წარმატებისკენ სწრაფვისას ყოველთვის არ ღირს იმ მეთოდებით იხელმძღვანელოთ, რომელიც თანამედროვე სამყაროსთვის არის მისაღები. მიიღეთ მხედველობაში და გამოიყენეთ პრაქტიკაში ის სულიერი, ბრძნული გაკვეთილები, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ამასთან, თუ ტიბეტელი ბერების სიბრძნეს მიმართავთ, ეს უდავოდ დაგეხმარებათ იღბალი თქვენდამი კეთილად განაწყოთ და წარმატებას ყველა სფეროში მიაღწიოთ.
ტიბეტი – ერთ-ერთი იდუმალი ადგილია დედამიწაზე, რომელმაც კაცობრიობას ძალზე ეფექტური მეთოდები გაუზიარა სამკურნალო ვარჯიშებისა და მედიცინის სფეროში სულიერი ჰარმონიის მისაღწევად. ტიბეტელი ბერები, რომლებიც განმარტოვდნენ ხმაურიანი სამყაროსგან, წყნარ ნავთსაყუდელში, დღეგრძელები არიან თავიანთი ცხოვრების წესის წყალობით. ის რაც ჩვეული მოვლენაა თანამედროვე ადამიანისთვის პრობლემები, მღელვარება, სიჩქარე და ა. შ. – მათთვის ეს ყველაფერი უცხოა. ისინი მთელს მსოფლიოში ცნობილნი არიან თავიანთი სიმშვიდით, სიბრძნით, ნათელი და სუფთა აზრებით. სულიერი ჰარმონია და უნარი იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწიო არსებული გარემოს დამღუპველ ზემოქმედებას – ეს ყველაზე უტყუარი გზაა წარმატებისკენ. იმისათვის რომ მიიზიდოთ იღბალი და საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში იცხოვროთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბრძენი ტიბეტელების ძალიან ძვირფასი რჩევებით.
დაიწყეთ დილა მადლიერების გამოხატვით
ღმერთს გადაუხადეთ მადლობა იმისათვის, რომ გაიღვიძეთ და შეგიძლიათ ახალი ძალით გააგრძელოთ გზა წარმატებისკენ. ირწმუნეთ, რომ იღბალი გვერდით არ ჩაგივლით და სამყარო იმედებს არ გაგიცრუებთ.
თუ სარგებელს მიიღებთ, სანაცვლოდ კეთილი საქმე გააკეთეთ. მაგალითად, სამსახურში დაგაწინაურეს, თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდით ან შემთხვევით რაიმე ძვირფასი ნივთი იპოვეთ, ამ შემთხვევაში, მოწყალება გაიღეთ გაჭირვებულთათვის, ხელი გაუწოდეთ მათ ვისაც დახმარება სჭირდება. სამყარო წონასწორობის დაცვისკენ ისწრაფვის, ეს კი იმას ნიშნავს რომ, თუ რაიმეს შეიძენთ, სანაცვლოდ სხვა რაღაც უნდა დათმოთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი.
არასოდეს მოიტყუოთ, როცა საქმე თქვენს გრძნობებს ეხება
იღბალი ზურგს აქცევს მათ, ვინც ფარისევლობს. თუ არ მოგწონთ არსებული სიტუაცია, არ არის საჭირო ყალბი ღიმილი მოირგოთ სახეზე. ისაუბრეთ თქვენს უკმაყოფილებაზე პირდაპირ, მაგრამ რბილად; ამის შემდეგ შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გულწრფელობა განსაკუთრებით მაშინ უნდა გამოიჩინოთ, როცა ადამიანს ბოდიშს უხდით. ეს მხრებიდან ტვირთს მოგაშორებთ.
ისწავლეთ მარცხის მიღება
თუ გულწრფელად მიიღებთ მაცხს, თქვენ ამით უფრო მეტს შეიძენთ, ვიდრე დაკარგეთ – ფასდაუდებელ გამოცდილებას და გაგებას იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მომავალიში.
თუ სათქმელი არაფერი გაქვთ – გაჩუმდით
უაზრო, ფუჭი ყბედობა წარმოადგენს საინფორმაციო ნაგავს, რომელსაც გადააქვს თქვენი ყურადღება ძირითადი მიზნებიდან. ასევე, ქმნის უხერხულ სიტუაციას თქვენსა და მოსაუბრეს შორის. თუ უარს იტყვით დაუფიქრებელ უმიზნო ლაპარაკზე, ამით გზას გაიხსნით წარმატებისკენ.
იმოგზაურეთ
შაბათ–კვირას ეცადეთ მოინახულოთ თქვენთვის უცნობი ადგილები, წელიწადში ერთხელ მაინც იმოგზაურეთ უცხო ქვეყნებში. ახალი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გააძლიერებს თქვენს სულსა და ინტელექტს, რაც შესაბამისად წარმატებას მოგიტანთ პროფესიულ სფეროში.
კამათის დროს ნუ გადახვალთ პირადულზე და ნუ გაიხსენებთ წარსულს
ამ გზით კონფლიქტს ვერ მოაგვარებთ, პირიქით, უფრო გაამწვავებთ სიტუაციას და მოსაუბრეს მხრიდან უარყოფითი ემოციების პროვოცირებას მოახდენთ. იმის ცოდნა და უნარი, თუ როგორ გამოხვიდეთ ყველაზე რთული სიტუაციიდან ისე, რომ მეორე ადამიანის პირადულს არ შეეხოთ და კამათი საშინელ სკანდალში არ გადაზარდოთ – ეს თქვენი წარმატების გარანტიაა.
ყოველდღიურად საკუთარ თავთან განმარტოვდით
ეს თქვენ მოდუნებაში დაგეხმარებათ, აღიდგენთ სულის ჰარმონიას, გაანალიზებთ იმას თუ რას მიაღწიეთ და რომელი გზით უნდა იაროთ მომავალში. თქვენი მიღწევების ანალიზი მნიშვნელოვანი საფეხურია წარმატებისკენ.
გაგებით მოეკიდეთ სხვა ადამიანების ოცნებებს
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ სხვა ადამიანების სურვილები და ოცნებები, მათ პატივისცემით უნდა მოექცეთ. დაცინვა და ცინიკური დამოკიდებულება მათ მისწრაფებებს გზას უღობავს წარმატებისკენ. თუ მსგავსი დამოკიდებულებით სხვებს პრობლემებს უქმნით, მაშინ იღბალი თქვენც ზურგს გაქცევთ.
დაიმახსოვრეთ, რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც შეგიძლიათ საკუთარი თავი შეადაროთ, ეს თავად თქვენ ხართ
გაიხსენეთ როგორი იყავით ადრე, შემდეგ კვლავ დაუბრუნდით აწმყოს და გაიხარეთ თქვენი მიღწევებით. თქვენი წარმატების საზომს ის ძალა წარმოადგენს, რომელიც წარმატების მიღწევისას დახარჯეთ. ამის გამო, უმნიშვნელო გამარჯვებაც კი, რომელსაც დიდი სულიერი ძალისხმევა მოახმარეთ, თქვენს ცხოვრებაში გრანდიოზულ მოვლენად გადაიქცევა.
ჰარმონიაში იყავით საკუთარ თავთან და იღბალი არასოდეს მიგატოვებთ. წარმატების მიღწევის შესაძლებლობა თქვენს ხელშია. ისარგებლეთ ტიბეტელი ბრძენი ხალხის რჩევებით და დაიპყარით მწვერვალები!