როგორ მოვამზადოთ კოსმეტიკური საპონი

კოსმეტიკური საპონი სახლის პირობებში ასე მზადდება: 200 გრამი საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე(აუცილებლად პლასტმასის) და ჩაყარეთ ემალის მაღალ ქვაბში, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 2-3 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ, მეორე დღემდეც გააჩეროთ). შემდეგ დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ ულაქო ხის გრძელი კოვზით. დუღილს რომ დაიწყებს, თანმიმდევრობით ჩაუმატეთ: ერთი სუფრის კოვზი ქაფურის სპირტი (ნელ-ნელა და თან ურიეთ), ნახევარი სადილის კოვზი კოსმეტიკური ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, სოიის…), ნახევარი სადილის კოვზი გლიცერინი (ძალიან სქელი), 50 მილიგრამი ნიშადურის სპირტი და, სულ ბოლოს – 75 მილიგრამი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი (“პერეკისი”). ამოფუებისთაბავე გადმოდგით და თქვიფეთ იმავე ხის კოვზით გაცივებამდე. ბოლოს მოათავსეთ მინის სახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
წასმის წინ კოსმეტიკური საპონი უნდა ათქვიფოთ შესაბამის სითხეში კანის ტიპის მიხედვით: მშრალი კანისთვის – ბალახების ნაყენში (გვირილა, პიტნა, სალბი); ნორმალური კანისთვის – ბორაქსის 5-პროცენტიან ხსნარში; ცხიმიანი კანისთვის – 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგში. საპნის ნიღაბს მშრალ კანზე იჩერებთ 10 წუთს, ნორმალურზე – 15 წუთს, ცხიმიანზე – 17-20 წუთს. მერე ჩვეულებრივად ჩამოიბანთ თბილი წყლით და წაისვამთ მკვებავს.
კოსმეტიკის მოსაშორებლად ასეთ რჩევას მოგცემთ: გამწმენდი რძე გამოიყენება კოსმეტიკის მოსაშორებლად, ამისათვის ის სახეზე უნდა დაიდოთ ბამბის ტამპონით და მსუბუქი მოძრაობით მოიშოროთ მაკიაჟი. სრულფასოვანი გაწმენდის მიზნით ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2-3-ჯერ, შემდეგ კი რეკომენდირებულია სახის წყლით (უკეთესია მინერალური წყალი) ჩამობანა და ტონიკით გაწმენდა. ტონიკი კანს სძენს სიახლის შეგრძნებას, ასრულებს გაწმენდის პროცესს და ბოლომდე აშორებს კანს მარილებისა და მინერალების ნარჩენებს (რომელსაც წყალი შეიცავდა).
სახლის პირობებში მაკიაჟის მოშორება შესაძლებელია ნუშის ზეთით- წინასწარ წყალში დასველებულ ბამბის ტამპონს დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი და გაიწმინდეთ სახე. ამ საშუალებით თვალებიდანაც შეგიძლიათ მაკიაჟის მოშორება. წამწამებიდან ტუშის მოშორება აბუსალათინის ზეთითაც შეგიძლიათ (გამოიყენება იგივენაირად). გარდა ამისა, კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ: ჭიქაში ჩაასხით ნაღები, ერთი კვერცხის გული, კარგად აურიეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი და სამი სუფრის კოვზე ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლათ, მაგრამ თვალის სიხლოვეს არ წაისვათ. თვალიდან მაკიაჟის მოცილება არ შეიძლება წყლითა და საპნით, რადგან თვალები ღიზიანდება. ამისთვის გამოიყენება კოსმეტიკური რძე, ან ღიღილოს ყვავილის ნაყენი. ეს საშუალება იცავს ქუთუთოებსა და თვალის კაკალს დაზიანებისაგან. მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენება მკვებავი კრემიც. შემდეგ ისვამენ აბუსალათინის ზეთს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები