როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევროპის ჩემპიონობამდე და ვინ და რატომ უზღუდავდა მას გადაადგილების უფლებას

საქართველოს პარატაეკვანდოს გუნდმა საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთ-ერთი ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ხიზანიშვილი გახდა.
გიორგი ხიზანიშვილი: წარმატებას ველოდით, გვჯეროდა, რომ ჩვენი შრომა შედეგს მოიტანდა, რადგან კარგად მოვემზადეთ, მაგრამ ოქროს თუ ავიღებდი და ევროპის ჩემპიონი გავხდებოდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. წარსულის გამოცდილებებიც არ მქონია ცუდი, მაგრამ საშეჯიბრებო გამოსვლა ყოველ ჯერზე ძალიან ემოციური და სტრესულია. როგორც არ უნდა ვეცადო, რომ არ ვინერვიულო, არ გამომდის. ამ შეჯიბრებაზეც დიდი სტრესი მივიღე, მაგრამ მიღწეულმა შედეგმა ყველაფერი აანაზღაურა.

– ახლა, ალბათ, დასვენების დროა…
– დასვენებისთვის დიდი დრო არ გვქონდა. უკვე განვაახლეთ ვარჯიში. აგვისტოს ოლიმპიადისთვის ვემზადებით. ცხადია, არ ვგულისხმობ ოლიმპიადას, რომელიც 2024-ში გაიმართება. ეს არის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტიპის შეჯიბრება, რომელსაც საკმაოდ დიდი წონა და მასშტაბები აქვს. სექტემბერში უკვე მსოფლიო ჩემპიონატია და ორივესთვის აქტიურად ვემზადებით ყოველდღიურ რეჟიმში.

– აქამდე რა წარმატებებით მოხვედით?
– გზა, რომელიც მე გამოვიარე, არც თუ ისე მარტივი იყო. ჩემი სპორტული კარიერა საკმაოდ რთულად დაიწყო. ამას რიგი მიზეზები ჰქონდა – სხვათა უპასუხისმგებლობის გამო ვერ ხერხდებოდა ვარჯიში, საზღვარგარეთ გასვლა, სათანადოდ დაფასება და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პირველი პერიოდი ჩემთვის დიდ ჩავარდნასთან ასოცირდება. შემდეგ შეგვეცვალა მწვრთნელი, კიდევ ბევრი ცვლილება მოხდა და აქცენტი ამ სპორტისა და თითოეული სპორტსმენის წარმატებაზე გაკეთდა. ამის დამსახურებაა, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთი წარმატებებით და მედლებით ვბრუნდებით. პირველად სტამბოლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ავიღე მესამე ადგილი. ეს გამარჯვება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი და გასახარი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ეს პირველი შეჯიბრება გახლდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კონკურენცია კი ძალიან მაღალი იყო. ამის შემდეგ შედეგები ნელ-ნელა გავაუმჯობესე.

– როგორ დაინტერესდით პარატაეკვანდოთი?
– ეს ცოტა უცნაური ამბავია. შემომთავაზეს სპორტით დავკავებულიყავი და თავიდან ცურვით დავიწყე. მალე მივხვდი, რომ ეს არ იყო საჩემო. მინდოდა, სპორტის ისეთ სახეობაში მეცადა ბედი, რომელიც საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალებას მომცემდა. ასეთი აღმოჩნდა პარატაეკვანდო, რომელიც მაშინ საქართველოში ძალიან ახალი იყო. ვარჯიშებზე წარმატებები მქონდა და საბოლოო ჯამში, ამან შესაბამისი შედეგი გამოიღო.

– სამწუხაროდ, შშმ პირების დასაქმებისა და რეალიზების საკითხი, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ბუნებრივია, სამსახურის დაწყება მინდოდა. ვაგზავნიდი „სივს“, მიბარებდნენ გასაუბრებაზე და როდესაც მხედავდნენ, ჩემი გასაუბრება ერთ ან ნახევარ წუთს გრძელდებოდა. ყველას სახეზე ვკითხულობდი, რომ იქ არ მელოდნენ. ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა მემუშავა და ყოველთვის უარყოფით პასუხის ვიღებდი. ეს ძალიან რთული იყო. არავის სჭირდები, არსად არ გიღებენ. ხვდები, რომ არ გიყურებენ როგორც თანასწორს და ის, რომ თანასწორები ვართ, მხოლოდ ფურცელზე წერია.
ერთი წლის თავზე კიდევ ერთი სტაჟირება გავიარე თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და ამ სამსახურში ამიყვანეს. ახლა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ვმუშაობ. პარალელურად, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტშიც ვიღებ მონაწილეობას. ჩემი სამსახური ძალიან მიწყობს ხელს ჩემს საჭიროებებთან მიმართებაში და ეს მეხმარება წარმატების მიღწევაში.
ფიზიკური განსხვავებულობა არის ნიშა, რომელიც მე სხვებისგან გამომარჩევს და საზოგადოება ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა და უსვამს. მე ამას მივეჩვიე, უკვე 20 წელი გავიდა და ვიცი, როგორ ვიბრძოლო, როგორ გავუწიო წინააღმდეგობა მათგან წამოსულ არასასიამოვნო რეაქციებს, სიბრალულს, მოძახილებს და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა ორმა ბებომ ავტობუსის გაჩერებაზე ცოცხლად დამიტირა, იქვე გამომიგლოვეს. როცა მთელი საზოგადოება ასეთია, რთულია არსებობა. ფაქტობრივად, არსებობისთვის მიწევდა და მიწევს ბრძოლა. გადაადგილების უფლება ყველას აქვს და როდესაც ვინმე ამას გიზღუდავს, ძალიან რთულია.

– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, პანდემიის დროს, კონტროლიორიც და მგზავრებიც ჩემგან მოითხოვდნენ ტრანსპორტიდან ჩავსულიყავი, რადგან პირბადეს არ ვატარებდი. პანდემიასთან ერთად ეს ჩემთვის დამატებითი სტრესი გახდა. რეალურად, მე შემეძლო პირბადე არ მეტარებინა, იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს ფიზიკური შეზღუდვა. ამის უფლებას კანონი მაძლევდა. თუმცა, ამ კანონის შესახებ არც მგზავრებმა იცოდნენ და არც კონტროლიორმა.

– ნათქვამი გაქვთ, რომ ეს მდგომარეობა არასდროს გამხდარა ხელის შემშლელი ფაქტორი პირად ცხოვრებაში. ანუ, საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის არასწორი არ არის, არა?
– როდესაც ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, კი. ახალგაზრდები უფრო მეტად გახსნილები და ინტერესიანები არიან, მათ მეტი მიმღებლობა აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით უფროსი ასაკის წარმომადგენლებზე. ასაკოვან ხალხთან უფრო რთულია კომუნიკაცია. დიახ, ჩემს შემთხვევაში, ამ მხრივ, ფიზიკური მდგომარეობა არ გამხდარა დამაბრკოლებელი. ვიცნობ სხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და არც მათგან მსმენია მსგავსი რამ.

– ახლა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში და თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი საპირისპირო სქესში?
– ჯერჯერობით თავისუფალი ვარ (იცინის). ზოგადად, ადამიანში და გოგოშიც, განსაკუთრებით ფასეულია ცოდნა და შინაგანი სამყარო. გასაგებია, რომ ფიზიკური მხარე განაპირობებს პირველად მოწონებას, მაგრამ ამის შემდეგ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია – რა არის ადამიანის შიგნით, ღირებულებები, ფასეულობები, აქცენტები, საერთო ენისა და ინტერესების გამონახვა და ასე შემდეგ.

წყარო: https://tbiliselebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები