როგორ მოვამზადოთ გურული საშობაო ღვეზელი

გურული ღვეზელი ყოველ შობას ოჯახის თითოეული წევრისთვის ცხვება და მისი ზომა იმ ადამიანის ასაკის მიხედვით განისაზღვრება ვისთვისაც არის განკუთვნილი. დიდი ზომის კერძი ოჯახის უფროსს ეკუთვნის, პატარა კი ოჯახში ყველაზე უმცროსს. ცალკე მზადდება ყველაზე დიდი ფორმის ღვეზელი, ყველაზე ბევრი კვერცხით, რომელიც სადღესასწაულო სუფრის შუაგულში თავსდება და მასზე სანთლები ინთება, რადგან გურიაში სჯერათ, რომ ეს ოჯახისთვის ბარაქისა და კეთილდღეობის მომტანია.
როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
ინგრედიენტები
ყველი – 800 გ
მზა საფუვრიანი ცომი – 1 კგ
მოხარშული კვერცხი
კვერცხი – 1 ც
ტაბულა
მომზადების წესი
საშობაო გურული ღვეზელის გამოსაცხობად ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი, მოხარშული კვერცხები და ყველი დაგჭირდებათ. ცომი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან მზა იყიდოთ საცხობში. ყველი ჭყინტი უნდა იყოს, ისეთი, როგორც ხაჭაპურისთვის. ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა ძირითადად ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ.
გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა ამოსაფუებლად. მანამდე გაფცქვენით მოხარშული კვერცხები და გაჭერით შუაზე ან სასურველ ზომაზე. ყველი გახეხეთ ან ხელით დაფხვენით. გააბრტყელეთ ცომი. თუ ნახევარმთვარისებურ ღვეზელს აკეთებთ, მაშინ ცომის ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი გადმოაფარეთ.
შეგიძლიათ ღვეზელები პირდაპირ ღუმელის თუნუქის ფურცელზე მოამზადოთ, უფრო მოხერხებულია: გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი და შემდეგ ჩაუდეთ გულსართი. ღვეზელებს გამოცხობის წინ თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები