძიმე დღის რეჟიმიც.
სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ზამთარში სჭირდება: ყინვა, ქარი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა მას თავის კვალს აჩნევს. გარდა ამისა, გამათბობელი აშრობს ოთახის ჰაერს, რაც ასევე ვნებს სახის კანს, ამიტომ ეცადეთ, ოთახი ორ-სამ საათში ერთხელ მაინც გაანიავოთ და გამათბობლის ახლოს არ დასხდეთ. თუ კანი გამოშრა, ის მალე დაკარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.
– რა ვნებს სახის კანს ყველაზე მეტად?
– სახის კანს ბევრი რამ ვნებს, მაკიაჟიც კი. დღეს დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებლები უამრავ ძვირად ღირებულ კრემს უშვებენ. მათი მთავარი დანიშნულება სახის კანის ხარვეზებისა და ლაქების დაფარვაა, მაგრამ მათი ხშირად გამოყენება მავნებელია. ლაქების დაფარვას ჯობს, კანს ვუმკურნალოთ.
მავნებელია ასევე ხელოვნური გარუჯვა – სოლარიუმი. შესაძლოა, ბევრს არ ესიამოვნოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი გარუჯვა საზიანოა. სხვა თუ არაფერი, ულტრაიისფერი სხივების ხშირი ზემოქმედება კანს აშრობს და აბერებს.
იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ გარუჯვაზეც. მართალია, არსებობს უამრავი დამცავი კრემი, რომლებიც გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ უნდა წაისვათ, მაგრამ, პირველ რიგში, ზომიერებაა საჭირო – მზის გულზე დაწესებულ დროზე მეტი ხანი არ უნდა გაატაროთ.
– შეიძლება, ზამთარში სახის კანის მოუვლელობამ ნაადრევი ნაოჭების გაჩენას შეუწყოს ხელი?
– რა თქმა უნდა. როდესაც სახე მშრალია, ადვილადაც ნაოჭდება, ყინვა და ქარი კი კანის გამოშრობას უწყობს ხელს. ამიტომ ქარიან ამინდში და, საზოგადოდ, სიცივეში დღის დამცავი კრემი იხმარეთ, შინ დაბრუნებისას კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ კანი დაგეჭიმათ, ღამის მკვებავი კრემი წაისვით. გარდა გარეგანი ფაქტორებისა, ნაოჭების გაჩენა გენეტიკასა და ცხოვრების წესზეც არის დამოკიდებული.
– ესე იგი, როგორც უნდა გავუფრთხილდეთ კანს, თუ ნაადრევი დაბერება გენეტიკურად არის განპირობებული, ვერაფერს გავხდებით?
– გენეტიკასთან ვერაფერს გავაწყობთ, მაგრამ დაბერების პროცესის შეჩერება მხოლოდ თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებებით კი არა, ცხოვრების წესითაც შეიძლება (კოსმეტიკურ საშუალებებში პლასტიკურ ოპერაციებს კი არა, ხარისხიან მკვებავ და დამატენიანებელ კრემებსა და ნიღბებს ვგულისხმობ), ამას კი, პირველ რიგში, სიმშვიდე და ჯანსაღი კვება განაპირობებს.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნაადრევი დაბერების ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტრესია. ხშირი დაძაბულობა სახის კუნთებს ჭიმავს და ელასტიკური ბოჭკოები სიმკვრივეს თანდათანობით კარგავს. გარდა ამისა, სტრესის ჰორმონი ადრენალინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ეს კი კანის ზედა ფენის წვრილ კაპილარებზე ახდენს გავლენას. ხანგრძლივი სტრესის შემთხვევაში კანი ვერ იღებს საჭირო საკვებსა და ჟანგბადს.
თუ პროფესიისა და ოჯახური პირობების გამო დიდი ხნის განმავლობაში განიცდით სტრესს, განმტვირთავ ვარჯიშს მაინც უნდა მიმართოთ. სპორტთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება, კარგი ძილი. მართალია, ეს ყველაფერი უკვე გაჩენილ ნაოჭებს ვერ გააქრობს, მაგრამ ხელს შეუშლის ახლის წარმოქმნას.
– რა არის კანის დაბერების პირველი ნიშანი?
– სინოტივის დაკარგვა. თუ კანმა სინოტივე დაკარგა, გამოშრობას დაიწყებს და ნაადრევად დანაოჭდება, ამიტომ მის დასანოტივებლად ვიტამინიზებული კრემების გამოყენებაა საჭირო. ძილის წინ სუფთა სახეზე წაისვით ღამის მკვებავი კრემი, დილით, დაბანის შემდეგ კი, თუ სახის სიმშრალე და დაჭიმულობა იგრძენით, დღის კრემი გამოიყენეთ.
თუ გსურთ, სახის ფერი კარგი გქონდეთ, პირველ რიგში, კვების რეჟიმი უნდა მოიწესრიგოთ. კანს ვნებს ძნელად მოსანელებელი საკვები: ხორცი, სანელებლები, აგრეთვე შოკოლადი, ჩაი, ყავა, ალკოჰოლური სასმელები…
სახის კანს უხდება რძე და რძის ნაწარმი. კარგია მცენარეული საკვებიც. ზედმეტი ძილი ცუდად მოქმედებს კანის ფერზე, მაგრამ უძილობაც ძალიან მავნებელია.
კანისთვის სასარგებლოა ხილის ნიღბები და დადებითი ემოციები.
– რას ურჩევდით ქალებს?
– დილით, შინიდან გასვლის წინ, დღის დამატენიანებელი კრემი წაისვან; ძილის წინ სახეს ნუ გაიწმენდენ ლოსიონით, წყლით ჩამობანასაც ერიდონ, – უმჯობესია გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძით. თუ ატყობთ, რომ სახე მტვრიანი გაქვთ, დაბანის შემდეგ ღამის მკვებავი წაისვით, დილით ისევ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და დღის მკვებავით დაინოტივეთ.
– როგორ მოქმედებს დიეტა სახის კანზე?
– თუ გსურთ, თქვენმა კანმა სინორჩე დიდხანს შეინარჩუნოს, 30 წლის შემდეგ ნუ იშიმშილებთ. სახის კანს ყველაზე მეტად ხშირი გახდომა-გასუქება ვნებს – ეს ელასტიკური ბოჭკოების დაჭიმვას უწყობს ხელს და კანი დროზე ადრე იწყებს დაბერებას, ამიტომ თუ დიეტას იცავთ, კვების რაციონი დიეტოლოგთან შეათანხმეთ.
ექიმი გვირჩევს ნებისმიერი ტიპის კანის გაწმენდა აუცილებელია. გაწმენდილი კანი არ შრება და ელასტიკურობას ინარჩუნებს. აიღეთ ბამბის ფთილა, ჯერ ცხელი წყლით დაასველეთ, გაწურვის შემდეგ კი მცენარეული ზეთით. ზეთი შეიძლება იყოს როგორც მზესუმზირის, ასევე ზეითუნის. გაიწმინდეთ სახე და კისერი. 1-2 წუთი შემდეგ სახე ჩაიში ან ისევ ცხელ წყალში დასველებული ბამბით გაისუფთავეთ.
რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტები შეარჩიეთ მის გასაწმენდად. მშრალი ბამბის ფთილა მჟავე მაწვნით ან რძით დაასველეთ და სახე გაიწმინდეთ. შემდეგ ბამბის ფთილა გამოცვალეთ და სახე კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ. თუ კანი მშრალია, ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, თუ ცხიმიანია, რძის ან მაწვნის ზედა ფენა დილამდე დაიტოვეთ.

წყარო: https://marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები