როგორ იპოვეს ლიკა ქავჟარაძის ცხედარი? – ექსკლუზიური დეტალები

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ,,პრაიმტაიმისთვის” დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენ ვესაუბრეთ იმ სალონის მეპატრონეს, სადაც ლიკა ქავჟარაძე ყოველდღიურად დადიოდა. სალონის მეპატრონე მარგალიტა გომელაური ჰყვება, რომ ლიკა ქავჟარაძის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სალონში ორი დღის განმავლობაში არ გამოჩნდა.

მარგალიტა გომელაურის თქმით, ლიკა ქავჟარაძე სალონში ყოველდღიურად დადიოდა და გარდაცვალების წინა დღესაც, ანუ 10 ოქტომბერს თმის დავარცხნაზე იყო ჩაწერილი. მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სალონში ლიკა ქავჟარაძის მეგობარი სოსო ლომთაძე მივიდა და თქვა, რომ ლიკა ქავჟარაძეს ეძებდა.

,,სალონში ბოლოს კვირა დღეს იყო, ორშაბათს და სამშაბათს არ გამოჩენილა. თმის დავარცხნაზე ჩაეწერა. მისი მეგობარი სოსო ლომთაძე მოვიდა, რომელმაც იცოდა, რომ ლიკა ჩვენს სალონში ხშირად დადიოდა, დღეში 2-3-ჯერაც კი. სოსო ლომთაძემ გვითხრა, რომ მას უნდა შეხვედროდა და ვერ უკავშირდებოდა, სახლშის ურეკავდა და არავინ იღებდა ყურმილს. სოსომ გვითხრა, რომ მივიდოდა და ფანჯრებში შეიხედავდა, თუმცა ვურჩიე სამაშველო გამოეძახებინა და ისე შესულიყო ბინაში. ამის შემდეგ 7 საათზე სალონი დავკეტე და დავინახე, რომ მის ბინასთან უკვე მაშვლები იყვნენ მისული და სახლში გადასვლას ცდილობდნენ”, – უყვება ,,პრაიმტაიმს” მარგალიტა გომელაური.

მისთვის უცნობია, მარტო იმყოფებოდა თუ არა ლიკა ქავჟარაძე სახლში.

მარგალიტა გომელაურის თქმით, ლიკა ქავჟარაძე მისი მეგობარი იყო, ლიკას შესახებ ყველაფერი იცოდა და ირწმუნება, რომ მსახიობს დეპრესიული ფონი არ აღენიშნებოდა.

,, ჩვენი მეგობარი იყო, აქ უყვარდა ყავის დალევა. ხშირად ჩამოდიოდა და გველაპარაკებოდა. კვირას მასაჟი გაიკეთა და ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მაკიაჟიც იყიდა. კარგი გეგმები ჰქონდა. ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავით: ვარსკვლავის გახსნაზე, დაბადების დღეზე. დეპრესიული არ იყო. მშიშარა იყო და კარს ყოველთვის კარგად კეტავდა. სიგნალიზაცია ჰქონდა დაყენებული”, – იხსენებს მარგალიტა გომელაური.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დეტალებზე არ საუბრობს და საქმეს 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღის განმავლობაში დაიდება.

წყარო:http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები