როგორ მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს, რუდოლფ შტაინერის ექვსი სავარჯიშო

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ფიქრები, ნება და გრძნობები ხშირად აცდენილია ერთმანეთს. მაგალითად, შეიძლება ვინმეს მიმართ სიბრალულს გრძნობდეთ, მაგრამ ფიქრობდეთ, რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის. განცალკევებულია აგრეთვე ქმედებებიც. მაგალითად, შესაძლოა უყუროთ არაქისის რეკლამას და თავადაც შეუდგეთ კნატუნს, მერე კი საკუთარ თავს ჰკითხოთ, რატომ ვჭამ? მინდა ახლა მე ეს არაქისი? ხშირად ისეც ხდება, რომ საერთოდ არ ვუფიქრდებით იმას, თუ რაზე ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ, რა გვსურს და რას ვაკეთებთ. შედეგად ვიღებთ ქაოსს და ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს. ბევრ ჩვენგანს კონცენტრაცია და  მედიტირებაც კი უჭირს. ავსტრიელი ფილოსოფოსისა და ანტროსოფიის ფუძემდებლის – რუდოლფ შტაინერის ვარჯიშები  ამ ყველაფრის დალაგებაში დაგეხმარებათ. ისინი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთულია. შეგიძლიათ ივარჯიშოთ მარტომ ან ჯგუფურად:
ფიქრების კონტროლი
საკუთარი ფიქრების კონტროლი რომ მოვახერხოთ, რაიმეზე ფოკუსირება უნდა შეგვეძლოს. ამ უნარის გასავითარებლად რამდენიმე ვარჯიში არსებობს. აი, ერთ მათგანი:
აირჩიეთ რაიმე მარტივი საგანი – მაგალითად, ქინძისთავი, ღილი, ჭიკარტი, ფანქარი. შეეცადეთ რომ 5 წუთის განმავლობაში მხოლოდ ამ საგანზე იფიქროთ. აღწერეთ ის, თითქოს ბრმა ადამიანს უხსნიდეთ. შეგიძლიათ იფიქროთ როგორ გამოიგონეს, როგორ აწარმოეს, რით გააკეთეს, როგორ იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველ დღე ახალ ახლა დეტალს აღმოაჩენთ. გაჩენილ შეკითხვებზე პასუხი მოძებნეთ ენციკლოპედიაში ან ინტერნეტში. აკეთეთ ეს ყოველდღე, იქამდე, სანამ არ აღმოაჩენთ, რომ ამ ფანქრის შესახებ ახალი არაფრის გაგება არ შეგიძლიათ და მერე სხვა საგანზე გადადით. ორი ან სამი საგანი თუ გექნებათ ამორჩეული ყოვედღიურ სავარჯიშოდ, შესანიშნავი იქნება. ეცადეთ იყოთ რეალისტური, ლოგიკური და თანმიმდევრული. ამ ვარჯიშის სირთულე სწორედ ის არის, რომ ფიქრები გაგვირბიან, ჩვენ გონებაში ერთი საგნიდან მეორე საგანზე დავხტივართ. მაგალითად, თქვენ ფიქრობთ ფანქარზე და ამ დროს გახსენდებათ რომ ეს ფანქარი ეჭირა თქვენს ბებიას, რომელსაც ჰყავს თუთიყუში და თქვენ უცებ ამ თუთიყუშზე ფიქრს იწყებთ. მეტი ფოკუსი. თქვენ მხოლოდ ფანქარზე უნდა იფიქროთ.
ამას გარდა, ეს ვარჯიში ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა აკეთოთ. შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა თავი დამძიმებული არ გაქვთ და ფხიზლად ხართ. ანუ სადილის შემდეგ კი არა, მაგალითად, საუზმემდე, ან საუზმის შემდეგ. შეიძლება საღამოს 8 საათზეც. ან თავისუფალ დროს, როცა რიგში დგახართ, ტრანსპორტს ელოდებით და ა.შ.
ნების კონტროლი
აირჩიეთ ერთი რომელიმე ქმედება, რომელსაც ყოველ დღე, თქვენ მიერვე შერჩეულ დროს გააკეთებთ. ეს ისეთი რამ უნდა იყოს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ, რაშიც არავინ გიხდით რამე საფასურს და საერთოდ არავითარი კონკრეტული მიზანი არ გამოძრავებთ.  მაგალითად, მოხსენით და ისევ დაამაგრეთ საბურავი ველოსიპედზე, ცხვირსახოცი ამოიღეთ ჯიბიდან და უკან ჩაიდეთ,  თასმები გაიხსენით და ხელახლა შეიკარით. ნებისმიერი რამ გამოდგება, რაზეც თქვენ მიერ შერჩეულ დროს ხელი მიგიწვდებათ. ეს ქმედება თქვენს მოვალეობად უნდა აქციოთ. როცა პროგრესს იგრძნობთ, მერე სხვა ,,ვალდებულებებიც” შეგიძლიათ მოიგონოთ. აუცილებელია, რომ დრო ზუსტად იყოს დაცული. კარგი იქნება თუ კალენდარსაც აწარმოებთ და თქვენს წარმატებებს და წარუმატებლობებს მოინიშნავთ. მთლიანი ციკლი ერთთვიანი მაინც უნდა იყოს. თუკი რომელიმე დღეს საერთოდ  დაგავიწყდებათ, როცა გაგახსენდებათ, მაშინ გააკეთეთ და ხვალისთვის უფრო მეტად მოინდომეთ. შეგიძლიათ ერთი და იგივე რამ აკეთოთ ყოველ დღე, ან ყოველ დილით ახალ ახალი დავალება მოიფიქროთ.
ძირითადად, ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ რამეს, რომ საჭიროა, ანუ ძირითადად სხვა ადამიანებისთვის ვმოქმედებთ და არა საკუთარი ინიციატივით. ხანდახან რაღაცის კეთება გვინდა, მაგრამ ხან რა საქმე გამოგვიჩნდება, ხან რა, ხან ვინ დარეკავს, ხან ვინ გესტუმრებათ და თქვენ იმის კეთებაზე უარს ამბობთ, რის კეთებაც ძალიან გინდოდათ. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ საკუთარ ნებაზე და აკეთოთ რამე, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ გინდათ ასე და არა იმიტომ რომ ეს საჭიროა ვინმესთვის.
ემოციების კონტროლი / უშფოთველობა
მესამე სავარჯიშო სიხარულსა და მწუხარებას, სიამოვნებასა და ტკივილს შორის ბალანსის დაცვაში, სულიერი წონასწორობის აღდგენაში გეხმარებათ. ამისთვის არც რომელიმე კონკრეტული დრო და არც რამე კონკრეტული საგანი არ გჭირდებათ. რაღაც კონკრეტული მოვლენებით მიერ გამოწვეულ ნებისმიერ გრძნობას დააკვირდით. თავიდან შესაძლოა დიდი მრავალფეროვნება არ იყოს, მაგრამ ერთ თვეში ძალიან ბევრი დაგროვდება – თქვენი რეაქციები, პოზიტიური თუ ნეგატიური ემოციები.
გრძნობები ამინდს ჰგავს. ამინდი ხან ცუდია, ხან კარგი, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ნებისმიერი ამინდის მიუხედავად შეგვიძლია შევიქმნათ განწყობილება. ემოციებს ჩვენი აღქმა და ჩვენი დამოკიდებულება ქმნის. აი, მაგალითად, მე ვიღაცას რაღაცას ვეუბნები, ის კი გადის და კარს იჯახუნებს. ჩემი უნებური რეაქცია არის შიში. იმიტომ გაიჯახუნა კარი, რომ მე რაღაც ვთქვი? რამე ეწყინა? ეგებ კარი იმიტომ გაჯახუნდა, რომ ქარი იყო. თუკი ეს ადამიანი შემობრუნდება და მოიბოდიშებს, რომ კარი მისდა უნებურად გაჯახუნდა, მე გავაცნობიერებ, რომ ჩემი რეაქცია რეაქცია (ანუ შიში) არაადეკვატური იყო და ვმშვიდდები. შემდეგ ჯერზე კი კარის მოჯახუნების მიმართ უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება მექნება. ან კიდევ როდესაც ქუჩაში მუჯლუგუნი მხვდება, პირველი ემოცია, რაც ჩნდება, ბრაზია. მოტრიალებისას თუ აღმოვაჩენ, რომ მუჯლუგუნის ავტორი ბრმაა, ეს ჩემს ემოციას მაშინვე შეცვლის. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ხშირად ადამიანები თავიანთი სიბრმავის გამო (შესაძლოა ეს ფიზიკური სიბრმავე არც იყოს)  ვერ ხვდებიან, რომ ზიანს გვაყენებენ და ამის გამო სულიერი წონასწორობის დაკარგვა არ ღირს.
ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, ოღონდაც აქ იგულისხმება არა გამოხატვა, არამედ შინაგანი კონტროლი.  როცა რაღაც ხდება, გაიაზრეთ, რომ თავად ფაქტი არც პოზიტიურია, არც ნეგატიური, ფაქტი ყოველთვის ნეიტრალურია და მისგან კომედიას და ტრაგედიას ჩვენი დამოკიდებულებებით ვქმნით. დაარქვით ნებისმიერ შეგრძნებას რაიმე სახელი  და ზედმეტი ფორიაქის გარეშე უბრალოდ დააკვირდით მათ. უარყოფითი ემოციებისთვის სახელის დარქმევა, როგორც წესი, უფრო ადვილია, მაგრამ პოზიტიურ შეგრძნებებსაც მოუფიქრეთ რამე.
ამას გარდა, ნუ გააიგივებთ თქვენს გრძნობებთან საკუთარ თავს, ნუ იტყვით რომ გაბრაზებული ხართ, რომ აღფრთოვანებული ხართ, უბედური ხართ, რომ გძულთ და ა.შ.  თქვით მე ვგრძნობ ბრაზს, ვგრძნობ აღფრთოვანებას და ა.შ.
თქვენი ემოციები თქვენი გარემოსთან დამოკიდებულებების საზომი ხელსაწყოა. ეცადეთ დაადგინოთ კავშირი თქვენს ფიქრებსა და ემოციებს შორის. რაც უფრო მეტ კავშირს მოძებნით, ემოციებიც სიმძაფრეს დაკარგავენ. კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი მიზანი შეგრძნებების ჩაკვლა კი არა, კონკრეტული ფაქტების მიმართ თქვენი რეაქციების გარდაქმნაა.
თქვენ თქვენი ემოციები კი არ ხართ, თქვენ ემოციები გაქვთ. თქვენ კარგად უნდა გაიცნოთ ისინი და არ მისცეთ საშუალება რომ გმართოთ. თქვენ ფლობთ მათ, ისინი კი არ გფლობენ. განაცალკევეთ თქვენგან, შესწავლის ობიექტად აქციეთ.
ეს ყველაფერი თქვენს გრძნობებს განწმენდს და სულიერი სიმშვიდის მიღწევაში დაგეხმარებათ.
პოზიტიური დამოკიდებულებების შენარჩუნება
ზოგადად, პირველი თვალში ნაკლოვანებები გვეჩხირება ხოლმე. წარმოიდგინეთ თეთრი ზეწარი, უზარმაზარი ლაქით. ჩვენს ყურადღებას სწორედ ის ლაქა მიიპყრობს. ამ სავარჯიშოს მიზანია, ყველაფერში კარგი მხარის დანახვა ვისწავლოთ, ცუდი მხარეების უარყოფის გარეშე. ყველაფერი მშვენიერი კი არ არის, ყველაფერს ორი მხარე აქვს. ეცადეთ ყველაში და  ყველაფერში მოძებნოთ რამე ღირებული და მშვენიერი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საგანს, ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენასა თუ ფაქტს ყურადღებით დააკვირდით და იფიქრეთ, რა აქვს მას კარგი. ყველა ნეგატიური შტრიხის პარალელურად, თითო პოზიტიური შტრიხიც მოძებნეთ.  პოზიტიური მხარის დანახვით, დაფარული სილამაზის აღმომჩენად იქცევით. ეს ვარჯიში წინა სავარჯიშოების გაგრძელებაა  და ფიქრებისა და გრძნობების შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს. ყველაფერში რომ კარგი მხარის დანახვა შესძლოთ, თქვენი ემოციებისა (რეაქციების) და შეხედულებებისთვის  გადაბიჯება მოგიწევთ. მერე ძალიან საინტერესო ეტაპამდე მივდივართ: რას მეუბნება ეს ყველაფერი? რა უნდა ვისწავლო აქედან? რატომ არ მესმის? განხილვა, ანალიზი მხოლოდ დაგეხმარებათ. კრიტიკა საწყის წერტილად გამოიყენეთ.
ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ, ისწავლოთ პოზიტივზე კონცენტრაცია, სიმახინჯე სილამაზის აღქმაში ხელს ვეღარ შეგიშლით და პირიქით, ვერც სილამაზე დაგიბრმავებთ თვალს ისე, რომ ნეგატიური მხარეების დანახვა ვერ შეძლოთ. გაგივითარდებათ ტოლერანტულობის გრძნობაც. აღმოაჩენთ, რომ ამქვეყნად არ არსებობს ფაქტი, მოვლენა, საგანი თუ ადამიანი, რომელშიც რაღაც დადებითის მონახვას ვერ შეძლებთ. მეტი სიცხადისთვის გადახედეთ წარსულს.
ახალი ინფორმაციისთვის გახსნილობა
ყოველთვის იყავით ღია ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად და როგორ კარგადაც არ უნდა გქონდეთ შესწავლილი რამე,  ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ახალი არაფერია სასწავლი. ეს შესაძლოა ძალიან მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ აბა, კარგად დაუკვირდით.
თქვენ შესაძლოა ყოველდღე ერთი და იგივე გზით   მიდიოდეთ სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში. იმდენად კარგად იცოდეთ ეს გზა,  ირგვლივ აღარც იყურებოდეთ, აღარ  აკვირდებოდეთ არაფერს.  თქვენ ხომ ყველაფერი შესწავლილი გაქვთ, არაფერი საინტერესო აქ არ არის.  თუმცა თუკი ერთ დღეს მეტ ყურადღებას მოიკრებთ, აღმოაჩენთ, რომ მზის სხივები მომხიბვლელად ცეკვავენ ფოთლებს შორის, ბალახს მშვენიერი სუნი ასდის, ცაში გადამფრენი ჩიტების გუნდი ულამაზეს პეიზაჟს ხატავს, ან უბრალოდ ღრუბლები სულ სხვანაირ განათებას ქმნიან. ეს ახალი აღმოჩენა ბედნიერების შეგრძნებას გჩუქნით, რომელიც თქვენს სხეულზეც პოვებს გამოძახილს. თქვენ იღიმით, თავისუფლად სუნთქავთ და თავს კარგად გრძნობთ. ფიქრობთ, ნეტავ,  რა ხდება ასეთი განსაკუთრებული და აღმოაჩენთ, რომ ადრე ნაკლებად დაკვირვებული იყავით. ახლა კი როცა სხვა თვალით შეხედეთ, თქვენი გონება და სული სამყაროს მთლიანად გაეხსნა.
ამ სავარჯიშოს მიზანიც გონების და სულის სიახლეებისთვის გახსნის სტიმულაციაა. რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო რთულია ძველი შთაბეჭდილებებისგან გათავისუფლება. ამ საკითხზე უკვე ბევრი იფიქრეთ, იმსჯელეთ, შეხედულებაც ჩამოიყალიბეთ და მორჩა, არაფრის მოსმენა აღარ გინდათ, ვერაფრით გაგაოცებთ. თქვენი შეხედულებები უკვე თქვენი რეაქციების განმსაზღვრელად იქცა. სავარჯიშოს არსი უკვე კარგად შესწავლილი საგნების სხვა თვალით შეხედვაში მდგომარეობს. მოსმენა ისწავლეთ, ახალი მოლოდინებით განიმსჭვალეთ. ისეთ რამეებს აღმოაჩენთ, აქამდე რომ არ შეგინიშნავთ. ეს არ ნიშნავს რომ თქვენი ცოდნა მთლიანად უნდა უარყოთ, პირიქით ეს ცოდნა უნდა გააფართოვოთ,  მასზე უნდა დააშენოთ ახალი. ეცადეთ უკვე კარგად გადაღეჭილ თემებს ბავშვური ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით შეხედოთ. უამრავი შეკითხვა გაგიჩნდებათ. თქვენი დასკვნები გვერდზე გადადეთ და აცადეთ საგნებს, ადამიანებს და მოვლენებს თავიანთ თავზე თავადვე იმეტყველონ.  უარი თქვით ფრაზებზე – ასეთი რამ არასოდეს გამიგია, ასეთი არაფერი მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ღია დატოვეთ ცნობიერება ნებისმიერი ახალი ცოდნის მისაღებად, თუნდაც სრულიად ეწინააღმდეგებოდეს ეს ცოდნა აქამდე მიღებულ მთელს თქვენ ცოდნას და გამოცდილებას.
შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება
წინა ხუთი სავარჯიშო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თქვენი სულიერი განვითარების სამსახურში იდგა: ფიქრებისა და ნების კონტროლი, საკუთარი გრძნობების, სიხარულისა თუ მწუხარების პატივისცემა და უშფოთველობის შენარჩუნება, სამყაროს პოზიტიური აღქმა და ცხოვრებისთვის გონების გახსნა. მეექვსე სავარჯიშო ამ ყველაფრის ერთმანეთთან ჰარმონიულ შეთავსებაში დაგეხმარებათ. თქვენ ახლა ამ ყველაფრის კომბინაციაში კეთება უნდა დაიწყოთ.
როდესაც სრულ კურსს ჩაიტარებთ, მერე შეგიძლიათ ცოტა ხანი შეისვენოთ და ისევ თავიდან დაიწყოთ. ან კიდევ იმ სავარჯიშოებს მიუბრუნდეთ, რომლებიც ცოტა გიჭირდათ. ზოგიერთი ჩვენგანი ხომ ფიქრში უფრო ძლიერია, ზოგს შეგრძნებები უფრო მეტად აქვს განვითარებული, ზოგი კიდევ სულ მოქმედებაშია. ეს ყველაფერი სამყაროსთან ჰარმონიულ თანაარსებობას გასწავლით და საკუთარი თავის მარადიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

წყარო: http://mental.ge/shtaineris/

 

კომენტარები

სხვა სიახლეები